გენადი I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

წმინდა გენადი I (გ. 471) — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 31 აგვისტო, ახალი სტილით — 13 სექტემბერი. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457–474) მეფობაში. ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი“, სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.

ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმიდა წერილში.

კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე (ხს. 23 იანვარს). მღვდელმთავარმა აკურთხა ხუცესად ღირსი დანიელ მესვეტე (ხს. 24 დეკემბერს). ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
ანატოლი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

458471
შემდეგი:
აკაკი