გია ვოლსკი

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ვოლსკი)

გიორგი (გია) ვოლსკი (დ. 18 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს 3 მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი

გია ვოლსკი
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1957 (1957-01-18) (67 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი, პოლიტიკოსი
შვილ(ებ)ი ორი

ბიოგრაფია რედაქტირება

გია ვოლსკი დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს, ქალაქ თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.[1]

1978-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრში. 1979-1984 წლებში კი იყო საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს ეკონომისტი. 1984-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიკომის მდივნად და ინსტრუქტორად. 1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ქალაქკომში ინსტრუქტორი. 1990-1991 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და აქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.[2]

1991-2004 წლებში გია ვოლსკი მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩეველად, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში.

2004-2006 წლებში გია ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩუღურეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 57,32% მიიღო (12 479 ხმა).[3]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[4]

დაოჯახებულია. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. gd.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2020-11-19.
  2. გიორგი ვოლსკი. ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-06. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2018.
  3. შედეგები 2016
  4. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.