მთავარი მენიუს გახსნა

გიორგი (ალადაშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ალადაშვილი)
იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში — დავით გიორგის ძე ალადაშვილი; დ. 8 დეკემბერი, 1850, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 28 თებერვალი, 1924, იქვე) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.

ცხოვრებარედაქტირება

1864 წელს სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1869-1975 წლებში – თბილისის სასულიერო სემინარიაში, რის შემდეგაც დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად. 1884 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით.

1899 წლის 25 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. ამავე წლის 3 ოქტომბერს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1902 წლის 16 მარტს აირჩიეს იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავითგარეჯის ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1905 წლის 25 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად, ხოლო 1908 წლის 1 თებერვალს – იმერეთის ეპისკოპოსად. 1912 წლის 11 აპრილიდან შეთავსებით გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. 1917 წლის 12 (25) მარტს ხელი მოაწერა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, თუმცა ეგზარქოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აქტზე ხელის მოწერა გამოიწვია გამოუვალმა ვითარებამ. ამ განცხადებას ეპარქიის მხრიდან მოჰყვა სრული უნდობლობის გამოცხადება, რის გამოც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მას მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წლის 8–17 სექტემბერს გამართულმა I საეკლესიო კრებამ იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენა.

1918 წლის 1 აგვისტოდან მიტროპოლიტმა ლეონიდემ ის წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა. 1920 წელს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გახდა და დროებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიასაც განაგებდა. 1922 წელს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და 1922 წლის 17 ოქტომბერს ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1924 წელს ბოლშევიკების მიერ ხირსის მონასტრის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში დაბრუნებულიყო.

მიღებული აქვს არაერთი საეკლესიო ჯილდო – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, წმ. ვლადიმირის IV, წმ. ანას I და II ხარისხის ორდენები. დაკრძალულია სოფ. არბოშიკის ეკლესიის გალავნის ჩრდილოეთ კედელთან.

ლიტერატურარედაქტირება

  • საღარაძე ნ., ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია. თბ., 2014. გვ. 70.
  • ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010;
  • ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994.