გიორგი არსენიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.

გიორგი (გია) არსენიშვილი (დ. 5 იანვარი, 1942, სოფ. ხირსა, სიღნაღის რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი (გია) არსენიშვილი

გიორგი არსენიშვილის ფოტოსურათი
დაბადების თარიღი 5 იანვარი, 1942
ხირსა, სიღნაღის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 17 ნოემბერი, 2010 (68 წლის)
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პროფესია პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1969–1971 წლებში მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1971–1977 წლებში იყო თსუ მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი. 1973–1974 წელს, გერმანიის მკვლევართა საზოგადოების მიწვევით, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 1977–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი.

1981–1997 წლებში გია არსენიშვილმა დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე.

1995–2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთის მხარეში, ხოლო 2000–2001 წლებში — საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.

2001–დან 2004 წლამდე წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიასა და ჩეხეთში.

2004–2006 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2006–2007 წლებში კი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

2008-2010 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი არსენიშვილი იყო 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის და კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დეპუტატი გია არსენიშვილი გარდაიცვალა // სივილ ჯორჯია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-11-18.