ანტონიო გაუდი

კატალონიელი არქიტექტორი
(გადამისამართდა გვერდიდან გაუდი, ანტონიო)

ანტონიო გაუდი ი კორნეტი (ესპ. Antoni Gaudí i Cornet; დ. 25 ივნისი, 1852, რეესი, ტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი, 1926, ბარსელონა) — ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.

ანტონიო გაუდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 25 ივნისი, 1852(1852-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი რეუსი[14] [15] [16] [6]
გარდ. თარიღი 10 ივნისი, 1926(1926-06-10)[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12](73 წლის)
გარდ. ადგილი ბარსელონა[1] [14] [6] [13]
დასაფლავებულია Tomb of Antoni Gaudí
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] [10] [13] , დიზაინერი და drafter
მოქალაქეობა ესპანეთი[17] [18] [19]
მიმართულება კატალონური მოდერნიზმი
ალმა-მატერი ბარსელონის არქიტექტურის უმაღლესი ტექნიკური სკოლა და Escola de la Llotja
მნიშვნელოვანი პროექტები მილას სახლი[6] , საგრადა ფამილია[6] , ბელიესგვარდი, ელ-კაპრიჩო[6] , გუელის პარკი[6] , ასტორგის საეპისკოპოსო სასახლე[6] , ვისენსის სახლი[6] , ბოტინესის სახლი[6] , Church of Colònia Güell, ბატლიოს სახლი[6] , Casa Calvet[6] , Bodegas Güell, Palau Güell[6] , Artigas Gardens და Güell Pavilions[6]
მეუღლე
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა რედაქტირება

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.

ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს.

უმაღლესი განათლება რედაქტირება

ბარსელონაში არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში (Escola Tècnica Superior d'Arquitectura) სწავლისას 1873-77 წლებში გაუდის მხოლოდ საშუალო ნიშნები ჰქონდა. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ 1878 წელს არქიტექტორის წოდება მიენიჭა. გაუდის დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს "Qui sap si hem donat el diploma a un boig o a un geni: el temps ens ho dirà" ("ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს: დრო გვიჩვენებს). ახალგაზრდა არქიტექტორმა უმალ დაიწყო პროექტებზე მუშაობდა და ამ სკოლასთან კავშირში დარჩა მთელი მისი ცხოვრება.

ადრეული კარიერა რედაქტირება

 
გაუდის სამუშაო მაგიდა საგრადაში
 
ლე კაპრიჩო, კანტაბრია

ევროპაში ამ პერიოდში ნეოგოტიკური სტილი ყვაოდა და ახალგაზრდა გაუდი აღფრთოვანებით აკვირდებოდა ნეოგოტიკის ენთუზიასტების, ფრანგი არქიტექტორისა და მწერლის ვიოლე ლე დიუკის (XIX ს. გოტიკური ტაძრების უმნიშვნელოვანესი რესტავრატორი, მას ეკუთვნის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტი) და ინგლისელი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის ჯონ რასკინის, იდეებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია "დეკორატიულობა — არქიტექტურის საწყისი" სრულიად შეესაბამებოდა გაუდის საკუთარ ჩანაფიქრებსა და წარმოდგენებს, რომელიც მის შემოქმედებაში მოგივანებით სრულიად განუმეორებელ იერს იძენს.

ადრეული შემოქმედების პერიოდში, რომელზეც გავლენას ბარსელონის არქიტექტურა და ასევე ესპანელი არქიტექტორი მარტორელი ახდენს, შენდება მისი პირველი, უხვად დეკორირებული, ადრეულ მოდერნთან დაკავშირებული, მისი პროექტები: "სტილისტური ტყუპები" - მორთული ვისენსის სახლი (ბარსელონა) და უჩვეულო "ელ კაპრიჩო" (კომილიასი, კანტაბრია); ასევე კომპრომისული ფსევდობაროკოს სტილის კალვეტის სახლი (ბარსელონა) - ერთადერთი შენობა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში ქალაქელებმა მიიღეს და შეიყვარეს. ასევე რამდენიმე პროექტი მკაცრ გოტიკურ, თითქმის ციხე-კოშკისმაგვარ, სტილში: წმინდა ტერეზას მონასტრის სკოლა (ბარსელონა), ტანჟერში ფრანცისკანელების მისიის შენობის განუხორციელებელი პროექტი; ნეოგოტიკური საეპისკოპო სასახლე ქალაქ ასტროგში (კასტილია ი ლეონი), ბოტინესის სახლი (ლეონი).

თუმცა ახალგაზრდა არქიტექტორის ჩანაფიქრებისთვის გადამწყვეტი გამოდგა მისი შეხვედრა ეუსები გუელთან (Eusebi Guell Bacigalupi), რომელმაც მისი არჩევანი გაუდიზე შეაჩერა, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა, და რომელიც მოგვიანებით მისი ახლო მეგობარი და მფარველი გახდა.

ამ ტექსტილის მაგნატს, კატალონიის უმდიდრეს ადამიანს, რომლისთვისაც ესთეტიკა უცხო არ იყო, შეეძლო საკუთარი თავისთვის ნებისმიერი ოცნების ასრულება, გაუდიმ კი ის მიიღო სანაცვლოდ, რაზეც ნებისმიერი ხელოვანი ოცნებობს — თვითგამოხატვის თავისუფლება ფასთაღრიცხვაზე შეხედვის აუცილებლობის გარეშე.

ანტონიომ გუელის ოჯახისთვის შეასრულა სააგარაკო სახლის პავილიონის პროექტი ბარსელონასთან; ღვინის სარდაფი გარაფში; გუელის კოლომის (სანტა კოლომა დე სერველიო) სამრეკლო და აკლდამა; ფანტასტიკური გუელის პარკი (ბარსელონა).

 
სახლი მილა, ბარსელონა

მალე გაუდი გამოდის XIX საუკუნის ეკლექტიზმის ჩარჩოებში დომინირებული ისტორიული სტილების ზეგავლენიდან, ომს უცხადებს სწორ ხაზებს და სამუდამოდ სახლდება მრუდი ზედაპირების სამყაროში, საკუთარი, უშეცდომოდ ცნობადი სტილის ჩამოსაყალიბებლად.

ფაბრიკანტის სახლი ბარსელონაში "Palau Güell" - ნამდვილი სასახლე - იყო ხელოვანის საჩუქარი მეცენატისთვის. მისი დამთავრების შემდეგ გაუდი-ი-კორნეტი უკვე აღარ იყო უსახელო მშენებელი. პირიქით, ის მალე ყველაზე მოდური არქიტექტორი გახდა ბარსელონაში — "პრაქტიკულად ხელმიუწვდომი ფუფუნება". ბარსელონის ბურჟუაზიისთვის გაუდი აშენებდა ერთმანეთზე უჩვეულო სახლებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს ორია: სივრცე, რომელიც იბადება და ვითარდება, ფართოვდება და მოძრაობს, როგორც ცოცხალი მატერია — მილას სახლი; ცოცხალი მთრთოლვარე არსება, სიზმარეული ფანტაზიის ნაყოფი — ბატლოს სახლი.

შემკვეთებს, რომლებიც მზად იყვნენ მშენებლობაზე ნახევარი ქონება დაეხარჯათ, სწამდათ არქიტექტორის გენიალობის, რომელიც სრულიად ახალ გზას იკვლევდა არქიტექტურაში.

პროექტების ქრონოლოგია რედაქტირება

 
სახლი ვისენსი, 1885.
  • 1878–1879: ჩირაღდნები პლასა რეიალზე ბარსელონაში;
  • 1878: საგამოფენო სტენდი ხელთათმანების მწარმოებელი კომელასთვის. ამ ნამუშევრით, რომელიც პარიზის მსოფლიო ექსპოზიციაზე იყო გამოყენებული, არქიტექტორი ევსები გუელმა გაიცნო;
  • 1878–1882: რამდენიმე პროექტი ობრერა მატარონესტესთვის მატაროში. მათგან მხოლოდ მცირედი აშენდა, მაგრამ მათში აისახა გაუდის მიერ პარაბოლური თაღების გამოყენების პირველი მცდელობა, ჯერ ხის კონსტრუქციით.
  • 1883–1885: Casa Vicens;
  • 1883–1885: ვილა "El Capricho" სანდანდერში;
  • 1884: ფინკა გუელი: შესასვლელი პავილიონი და საჯინიბო პედრალბეს სასახლისთვის (პირველი დასრულებული შენობა ევსები გუელისთვის);
  • 1884–1891: საგრადა ფამილიას სარკოფაგის დასრულება (სარკოფაგი/სამარხი დაიწყო არქიტექტორმა ფრანცისკო დელ ვიარმა 1882 წელს, თუმცა მომდევნო წელს იძულებული გახდა მიეტოვებინა);
  • 1885–1889: პალაუ გუელი;
  • 1887–1893: საეპისკოპო სასახლე ასტორგაში;
  • 1889–1894: Colegio Teresiano;
  • 1891–1893: საგრადა ფამილიას საძირკველის გარე კედლები;
  • 1892–1894: Casa de los Botines at León.
 
გაუდის დაუსრულებელი შედევრი - საგრადა ფამილია.

საგრადა ფამილია რედაქტირება

1891 წელს, როცა გაუდი 30 წლის იყო, წმინდა იოსების თაყვანისმცემელთა საზოგადოებამ შესთავაზა მას განეგრძო 1882 წელს დაწყებული წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილია) ტაძრის მშენებლობა, პროექტი, რომელსაც გაუდიმ შემდეგ მისი ბოლო 15 წელი დაუთმო.

გაუდი ოცნებობდა XX საუკუნის ტაძრის მშენებლობაზე, რომელშიც ის ხორცს შეასხამდა მთელ საკუთარ არქიტექტურულ ცოდნას, სარწმუნოების სიმბოლიკის რთულ სისტემასა და მისი საიდუმლოებების ვიზუალურ ახსნას. ეს ტაძარი მისთვის თავსმოხვეული იდეა გახდა. საკუთარ თავში განმარტოებული გაუდი სულ უფრო ექსცენტრიული ხდებოდა და დღითიდღე უფრო მეტად სჯეროდა საკუთარი მესიანური დანიშნულების; ცხოვრობდა საკუთარ განმარტოებულ სახელოსნოში, რომელიც სამშენებლო მოედანზე მდებარეობდა, და მხოლოდ დროდადრო გამოდიოდა "ქუდით ხელში" ტაძრის მშენებლობისთვის სახსრების მოსაზიდად (შემოწირულობები მშენებლობის ფინანსირების ერთადერთი წყარო იყო, ამიტომაც გრძელდებოდა ის ასე დიდ ხანს).

გაუდი ღრმა კათოლიკე იყო, იმდენად, რომ მის ბოლო წლებში სრულიად მიატოვა საერო სამსახური და ცხოვრება კათოლიციზმსა და მის საგრადა ფამილიას მიუძღვნა. პროექტით ტაძარს 18 კოშკი უნდა ჰქონოდა, 12 თორმეტი მოციქულისთვის, 4 ოთხი ნათლისმცემლისთვის, ერთი მარიამისა და ერთი იესოსთვის. პროექტის დასრულება უდროოდ გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო. ვინაიდან წინასწარი მონახაზების გარეშე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე მუშაობდა, მისმა თანამშრომლებმა ტაძრის დასრულება ვერ მოახერხეს. ამჟამად საგრადა ფამილიას რესტავრაცია უკეთდება, თუმცა აშკარაა განსხვავება მის ნამუშევარსა და გვიანდელ დამატებას შორის. სწორედ ამ მუშაობის ამგვარი სტილის გამო შეარქვეს ესპანელებმა გაუდის "ღმერთის არქიტექტორი".

გვიანი წლები რედაქტირება

 
სახლი კასა ბატლიო, 1906.

ტაძრის პროექტის დაწყებიდან მცირე ხანში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მისი პროექტების განხორციელება შენელდა. მისი ოჯახის ყველაზე ახლო წევრი, ძმისშვილი როზა ეგეა 1912 წელს გარდაიცვალა, ორ წელიწადში მას მიჰყვა მისი ერთგული თანამშრომელი ფრანსესკ ბერენგერ მესტრესი. ამ ორი ტრაგედიის შემდეგ ბარსელონაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იწყება. ლა საგრადა ფამილიას მშენებლობა შენელდა, ხოლო ლა კოლონია გუელისა კი სრულიად შეწყდა. ოთხ წელიწადში ევსები გუელი, მისი პატრონი, გარდაიცვალა.

შესაძლოა მოვლენათა ამ სამწუხარო მიმდევრობის გამო შეიცვალა გაუდი. ის გაურბოდა ჟურნალისტებს და სურათის გადაღებაზე უარს აცხადებდა. კარჩაკეტილი გაუდი მხოლოდ მისი შედევრის განხორციელებით იყო დაკავებული.

1926 წლის 7 ივნისს ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მისი გაცვეთილი ტანსაცმლისა და ცარიელი ჯიბეების გამო ტაქსის მძღოლებმა არ ისურვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იმის შიშით, რომ ის გადაყვანის თანხას ვერ გადაიხდიდა. საბოლოოდ საავადმყოფოში მიყვანისას დაშავებული ხელოვანი ვერავინ იცნო, სანამ მეორე დღეს მისმა მეგობრებმა არ იპოვეს იგი. უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანა გაუდიმ იუარა - "ჩემი ადგილი აქ არის, ღარიბებს შორის" ,- უთქვამს მას. ის ხუთ დღეში, 1926 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. მის სიკვდილს ნახევარი ბარსელონა გლოვობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისი დაკრძალვისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი - მისი დაუსრულებელი შედევრი, ლა საგრადა ფამილია, შეირჩა.

სტილი რედაქტირება

 
გაუდისეული თაღი და სპირალისებური კიბე.

გაუდის პირველი ნამუშევრები გოტიკურ და ტრადიციულ ესპანურ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული, თუმცა ის მალევე ავითარებს საკუთარ გამორჩეულ სკულპტურულ სტილს. ფრანგ არქიტექტორ იუჟინ ვიოე-ლე-დუკს, რომელიც გოტიკური არქიტექტურის ფორმებით მუშაობდა, დიდი გავლენა მოუხდენია გაუდიზე. თუმცა მოსწავლემ მასწავლებელ არქიტექტორს აჯობა და საკუთარი უკიდურესად ორიგინალური - არასწორხაზოვანი და ფანტასტიურად ჩახლართული - ფომები შექმნა. მის ზოგიერთ უდიდეს ნამუშევარს, განსაკუთრებით კი ლა საგრადა ფამილიას, თითქმის ჰალუცინაციური გავლენა აქვს მნახველზე.

გაუდიმ საკუთარ არქიტექტურაში ერთმანეთში შერწყა პარაბოლური თაღები და ჰიპერბოლოიდური კონსტრუქციები, ბუნების ორგანული ფორმები და წყლის მდინარება. შენობების პროექტირებისას ის ყურადღებას ამახვილებდა გრავიტაციის ძალაზე და კათენოიდის პრინციპებზე (გაუდის მრავალი კონსტრუქცია თავდაღმაა შექმნილი ჯაჭვებზე ან ერთმანეთზე შეერთებულ თოკებზე სიმძიმეების დაკიდებით გრავიტაციის გამოყენებით კატენოიდების გამოთვლით ბუნებრივი სიმრუდის თაღის მისაღებად.

ტრენსადის ტექნიკის გამოყენებით გაუდი ხშირად ზედაპირებს დამსხვრეული ფილების საშუალებით რთავდა.

არქიტექორის შემოქმედებას არტ-ნუვო (მოდერნი) არქიტექტურას მიაწერენ, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის განმპრობებელი ადრეული სტადია იყო. თუმცა მის მიერ ორთოგონალური ხაზების ნაცვლად ბიომორფული ფორმების ათვისებამ მას საკუთარი, თვითმყოფადი კატეგორია მიანიჭა. მისი სტილი მოგვიანებით გამოძახილს პოულობს ავსტრიელ არქიტექტორ ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერში (1928-2000).

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გენიოსად არის აღიარებული, არსებობს ჰიპოთეზა, რომ გაუდი ფერებს ვერ არჩევდა და მხოლოდ ჟოზეფ მარია ჟუჟოლთან (მასზე 27 წლით უმცროსი არქიტექტორი, რომელსაც გაუდი გენიოსს უწოდებდა) თანამშრომლობით შეძლო მან მისი გენიალური ნამუშევრების შექმნა.

მნიშვნელოვანი პროექტები რედაქტირება

 
პარკი გუელი, ბარსელონა

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

 
"სამხეცე" სახლის სახურავზე.
  • ბავშვობა გაუდიმ ზღვაზე გაატარა. შთაბეჭდილებები პირველ არქიტექტურულ გამოცდილებებზე მას მთელი ცხოვრება გაჰყვა. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა მისი შენობა ქვიშის კოშკებს ჰგავს.
  • რევმატიზმის გამო გაუდის ბავშვებთან თამაში არ შეეძლო, ამიტომ ხშირად მარტო რჩებოდა. მის ყურადღებას დიდი ხნით იპყრობდნენ ღრუბლები, ლოკოკინები, ყვავილები... მას სურდა ისევე ეშენებინა, როგორც ამას ბუნება აკეთებდა. საუკეთესო ინტერიერად ცა და ზღვა მიაჩნდა, ხოლო იდეალურ სკულპტურულ ფორმებად - ხე და ღრუბლები.
  • გაუდის ერთ თვალში ახლომხედველობა სჭირდა, მეორეში კი შორსმხედველობა, თუმცა სათვალეს არ ატარებდა, მისი თქმით "ძველი ბერძნები სათვალეს არ ატარებდნენ".
  • ქათმის კვერცხი მისთვის სრულყოფილების განსახიერება იყო და მისი ფენომენალური ბუნებრივი სიმყარის გამო ერთი პერიოდი ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცები, რომელსაც შემდეგ საუზმისთვის იყენებდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Martinell, César. Antoni Gaudí. Barcelona, 1975 (ინგლ. გამოცემა).
  • Антонио Гауди: Жизнь в архитектуре. Райнер Цербст (რუს.)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Antoni Gaudi
  4. 4.0 4.1 Antoni Gaudí y Cornet // Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00071435
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  7. 7.0 7.1 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 StructuraeRatingen: 1998.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
  11. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  12. 12.0 12.1 ABC — 1903. — ISSN 1136-0143
  13. 13.0 13.1 13.2 http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/1665-gaudi-antoni
  14. 14.0 14.1 14.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119009692 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. Arkitekter verksamma i Sverige — 2015.
  16. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  17. http://www.nytimes.com/2005/07/31/arts/design/31star.html?8hpib
  18. Museum of Modern Art online collection
  19. https://datos.gob.es/es/catalogo/e00123904-autores-espanoles-en-dominio-publico-fallecidos-desde-1900