გიორგი ზდანოვიჩი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
გიორგი (მაიაშვილი) ზდანოვიჩი (დ. 4 ნოემბერი, 1854 ან 14 იანვარი, 1855, ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია - 31 ივლისი, 1917, იქვე) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. იყო საქართველოში გადასახლებული პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1864-1871 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1871-1873 წლებში — სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. სტუდენტობის დროს იყო რამდენიმე არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის წევრი.
გიორგი ზდანოვიჩი | |
---|---|
![]() | |
ფსევდონიმი/ები | მაიაშვილი, რიჟა; |
დაბადების თარიღი | 4 (16) ნოემბერი, 1854 ან 14 (26) იანვარი, 1855 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 31 ივლისი (13 აგვისტო), 1917 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი[1] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
განათლება | არასრული უმაღლესი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | სოციალისტ-ფედერალისტები |
ძირითადი იდეები | სოციალიზმი, ფედერალიზმი |
საქმიანობა | საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი. |
მამა | ფელიქს ზდანოვიჩი |
დედა | მაია მიქელაძე |
1875 წელს დააპატიმრეს და ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობდა მთელი იმპერიის მასშტაბით ცნობილ ორმოცდაათის პროცესში. სასამართლომ მას შვიდი წლით გადასახლება მიუსაჯა.
1882 წლიდან ზდანოვიჩი თანამშრომლობდა იწყებს ქართულ პრესასთან და გამოაქვეყნა არაერთი საპოლემიკო სტატია. მან პუბლიცისტური საქმიანობა სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა. აღსანიშნავია: „წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“ (1882), „ძველი და ახალი თაობა და მათ გამო ლაპარაკი ჩვენში“ (1899), "სტატია ბელინსკიზე" (1888). "ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო“ (1891). 1882 წელს გაეცნო კარლ მარქსის ნაშრომებს. 1886 წელს რუსულ ენაზე თარგმნა მარქსის „ფილოსოფიის სიღატაკე“., რომელიც არ გამოცემულა. 1890-იან წლებში ეწეოდა მარქსიზმის პროპაგანდას.
1896 წლიდან ზდანოვიჩი ჭიათურის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. 1907 წელს აირჩიეს „სოციალისტ-ფედერალისტთა“ მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ.
ოჯახი
რედაქტირებაგიორგი ზდანოვიჩის დაბადების თარიღად ლიტერატურაში უმათვრესად მითითებულია 1855 წელი. გიორგის დედის სახელზე შედგენილ მოწმობაში გიორგი ზდანოვიჩის დაბადებისა და მონათვლის თარიღებად შესაბამისად ნაჩვენებია 1855 წლის 14 და 29 იანვარი, გიორგი ზდანოვიჩის ნამსახურობის წიგნში კი მითითებულია 1854 წლის 4 ნოემბერი.
პოლონეთის 1830 წლის აჯანყების მონაწილობის გამო გიორგის პაპა თავის ოჯახთან ერთად, რუსეთის მეფის მთავრობას, დასჯის მიზნით საქართველოში გადმოუსახლებია. გიორგის მამაც, სამხედრო ექიმი ფელიქს ზდანოვიჩი, შერისხული იყო ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რის გამოც გაურიცხავთ პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიიდან. გიორგის დედა მარიამ (მაია) მიქელაძე იყო განათლებული და კარგად აღზრდილი ქალი, თავად რევაზ მიქელაძის ძის, მანუჩარის შვილი[2]. გიორგი ლასხიშვილი თავის მოგონებაში წერს: „იმერეთში, რასაკვირველია, დღესაც ბევრს ახსოვს აწ განსვენებული მარიამი ანუ, როგორც ყველანი ეძახდნენ, მაია მიქელაძის ქალი ქორქაშვილისა. იგი თავის დროზე განთქმული იყო სილამაზით, დარბაისლობითა და ჭკუით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული განათლება არ ჰქონდა მიღებული, შედარებით განვითარებული ადამიანი იყო და ესმოდა ახალი დროის მისწრაფება - მოთხოვნანი“. ზდანოვიჩის ლიტერატურული ფსევდონიმი მაიაშვილი სწორედ დედის სახელიდან წარმოდგება.
გიორგის ჰყავდა ერთი და ოლგა (ოლღა) მიქელაძე. გიორგის დის მიერ მამის და მამინაცვლის გვარის მაგივრად დედის გვარის, მიქელაძის აღების მიზეზები უცნობია.
1857 წლის 20 ოქტომბერს, 39 წლის წლის ასაკში, ფელიქს ზდანოვიჩი გარდაიცვალა. გიორგი ჯერ კიდევ პატარა ყოფილა, 4 წლის და უმამულოდ და უსახსროდ დარჩენილი მაია იძულებული გახდა მალევე მეორედ გათხოვილიყო. ის ცოლად გაჰყვა ქუთაისის სასამართლო პალატის პროკურორს, ხანდაზმულ, მაგრამ შეძლებულ ლევან ქორქაშვილს. ლევან ქორქაშვილთან მაიას შეეძინა ოთხი ვაჟიშვილი: ნიკოლოზი, მიხეილი, კონსტანტინე და ვასილი. გიორგი ზდანოვიჩი, დედის ხაზით, ძმებს შორის ყველაზე უფროსი იყო. გიორგი ზდანოვიჩსა და მის ძმებს შორის ყოველთვის კარგი და გულთბილი დამოკიდებულება იყო. დედა არც ერთს არ აკლებდა თავის ყურადღებას, მისთვის ბავშვების სიყვარული და მათ მომავალ ბედზე ზრუნვა ყველაზე მაღლა იდგა. დაწყებითი განათლება გიორგი ზდანოვიჩმა მიიღო ოჯახში დედის ხელმძღვანელობით. მანვე შეასწავლა მას ქართული წერა - კითხვა; უკითხავდა ისტორიულ მითხრობებს, აცნობდა „ვეფხისტყაოსნის“ ზოგადსაკაცობრიო იდეებს, მის ჰუმანიზმს, რაც გიორგის ძალიან მოსწონდა. გიორგი ზდანოვიჩმა ოჯახში შეისწავლა რუსული ენაც.
გიორგი ზდანოვჩი გუბერნიის პროკურორის ლევან ქორქაშვილის ოჯახში ძალიან კარგ პირობებში იზრდებოდა, რადგან მამინაცვალი ფრიად განათლებული და მორწმუნე ადამიანი იყო. იგი ძალიან დიდ მზრუნველობას იჩენდა შვილების მიმართ და გარჯას თუ ფინანსებს არ იშურებდა შვილების განათლებისთვის, გიორგის კი თავის ღვიძლ ოთხ შვილში არ არჩევდა, ზრუნვასა და ამაგს არ აკლებდა მას. ქორქაშვილების ოჯახი ასევე ეწეოდა ქველმოქმედებას და აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ქუთაისის აღმშენებლობით საკითხებში. საფიჩხიაზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მშენებლობის დოკუმენტში[3], ტაძრის აშენების ორგანიზატორად მითითებულია ლევან ქორქაშვილი და ასევე 400 მანეთის შემომწირველებად მოხსენიებულია მემკვიდრეებიც.
ლევან ქორქაშვილი მტრულად იყო განწყობილი იმპერიული რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიმართ და რაც გიორგი ზდანოვიჩის რადიკალურად აღზრდას უწყობდა ხელს. ქორქაშვილების ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც კამათობდნენ როგორც მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე - ისტორიულ თემებზედაც. ამ საუბრებს პატარა გიორგი მთელი გულისყურით ისმენდა და იგებდა თავისი ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობას, მათს თავზე დატეხილ ისტორიულ უსამართლობას. ასეთი შეხვედრები და საუბრები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა პატარა ზდანოვიჩზე და ბავშვობიდანვე განაწყობდა მას არსებული წყობისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების სულისკვეთებით.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1860 წელს გიორგი შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში, 1864 წელს იგი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში ჩარიცხეს. გიმნაზიაში გიორგი ბეჯითად სწავლობდა, გიმნაზიის საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილე იყო, გამოირჩეოდა ორატორული და ორგანიზატორული ნიჭით, კითხულობდა უმთავრესად ისტორიულ და სოციალურ - ეკონომიკური ხასიათის ლიტერატურას, ჩართული იყო მოსწავლეთა ხალხოსნურ წრეებში. 1871 წელს ფრიადზე დაასრულა გიმნაზიის სრული კურსი. 17 წლის გიორგი ზდანოვიჩი გატაცებული იყო უმაღლესი განათლების მიღების სურვილით, რომ უკეთ გამოსდგომოდა თავის ხალხს და ემსახურა ქვეყნის ინტერესებისათვის. ბევრი ფიქრისა და კამათის შემდეგ ოჯახში გადაწყდა, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად გაეგზავნათ იგი რუსეთში. დედა დაჟინებით ურჩევდა, რომ გაჰყოლოდა მამის კვალს და შესულიყო პეტერბურგის სამხედრო - სამედიცინო აკადემიაში, თუმცა გიორგი ზდანოვიჩს უფრო ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერებების სწავლა იზიდავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ იგი უმაღლესი განათლების მისაღებად მაშინდელი რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ცენტრში - პეტერბურგში გაემგზავრება[4]. 1871 წელს სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა, როგორც მუდმივი მსმენელი. იგი ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან თავისი სურვილით გამოვიდა 1873 წელს.
რევოლუციური საქმიანობა და დაპატიმრება
რედაქტირება1874 წელს გადავიდა მოსკოვში, იქ იყო „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის“ ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელი პ. ალექსეევთან, ს. ბარდინასთან, ი. ჯაბადართან და სხვებთან ერთად. ის საკმაოდ აქტიურად ეწეოდა აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას და პოლიტიკური მეტსახელი „რიჟაც“ ჰქონდა, ამ სახელს ზოგჯერ თვითონაც ხმარობდა. ასე, მაგალითად, ივანე ჯაბადარმა პარიზში ჩვენი ყოფნისას ზდანოვიჩის წერილი მიიღო, სადაც გვარის ნაცვლად „გიორგი რიჟა“ იყო ხელმოწერილი[5]. როდესაც იგი პეტერბურგში სწავლობდა და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა, შეჰყვარებია ერთი რევოლუციონერი ქალიშვილი. გიორგის გრძნობები მის მიმართ სერიოზული ყოფილა და მის ცოლად შერთვას აპირებდა. სამწუხაროდ, ამ ქორწინებას გიორგის დაპატიმრებამ შეუშალა ხელი. შემდეგ ის ქალიშვილი სხვას გაჰყოლია ცოლად. ამას გიორგი ზდანოვიჩზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია. მეგობრები გიორგი ზდანოვიჩის უცოლობას ამ ფაქტით ხსნიდნენ. [6]
1875 წელს მეფის ოხრანკამ „მოსკოველთა წრის“ ხელმძღვანელები დააპატიმრა. ზდანოვიჩი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას[5], თუმცა იმავე წლის სექტემბერში მოსკოვში კიშინიოვიდან არალეგალური ლიტერატურის გადაზიდვისას მაინც დააპატიმრეს. 1877 წელს გაიმართა ორმოცდაათის პროცესი. ეს იყო პირველი სასამართლო პროცესი, სადაც მუშათა რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლების საკითხს განიხილავდნენ. პროცესის მონაწილე ორმოცდახუთი ბრალდებული გადაჭრით უარყოფდა წარდგენილ ბრალდებას. პროცესზე მოხსენება სამმა ბრალდებულმა გააკეთა, მათ შორის გიორგი ზდანოვიჩმა. მათ სასამართლო პროცესი გამოიყენეს ტრიბუნად თავიანთი იდეების პროპაგანდისათვის[4].ისინი კონკრეტული ფაქტებით ააშკარავებდნენ მეფის ხელისუფლების დესპოტიზმს, მათ მიერ ქვეყნის მართვის უუნარობას, გამოთქვამდნენ ღრმა რწმენას სოციალური რევოლუციის გარდაუვალობის შესახებ. ზდანოვიჩმა საერთოდ უარი განაცხადა დამცველის ყოლაზე. იგი სხდომაზე დემოკრატიული და სოციალისტური რეფორმების განხორციელების მოთხოვნით გამოვიდა.
ქართველი სტუდენტებიდან გასამართლდნენ გიორგი ზდანოვიჩი, 22 წლის (მეტსახელად „რიჟა“), ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი, 22 წლის (მეტსახელად „მიხეილი“), ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი, 25 წლის (მეტსახელად „სანჩო“);, ანთიმოზ ევდოვის ძე გამყრელიძე , 23 წლის (მეტსახელსდ „გამკა“), მიხეილ ნიკოლოზის ძე ჭიკოიძე, 24 წლის (მეტსახელად „თედორე“). ეს სტუდენტები რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად იყვნენ წასულნი და სწავლობდნენ სხვადასხვა პროფილით. ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ არსებული წყობილების დამხობის მცდელობა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ. 3-დან 10 წლამდე კატორღა მიესაჯა 10, ციმბირში გადასახლება 26, ციხე და იძულებითი მუშაობა 10, ფსიქიატრიული მკურნალობა 1 კაცს. კონკრეტულად გიორგი მაიაშვილს მიესაჯა კატორღა ვადით 6 წელი და 8 თვე[5].
ზდანოვიჩი სასჯელს იხდიდა, ხარკოვისა და ნოვო-ბელგოროდის ციხეში, მცენსკის სატრანზიტო ციხეში და კარიის სასჯელაღსრულების განყოფილებაში.
გათავისუფლება და ბრძოლა უფლებებისთვის
რედაქტირება1878 წელს მაია მიქელაძეს დიდი ძალისხმევის შედეგად დართეს ნება თვეში ერთხელ შვილის ნახვისა. ნებართვის მიღებისთანავე მაია გაეშურა შვილის სანახავად ხარკოვში. დედას შემაძრწუნებელი სურათი დახვდა. ქუთაისში დაბრუნებისთანავე, 1878 წელს 30 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, მინისტრის კანცელარიიდან ეს თხოვნა III განყოფილებაში მოხვდა, აქ ჟანდარმთა შეფისათვის წარსადგენად შეადგინეს ცნობა, სადაც ეწერა: გიორგი ზდანოვიჩის დედა არაერთგზის მიმართავდა მოწყალების თხოვნით, რათა შეემსუბუქებინათ სასჯელი მისი შვილისათვის, მაგრამ შედეგი არ იყო[5]. ამ დროისათვის უაღრესად მოხუცებული გიორგის დედა მაია მიქელაძე კვლავ ძველი ენერგიით იბრძოდა შვილის განთავისუფლებისათვის, 1888 წლის ზაფხულში მას უსარგებლია იმპერატორ ალექსანდრე III - ისა და მეფის ოჯახის საქართველოში ჩამოსვლით, პირადად გადაუცია მეფისათვის შვილის დაბრუნებაზე თხოვნა.[7]
1889 წელს ზდანოვიჩს აღუდგინეს სამოქალაქო უფლებები, მას საქართველოში დაბრუნების უფლება მიეცა და მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დასახლდა. ქართველი მწერალი შალვა დადიანის მოგონებებიდან ვიგებთ რომ კატორღიდან ახლად დაბრუნებულ გიორგის ქუთაისის ინტელიგენციამ სადილი გაუმართა. ეს სადილი შედგა რიონის გადაღმა მხარეს, ცნობილი ქუთათური მოღვაწის კოტე ბაქრაძის სახლში და ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილა.[8]
დაბრუნების შედმეგ გიორგი ცხოვრობდა, ყოფილი ქართული გიმნაზიის (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა) გვერდით, გეგუთის ქუჩაზე, ამჟამად (ასათიანის ქუჩა) თავის მოხუც დედასთან ერთად. თავიდან ცოტა ხანი მუშაობდა ქუთაისის სამიწათმოქმედო ბანკშიც. გიორგი ზდანოვიჩს (მაიაშვილს) მძიმე პერიოდი დაუდგა. მართალია, ისარ კარგავდა იმედს და თხოვნას თხოვნაზე აგზავნიდა, გარდა იმისა, რომ ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდა და არც ერთი მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი უდიდესი ტკივილის მატარებელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. გაუარესდა მისთვის უსაყვარლესი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დედა-შვილს ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ, მაია მიქელაძე მალევე 1891 წელს გარდაიცვალა. გიორგი ზდანოვიჩი აგრძელებდა ბრძოლას და 1892 წელს 15 ივლისს მან მიაღწია იმდენს, რომ მოეხსნა პოლიციის აშკარა მეთვალყურეობა, მაგრამ სასამართლოს მიერ წართმეული უფლებები არ აღუდგინეს და ამასთან, პოლიციის ფარულ მეთვალყურეობას დაუქვემდებარეს[5]. დიდხანს იბრძოდა გიორგი ზდანოვიჩი თავისი უუფლებობისათვის, ის ხედავდა, თუ რამდენად დიდი იყო მისი საჭიროება საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. მან 1896 წელს თხოვნით მიმართა იმპერატორ ნიკოლოზ II - ს და ითხოვა სასამართლოს მიერ წართმეული უფლებების აღდგენა.[4]
პუბლიცისტური საქმიანობა
რედაქტირებაპატიმრობაშივე დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა, ჯერ პატიმართა ხელნაწერ ჟურნალში აქვეყნებდა წერილებს, 1882 წელს კი ჟურნალ ივერიაში გამოქვეყნდა ვრცელი „წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, რომელიც ჟურნალის ისტორიაში პირველად სვამდა საკითხს ეკონომიკური ცხოვრების აქტიურად განხილვა-გაშუქების აუცილებლობის შესახებ და აკრიტიკებდა თავად გაზეთის რედაქციასაც.[6]
1883 წელს იგი გაათავისუფლეს და დროებით დასახლდა ვერხოლენსკში, ირკუტსკის პროვინციაში, ცოტა მოგვიანებით სემიპალატინსკში. 1886 წლიდან ცხოვრობდა ტომსკში, თანამშრომლობდა „სიბირსკაია გაზეტასთან“ ფსევდონიმით მაიაშვილი.
ასევე საინტერესო და ანგარიშგასაწევია გიორგი ზდანოვიჩის ის სოციალურ - პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც მან „ნოვოე ობოზრენიეს“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ თავის პირველ სტატიაში „მილიტარიზმი და კაპიტალიზმი“ გამოთქვა.[9]
1890 წელს გიორგი ზდანოვიჩმა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა სტატია - „კარლ ვებერი და სასოფლი - სამეურნეო სკოლები კავკასიაში“ (გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, 1890 წ, # 2168). ამ სტატიის დაწერის საბაბი გამხდარა ინჟინერ - ტექნოლოგ კარლ ვებერის მიერ სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოების 1889 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე წაკითხული მოხსენება. მის ნაშრომებში იყო მოცემული მცდარი აზრი კავკასიელი ხალხის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ. იგი ამბობს, რომ თითქოსდა სამხრეთელებს უმაღლესი განათლების მიღების უნარი არ შესწევთ. გიორგი ზდანოვიჩი ააღელვა კარლ ვებერის ამგვარმა თავხედურმა გამოხტომამ, მისმა აბდაუბდა და ბოროტმა აზრებმა, რის გამოც გიორგი მას ირონულ ტონში მოიხსენიებს[6].
1890 წელს გიორგი ზდანოვიჩს „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქციამ დაუთმო თავისი გაზეთის ფრიად საინტერესო რუბრიკა - „ვ მირე ჟურნალოვ - ში“. ასეთი საერთო სათაურით გამოაქვეყნა ჯერ ხუთი სტატია, ხოლო შემდეგ იმავე ხასიათის წერილების გამოქვეყნება გააგრძელა რუბრიკით - „ჟურნალნიე ზამეტკი“, რომლის ბეჭდვას 1891 წელსაც აგრძელებდა და კიდევ ოთხი სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნული რუბრიკები იყო გაგრძელება „სიბირსკაია გაზეტაში“ დაბეჭდილი სტატიების „იზ ობლასტი ჟურნალისტიკი“. ის აღნიშნული სტატიების მრავალფეროვანი სათაურებით ოსტატურად ემალებოდა ცენზურას. გიორგი ზდანოვიჩი თავის წერილებში მოკლედ და გასაგებად გადმოსცემს იმ საკითხებზე, რომლებსაც იგი მსჯელობის საგნად ირჩევს ხოლმე სხვადასხვა ჟურნალების მიმოხილვისას. იგი ოსტატურად პოულობს საბაბს, რათა მკითხველს მიაწოდოს თავისი აზრი ამა თუ იმ საინტერესო კითხვაზე. იგი პუბლიცისტურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას ქართულ და რუსულ ენებზე ეწეოდა და აქტიურად თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაშიც“ და ნიკო ნიკოლაძის „ნოვოე ობოზრენიეშიც“. ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე დაწერილი სტატიების გარდა გამოქვეყნებული აქვს საყურადღებო ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გიორგი ნათიძის (მელანიას) შემოქმედებაზე.
1891 წელს გაზეთ „ივერიაში“ (## 95-142) დაიბეჭდა გიორგი მაიაშვილის ვრცელი ნაშრომი „ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო“. ზდანოვოჩი იყო ერთ ერთი პირველი ფემინისტი და პირველი პოლიტიკოსი კაცი საქართველოში, რომელიც ქალთა უფლებებზე და მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე წერდა.
1901 წელს გიორგი ზდანოვიჩი და არჩილ ჯორჯაძე აყალიბებს ე. წ. „ცნობის ფურცლის“ ჯგუფს, რომელშიც ერთიანდება ყოფილი „ახალგაზრდა ივერიელები“ და „მოამბისტები“. ეს ჯგუფი იმ ადამიანებს აერთიანებდა, რომლებიც თერგდალეულთა თაობისაგან განსხვავებით ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ავტონომიის აღდგენისათვის საჭიროა არა მხოლოდ პუბლიცისტური საქმიანობა და ამ საშუალებით ბრძოლა იმპერიასთან, არამედ მძლავრი პოლიტიკური ინსტიტუტის - პარტიის შექმნაც. არჩილ ჯორჯაძე და გიორგი ზდანოვიჩი ამის გამო ღიად აკრიტიკებდნენ თერგდალეულებს.
მანგანუმის მრეწველთა ყრილობა და საბჭოს თავმჯდომარეობა
რედაქტირება1896 წლის 15 აპრილს ქალაქ ქუთაისში შედგა „შორაპნის მაზრის მარგანეცის მრეწველთა პირველი (დამფუძნებელი) ყრილობა“ რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მრეწველთა წარმომადგენლობითი ორგანოს დაარსებას. ყრილობის დებულების პროექტი შეადგინა გიორგი ზდანოვიჩმა, რომელიც შემდეგმა ყრილობამ, ზოგიერთი ცვლილებით, ერთხმად მიიღო. დებულება დეტალურად განსაზღვრავდა ამ ორგანოს შექმნის მიზნებსა და ამოცანებს, მისი წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, გამგებლობის საგნებს და ა. შ. ყრილობა იკრიბებოდა წელიწადში ერთხელ. მის მუდმივმოქმედ აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა ყრილობის საბჭო, რომელიც ირჩეოდა ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით. ასეთი ორგანოს შექმნა მიზნად ისახავდა მარგანეცის მრეწველობაში ჩაბმული ბურჟუაზიის გაერთიანებას, მანგანუმის მოპოვებასა და წარმოებაში მაღალი მაჩვენებლის მიღწევას, ამ სფეროს საშუალებით საქართველოს განათლებისა და კულტურის, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგანეცის მრეწველობის გაფართოებას, უცხოური კაპიტალის მონოპოლიური მდგომარეობის მოშლას, მოპოვებული მადნის ექსპორტს, სამრეწველო რაიონის კეთილმოწყობას, მშრომელთა რთული მდგომარეობის, შეძლებისდაგვარად შემსუბუქებას და ა. შ.[9] ყრილობის დაფუძვნების შემდეგ მისი მუდმივმოქმედი აღმასრულებელი ორგანოს - საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა გიორგი ზდანოვიჩი, რომელიც 1896 - 1917 წლებში უცვლელად ირჩეოდა ამ თანამდებობაზე. მისი მოადგილე იყო ცნობილი მოღვაწე და გამოჩენილი ლიტერატორი კიტა აბაშიძე. საზოგადოება ცალსახად დადებითად შეხვდა ამ ინიციატივას.[7]
ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გიორგი წერეთელი გაზეთ „კვალის“ 1896 წლის № 12 ში მკითხველებს აუწყებდა.[9] :
„გიორგი ზდანოვიჩს აღუძრავს კითხვა სამთო სკოლის დაარსებაზე ქუთაისის გუბერნიაში. მოსაწონი აზრია.“
|
1902 წელს მანგანუმის წარმოების იქაური მეთოდების შესასწავლად, მისი პირადი დავალებით აგზავნის გიორგი დეკანოზიშვილს ბრაზილიასა და კუბაში, რომელმაც დაბრუნების შემდეგ, 1905 წელს ქუთაისში გამოსცა მონოგრაფია აღნიშნულ ქვეყნებში მანგანუმის მრეწველობის შესახებ (ქართულ და რუსულ ენებზე), რაც მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა საქართველოში ამ დარგის განვითარებისთვის. 1896 წლიდან საბჭო ქუთაისში ფუნქციონირებდა და მხოლოდ 1907 წელს გადავიდა ჭიათურაში, მიუხედავად ამისა გიორგი ზდანოვიჩი ძირითადად მაინც ქუთაისში ცხოვრობდა და ადგილზე საქმიანობებს მისი მოადგილე, კიტა აბაშიძე განაგებდა.
შემდგომ წლებში მუშათა შრომისა და ყოფაცხოვრებითი პრობლემების გადასაჭრელად გიორგი ზდანოვიჩის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მრეწველთა ყრილობისა და მისი საბჭოს მიერ საგრძნობი მუშაობა ჩატარდა. იგი ყოველნაირად ცდილობდა გამოენახა სახსრები მუშათა სამედიცინო მომსახურებისათვის, სანიტარული დაწესებულებების მნიშვნელობისათვის, მუშათა დაზღვევის მოსაწესრიგებლად. როგორც აღვნიშნეთ, ჭიათურაში მშრომელთა შრომისა და ყოფაცხოვრებითი პირობები თავიდანვე აუტანელი იყო. გადაწყდა, ხელფასი დაერიგებინათ შაბათობით, ხოლო კვირა დასვენების დღედ ცხადდებოდა (აქამდე მუშებს ხელფასს კვირა დღეს აძლევდნენ - ხოლმე, რითაც მათი დასვენების დღე საგრძნობლად იზღუდებოდა). ჭიათურაში აიგო შესანიშნავი აბანო, სამრეცხაო მექანიკური საშრობით. გადაწყდა, დაწესებულიყო მაღაროებში იაფფასიანი სასადილოები. შემოიღეს მუშათა დაზღვევა. მართალია, იგი იმ მუშებს შეეხებოდა რომლებიც უშუალოდ მაღაროებში მუშაობდნენ, ეგრეთ წოდებული სამთო მუშები, მაგრამ ეს მაინც საგრძნობი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სამთო მუშათა დაზღვევის ფონდი იქმნებოდა ნახევარკაპიკიანი საფუთო გამოსაღებისაგან. იზრდებოდა მეწარმის პასუხისმგებლობა და უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ მუშაზე გასაცემი თანხის რაოდენობა. არსებული წესის თანახმად, უბედური შემთხვევისას მუშას გასამრჯელო ეძლეოდა, თუ ის სამ დღეზე მეტი ხნით დაკარგავდა შრომის უნარს.[9] . მეწარმე მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებდა, რომ უბედური შემთხვევა განზრახ ან მუშის უხეში დაუდევრობით მოხდა.
ზდანოვიჩის წვლილი ჭიათურის განვითარებაში
რედაქტირებამარგანეცის მოპოვების საქმიანობის დროს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობებში მისი მოადგილის და მარჯვენა ხელის პოზიცია ეკავა ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოს, პუბლიცისტ, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეს კიტა აბაშიძეს. მათი ძალისხმევით 1897 წელს ჭიათურაში გაიხსნა საავადმყოფოს ტიპის საექიმო პუნქტი ექვსი საწოლით და პატარა აფთიაქით. მაშინ მას მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურებოდა. შემდეგში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, აიგო ახალი საავადმყოფო 80 - 100 საწოლით. მას 26 თანამშრომელი ემსახურებოდა, მათ შორის, ორი ექიმი და ხუთი ფერშალი. ავადმყოფებს ისეთი კვება ჰქონდათ, როგორც იმდროინდელ საქართველოში არც ერთ საავადმყოფოში არ ყოფილა. ჩამოყალიბდა სამედიცინო - სანიტარული და სანიტარულ - ვეტერინარული განყოფილებები და სხვა. სამრეწველო რაიონის ზოგიერთ სოფელში დაარსდა საექიმო პუნქტები. მათ ევალებოდათ მაღალმთიან ადგილებსა და მაღაროებში პირველადი საექიმო დახმარების აღმოჩენა. სოფლის ადგილებში, სადაც უწყლობას განიცდიდნენ, გაიყვანეს წყალსადენები. მაღაროების წყაროს წყლით მოსამარაგებლად, სადაც ეს საჭირო იყო ტარდებოდა ღონისძიებები.. იმ პერიოდში არ ყოფილა ჭიათურაში არცერთი ღონისძიება რომელშიც იგი არ იღებდა მონაწილეობას, აკეთებდა ქუჩებს, გზებს, ხიდებს, მუშათა თეატრებს, სასადილოს, ბიბლიოთეკებს, აბანოს, წყალსადენებს, საკანალიზაციო სისტემებს და სხვა. გაყვანილი იქნა სატელეფონო ხაზები; მისი ინიციატივით შეიქმნა მუდმივი საკონტროლო კომისია, რომელიც მრეწველებსა და უცხოეთის ფირმის წარმომადგენლებს საგრძნობლად უზღუდავდა მუშაობის წონაში მოტყუების შესაძლებლობა.[7]
1905 წელს ჭიათურაში, ხოლო 1906 წელს ჭიქოურში გაიხსნა იაფფასიანი სასადილოები მუშებისათვის. გაიხსნა სახალხო სკოლები სოფელ მღვიმეში, ზედა - არგანასა და შუქრუთში. ჭიათურაში გაიხსნა ორწლიანი სამთო სასწავლებელი. დიდი ყურადღება ექცეოდა ჭიათურის სასულიერო სამრევლო სკოლას. მის შესანახავად ყოველწლიურად საბჭო 600 მანეთს ხარჯავდა. 1897 წლიდან ჭიათურასა და ქუთაისში (ყრილობის საბჭოს შენობაში) გაიხსნა საერთო სარგებლობის სამკითხველო. საბჭო დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებას. აშენდა საკვირაო სკოლა, სახალხო სამკითხველო და სახალხო თეატრი. მალე გაფართოვდა ჭიათურის დაწყებითი სასწავლებელი და სამკითხველო. ახალი სამკითხველო დაარსდა, აგრეთვე, სოფელ ჭიქოურში.[6] 1904 წელს შეიქმნა ორგანიზაცია „ჭიათურის საზოგადოებრივი კრება“, რომელიც მიზნად ისახავდა მუსიკისა და დრამატული ხელოვნების მოყვარულთა გაერთიანებას. აგებული იქნა მცირე ელექტრო სადგური და 1907 წლიდან ჭიათურის მოსახლეობა ელექტრო განათებით სარგებლობდა; 1911 - 1914 წლებში ჭიათურაში არსებობდა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელი, ჭიათურის ვაჟთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, ჭიათურის დაწყებითი სასწავლებელი, ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, ჭიათურის ქალთა დაბალი დაწყებითი სასწავლებელი, ჭიათურის სამთო - ტექნიკური განყოფილება და სხვა. ფრაგმენტი გიორგი ზდანოვიჩზე დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან: [10]
ჭიათურაში თავისუფლების ქუჩის პირველ შესახვევში დღესაც დგას სახლი სადაც გიორგი ზდანოვიჩი ცხოვრობდა. 2019 წელს სახლზე განთავსდა მემორიალური დაფა შესაბამისი ინფორმაციით[11].
ზდანოვიჩის მკვლელობის მცდელობა
რედაქტირება1905 წელს ქუთაისის თეატრის ძველ შენობაში ლადო ალექსი-მესხიშვილის თაოსნობით დიდი შეხვედრა ჩატარდა, სადაც საზოგადოება ქალაქებისთვის დამატებითი თვითმმართველობის ფუნქციების მინიჭების მოითხოვდა. სიტყვა გიორგი ჟდანოვიჩმაც ითხოვა, დინჯად გავიდა კათედრასთან - წარმოსადეგი, შავ სერთუკში, ოქროს სათვალით და ისე დამაჯერებლად დაიწყო სიტყვის წარმოთქმა, რომ დარბაზი გაირინდა. იდგა და არჩევდა - „იმ მიზნით, რომ ხალხის ფართო მასებმა მიიღონ მონაწილეობა მართვა - გამგეობაში, მოითხოვს - შემოღებულ იქნას წვრილი საერობო ერთეულები - სათემო ერთობა, ამას ის დადებითი მხარეები აქვს, რომ...“ ამ დროს მეფისნაცვლის მომხრეები აჩოჩქოლდნენ, ჟდანოვიჩმა ამას ყურადღება არ მიაქცია და დინჯადვე განაგრძო, მაგრამ დარბაზში უცებ გასროლის ხმა გაისმა. ტყვია ჟდანოვიჩს ასცდა, მაგრამ ისე ახლოს ჩაუარა, რომ მისი სერთუკის კალთა გახვრიტა. სიტუაცია აირ-დაირია, ზოგმა გაქცევა დააპირა, პოლიციამ ხმა არ ამოიღო - სავარაუდოდ წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა[4]. ჟდანოვიჩი ტრიბუნასთან იდგა და მშვიდად ელოდა ხალხის დაწყნარებას „ - მე აქ ვიღაც ხულიგანმა რევოლვერი მესროლა, - თქვა ბოლოს - ტყვიამ სერთუკში გამიარა. ალბათ ეგონა, რომ ეს შემაშინებდა და სიტყვას შევწყვეტდი. ის უბადრუკი შეცდა. მე ტყვია მკერდშიც რომ მომხვედროდა, თუ ლაპარაკის უნარი მექნებოდა, სანამ ჩემს სათქმელს არ დავამთავრებდი, ამ ტრიბუნიდან არ ჩამოვიდოდი“ თქვა გიორგიმ და სათემო ერთობების აუცილებლობის შესახებ დაწყებული სიტყვა ბოლომდე დაამთავრა, რითაც დარბაზის მხურვალე ტაშიც დაიმსახურა.[6]
ავადმყოფობა და გარდაცვალება
რედაქტირებაგიორგი 1916 წელს მძიმედ გახდა ავად, ლოგინად ჩავარდა და რადგან ოჯახი არ ჰყავდა მისი მოვლა-პატრონობა კიტა აბაშიძემ აიღო თავის თავზე. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად ზდანოვჩი, 1917 წლის 30 ივლისს გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალეს 1917 წლის 9 აგვისტოს აქრიელის გორაზე ბაგრატის ტაძრის გალავანში, ხოლო 1956 წელს საზოგადოებამ განსაკუთრებული პატივი მიაგო მას და გადასვენებულ იქნა მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სახელის და გვარის შესახებ წარწერა სიმბოლურად ნახევრად გათლილ „უხეშ“ ქვაზეა გაკეთებული, ხოლო დაბადების წლად 1955 წელია დაწერილი.
საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, მისივე ანდერძით[12], გადაეცა წერა - კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სახლი მდებარეობდა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ეკვროდა ვაჟთა გიმნაზიის (იგივე სათავადაზნაურო გიმნაზია) ეზოს. თუმცა, მამული, ანდერძის მიუხედავად, გაიყიდა კერძო პირზე. რადგან 1917 წლიდან თავადაზნაურთა მთელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა და გიმნაზიის დირექტორმა, ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწე - სილოვან ხუნდაძემ მამულის დაბრუნება სთხოვა დემოკრატიული საქართველოს მთავრობას. ის მართლაც გადასცეს გიმნაზიას და ამჟამად გიორგი ზდანოვიჩის ეზო და სახლი ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის კუთვნილებაა.
საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირებაგიორგი ზდანოვიჩის ინიციატივით მწერალთა საბჭო დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა და სტუდენტთა სტიპენდიებით უზრუნველყოფის საკითხს.
1900 წელს მწერალთა მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით სამთო სკოლებში დაწესდა სტიპენდია წელიწადში 300 - 500 მანეთის ოდენობით, უმაღლესი სამთო სასწავლებლის სტუდენტთათვის სტიპენდიის რაოდენობა განისაზღვრა წლიურად 600 მანეთის ოდენობით. 1905 - 1906 წლებში საბჭო სტიპენდიების ხაზით იხდიდა 30000 მანეთს წლიურად, სტიპენდიატთა რიცხვი 165 - 185 კაცს აღწევდა. სტიპენდიები მოსწავლეებს ენიშნებოდათ მათი ნიჭისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით. დაბალი ტიპის სასწავლებლებში სტიპენდიატთა რიცხვი შეადგენდა 78 - ს, საშუალო ტიპის სასწავლებლებში - 65 - ს, ხოლო უმაღლესში - 28 - ს. საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. რომ არ ეს სტიპენდია, ბევრი გამოჩენილი ქართველი ვერ შეძლებდა დაემთავრებინა საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტები. ბევრი მათგანი შემდგომში მეცნიერების, ხელოვნებისა და მრეწველობის გამოჩენილი მუშაკი გახდა.[6] მათ შორის აღსანიშნავია პროფესორი იოსებ ყიფშიძე, ნიკოლაიშვილი, ინჟინრები - ხუნდაძე, წულიკიძე, ჩხეიძე, კომპოზიტორი ფოცხვერაშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, არისტო ჭუმბაძე და სხვა მრავალი. პირად არქივში ასევე დაცული უამრავი წერილი რომელიც აღწერს საქველმოქმედო საქმიანობებს, იქნება ეს სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ავადმყოფების მკურნალობის ხარჯების გაღება, ადამიანებისთვის სამსახურის პოვნაში დახმარება თუ უბრალოდ გაჭირვების ჟამს ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა. ერთ-ერთი შედარებით ცნობილი წერილია ივანე ჯავახიშვილის წერილი სადაც პეტერბურგის ქართული სათვისტომოს სახელით სთხოვს გიორგი ზდანოვიჩის ახალგაზრდა და ნიჭიერ სტუდენტ დავით კაკაბაძეს დაუფინანსოს საზღვარგარეთ სწავლა. წერილის ბოლოს ივანე ჯავახიშვილი პირად მინაწერსაც[12] ურთავს თან. გიორგი ზდანოვიჩის პირად არქივში ასევე დაცულია კიტა აბაშიძის 100-ზე მეტი წერილი, რომელთა დიდი ნაწილი ჭიათურასა და მარგანეცის მოპოვების საკითხებს ეხება, თუმცა არის ძალიან საინტერესო წერილები საზოგადოებისთვის იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე, ასევე აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა ადამიანებთან მათი ურთიერთობის შესახებ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
რედაქტირებაწლების განმავლობაში გიორგი ზდანოვიჩი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა, როგორც ქართველთა შორის წერა - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. ამ პოზიციაზე იგი 1909 წელს აირჩიეს და ორგანიზაციას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. გიორგის ინიციატივით, ქუთაისის ბანკიდან საზოგადოებისთვის გამოყოფილი თანხიდან, 8 ათასი მანეთი გადანახულ იქნა ქუთაისში ქართული სათავადაზნაურო სკოლის მოსაწყობად. ამ საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქუთაისს ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქალაქის საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეში[4]. დაწესებულება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, თუმცა ყოველთვის არ ჰქონდა ამ საქმიანობისთვის საკმარისი ფინანსები, რის გამოც გიორგი ზდანოვიჩი ხშირად საკუთარი ჯიბიდან ან მარგანეცის მრეწველთა საბჭოს ბიუჯეტიდან აფინანსებდა მსგავს საქველმოქმედო აქტივობებს. 1886-1919 წლებში ამავე საზოგადოების წევრი იყო მისი და - ოლღა მიქელაძეც.გიორგის ბევრს შრომობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში და ისე ძალიან უყვარდა ეს ორგანიზაცია, რომ ანდერძით საკუთარი სახლი და ფინანსური რესურსები სწორედ მათ დაუტოვა.
სოციალისტ-ფედერალისტების პარტია
რედაქტირება1895 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო „ახალგაზრდა ივერიელების“ გარდაქმნა ცალკე ეროვნულ-რადიკალური ჯგუფად. 1901 ყოფილმა „ახალგაზრდა ივერიელებმა“ შექმნეს პარტიის საინიციატივო ჯგუფი - მთავარი კომიტეტი, რომელმაც 1903 პარიზში გამოსცა გაზეთი „საქართველო“. 1904 საბოლოოდ გაფორმდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (ჟენევის კონფერენციაზე). პარტიამ წამოაყენა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით. პარტიის დამაარსებლები და ლიდერები იყვნენ: გ. ლასხიშვილი, გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი, ა. ჯორჯაძე, გ. დეკანოზიშვილი, კ. აბაშიძე, ს. ფირცხალავა, გრ. რცხილაძე და სხვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია (საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია). პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. ეროვნულთან ერთად პარტია იყო სოციალისტური ხასიათის და იდგა დემოკრატიული სოციალიზმის პოზიციაზე. გიორგი ზდანოვიჩი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მოღვაწეობაში და იყო მისი მემარცხენე-ხალხოსნური მიმართულების ლიდერი.
1907 წელს, მეორე და მესამე კონფერენციებზე პარტიის რეორგანიზაციის შემდეგ, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: გ. ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), გრ. რცხილაძე (თავმჯდომარის მოადგილე), ს. ფირცხალავა (თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ლორთქიფანიძე, ა. მდივანი, ა. ჯაბადარი, გ. ლასხიშვილი, კ. აბაშიძე, ე. ავალიშვილი, ი. მჭედლიშვილი. პ. სურგულაძე და ვ. რცხილაძე არჩეულ იქნენ კომიტეტის მდივნებად. გ. ზდანოვიჩისა და კ. აბაშიძის ფედერალური ცენტრალური კომიტეტიდან ქუთაისის პარტიული კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით წასვლის შემდეგ, ისინი შეცვალეს ა. ჯაბადარმა თავმჯდომარის პოსტზე და ი. გულაძემ კომიტეტის წევრის პოსტზე.
1917 წლის 7-12 მაისს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის IV (I) კონფერენციაზე აირჩიეს კონფერენციის საპატიო თავმჯდომარედ კიტა აბაშიძესთან ერთად.[13]
საზოგადოება "კავკასიური"
რედაქტირებაგიორგი ზდანოვიჩი ევგენი გეგეჭკორთან და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძესთან ერთად აარსებს საზოგადოება „კავკასიურს“, რომელსაც დაფუძნების შემდეგ უერთდებიან კიტა აბაშიძე, იასონ ბაქრაძე, ალექსანდრე დიასამიძე, პეტრე ყიფიანი და სხვები. გიორგი თვითონვე ხელმძღვანელობს ამ საპატიო გაერთიანებას, რომელიც აგებული იყო წევრების ძმობაზე, ერთგულებაზე და მოშურნეობაზე და მისი ზოგადი მიზნები იყო საზოგადოებაში ჰუმანურობის, მოთმენის, ადამიანის სიყვარულისა და მოწიწების პრინციპების დანერგვა. მიზნების პარალელურად საზოგადოება ცდილობდა შემოკრიბა ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანები და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედება ჰქონოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 1928 წლის, ბრიუსელში ჩაწერილ მოგონებებში ევგენი გეგეჭკორი საზოგადოების შექმნის თარიღად 1915 ან 1916 წელს მიიჩნევს.[14] ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, 1925 წელს მარსელში ჩაწერილ ინტერვიუში კავკასიურის დაფუძნების წლად 1911 წელს ასახელებს.[15] ამავე ინტერვიუში კარლო ჩხეიძე იხსენებს რომ საზოგადოების შეკრების ოქმები და სხვა დოკუმენტაცია შეკრების დასრულებისთანავე ნადგურდებოდა, რის გამოც საზოგადოების და მათი წევრების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურმა ინფორმაციამ ნაკლებად მოაღწია. მხოლოდ წევრების მიერ ერთმანეთს მიმართ გაგზავნილი პირადი წერილებით თუ ვიგებთ ცალკეულ ინფორმაციებს, თუ როგორ ცდილობენ სხვადასხვა ქალაქში აღმშენებლობით საქმიანობას, წარჩინებული ახალგაზრდების დახმარებას და ქვეყნის სიყვარულისთვის დევნილი ადამიანების დახმარებას. გიორგი ზდანოვიჩის არქივში მოიპოვება საარქივო ნომრით N 6416 / 420 სადაც საზოგადოების წევრი იასონ ბაქრაძე, მეორე წევრის, კიტა აბაშიძეს თანხმობით წერს გიორგი ზდანოვიჩს, რომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მოხდეს ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და შემდგომ პატრიარქის კირიონ I-ის და სასჯელის შემსუბუქება, წერილში საუბარია ასევე ეკლესიის შევიწროების აცდენის აუცილებლობაზე. წერილის შემდეგ გაერთიანება კავკასიურის წევრების მიერ ჩატარებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა ისტორიული ფაქტის სახით ცნობილია, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ 1915 წელს კირიონის დევნა-შევიწროება შეწყვიტა და მას მღვდელმოქმედების უფლება დაუბრუნეს თუმცა საქართველოში ჩამოსვლის ნება არ დართეს.[7]
რელიგია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ გიორგიის მამა ფელიქს ზდანოვიჩი პოლონური წარმოშობის კათოლიკე ქრისტიანი იყო, გიორგი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდათ. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გიორგი ზდანოვიჩის პირადი არქივში, საქ. 22/2393 შენახულია გიორგის დედის სახელზე შედგენილ ნათლობის მოწმობა სადაც მონათვლის თარიღებად 1855 წლის 29 იანვარია დასახელებული. ასევე გიორგი და მისი ძმები მოხსენიებულია ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მშენებლობის დოკუმენტში, როგორც შემომწირველები, აქვე ტაძრის აშენების ერთ ერთ ორგანიზატორად მითითებულია გიორგის მამინაცვალი - ლევან ქორქაშვილი.[16] ასევე ითვლება რომ გიორგი უშუალოდ იყო ჩართული ქალაქ ჭიათურის ეკლესიის მშენებლობის საკითხშიც. ზდანოვიჩი რომ მორწმუნე ადამიანი იყო და ამას ყოველთვის უსვამდა ხაზს, 1876 წლის 23 მარტს, დაკითხვის ოქმში, საკუთარი თავის დახასიათებას ასე იწყებს: „გახლავართ გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი; განათლება მივიღე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ვარ მართლმადიდებელი აღმსარებლობის.” პირად წერილებში აქტიურად განიხილავს მეგობრებთან ეკლესიის მსახურთა დევნის პრობლემებს და მათზე რეაგირების აუცილებლობას[12]. ამავე არქივში არსებული წერილიდან ირკვევა რომ იყო კიტა აბაშიძის და თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანის შვილის, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრეტილი, გიორგი აბაშიძის ნათლია.[12]
პირადი არქივი და სხვა მასალები
რედაქტირებამისი პირადი არქივი მოიცავს 1000 ზე მეტ წერილს, სტატიას თუ პირად ნივთს და ძირითადი ნაწილი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი არქივში ფონდი№ 6416. არქივის მასალები შეაგროვა და მუზეუმში ჩააბარა დიმიტრი ნაზარაშვილის ქალიშვილმა - ელენე (ელეონორა, ელო) ნაზარიშვილმა. ეს ქალბატონი პირადად იცნობდა ყველა დოკუმენტს და მათ ავტორებს, რის გამოც ეს მასალები სამუზეუმო წესით თვითონვე აღწერა და საკატალოგო სისტემაშიც მოაქცია. სავარაუდოა, რომ გიორგი ზდანოვიჩის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი ვინმე კერძო პირის პირად არქივშია მოხვედრილი. რაც შეეხება მისი ნაწერების დედნებს, იგი შეიძლება გადაეცა გაზეთ „ჩვენი მეგობრის“ რედაქციას, რადგან 1916 წლის პირველი ნომრიდან გაზეთი იუწყებოდა, რომ „წლიური ხელის მომწერნი მიიღებენ გ. მაიაშვილის კრებულს“. ეს ცნობა სისტემატურად მეორდება. გაზეთის უკანასკნელ ნომერში კი გამოჩნდა განცხადება 1916 წლის ხელისმომწერთა საყურადღებოდ: ჩვენდა დამოუკიდებელი მიზეზების გამო გიორგი მაიაშვილის ნაწერების კრებულის, როგორც დაპირებული ვიყავით წლიურ ხელმომწერებზე, გამოცემა დაგვიგვიანდა. ეს უკანასკნელი ხელის მომწერებს დაურიგდებათ აპრილის პირველ რიცხვებში. ეს კრებული შემდეგში არ გამოცემულა და არც გაზეთ „ჩვენი მეგობრის“ არქივი არ შემონახულა. გაზეთის გამოცემიდან არ ჩანს, თუ რა სახის ნაწერები უნდა შესულიყო კრებულში. არქივის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გიორგი მაიაშვილი თავის წერილების უმრავლესობას ხელმოწერის გარეშე აქვეყნებდა.[6]
გარდა ამის მასალები დაცულია, ქუთაისის ცენტრალურ არქივში, საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სერგო მესხის, ეგნატე იოსელიანის, სერგო გერსამიას ფონდებში. ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის არქივის იონა მეუნარგიას ფონდში. ასევე მოსკოვის ოქტომბრის რევოლუციის არქივში, სანკტ - პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში[6]. არქივში დაცული გიორგი ზდანოვიჩის (მაიაშვილის) პირადი წერილები, რომლებიც გამოგზავნილია იმდროინდელ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და კერძო პირთა მიერ. ასევე გიორგი ზდანოვიჩის მიერ მიწერილი წერილები რუს და ქართველ მოღვაწეებისადმი. იქ გვხვდება კ. აბაშიძე, ს. აბაშიძე, ი. ჯავახიშვილის, ი. გომართელის, გ. ლასხიშვილის, ი. ბაქრაძის, ი. ეკალაძის, ი. გომელაურის, პ. გოთუას, დ. ბაქრაძის, გ. ვოლსკის, ი. ნაკაშიძის, ი. ოცხელის, რ. ფანცხავას, ს. ქვარიანის, ნ. დადიანის, გ. დიასამიძის, გ. რობაქიძის, გ. ჭიჭინაძის, სამ. ფირცხალავას, ალ. ჭიჭინაძის, ს. ხუნდაძის, ა. ჩხეიძის, მიხ. ყიფიანის, ქ. ქავთარაძის, კონს. ფოცხვერაშვილის, კიტა აბაშიძისა და სხვათა წერილები.[12]
საქართველოს ეროვნულ არქივს ფონდი № 481-ში ინახება მასალა, რომელიც იმით იმსახურებს ყურადღებას, რომ 1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა - ანასტასია ელიავას თხოვნა, რომელიც საზოგადოება დახმარებოდა ზდანოვიჩის უკანონო შვილს გიორგი ვორობიოვს (8 წლის ბავშვს). საზოგადოების გამგეობამ უარი უთხარა აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც უკანონო შვილის ყოლის ფაქტი, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მცდარად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 491.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ზდანოვიჩი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Зданович Георгий Феликсович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ „ქართული გენეალოგიური საზოგადოება“ - ქართული წარჩინებული გვარები
- ↑ ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 "გ. ფ. მაიაშვილი (ზდანოვიჩი)" რჩეული ნაწერები ორ ტომად. ვ. ი. კანდელაკის რედაქციით. თსუ გამომცემლობა, ტ. I (1967 წ.), ტ. II (1968 წ.)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ზდანოვიჩის წერილები, „წითელი არქივი“, 1927, ტ.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 სადილოვა რ. გიორგი ზდანოვიჩის (მაიაშვილის) ეროვნული კონცეფცია და პუბლიცისტურ - ეკონომიკური მოღვაწეობა, თბილისი 2021 წ.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 კაკაბაძე დ., გიორგი (მაიაშვილი) ზდანოვიჩი, თბილისი, 1969.
- ↑ დადიანი, შალვა. „რაც გამახსენდა“. თბილისი: ხელოვნება, 1959.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 ნორაკიძე ი., „გ. ფ. ზდანოვიჩ - მაიაშვილი და ნაროდნიკების საზოგადოებრივ - ეკონომიკური აზრის ევოლუცია საქართველოში XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და XX საუკუნის დასაწყისში“, თბილისი, 1968.
- ↑ დავით კლდიაშვილი. "ჩემი ცხოვრების გზაზე". წიგნში: დ. კლდიაშვილი. მოთხრობები და პიესები. თბილისი: სახელგამი, 1947, გვ. 895-897.
- ↑ ჭიათურის მერიის მხარდაჭერით, გიორგი ზდანოვიჩის მემორიალური დაფა გაიხსნა
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 ზდანოვიჩის პირადი არქივი - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი N6416/1906
- ↑ შველიძე დ., საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია პირველი რესპუბლიკის წლებში // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 20, ISBN 978-9941-13-771-6.
- ↑ Б.И.Николаевский. Русские масоны и революция
- ↑ Б. И. Николаевский. Русские масоны и революция М., 1990.
- ↑ ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია