გალავნის ციხე-გალავანი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

გალავნის ციხე-გალავანიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, აგებულია XVIII საუკუნეში. კომპლექსში შედის ციხე-გალავანი და ეკლესია.

ციხე-გალავანი გეგმით სწორკუთხაა (60 X 45 მ), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია გალავნის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ მონაკვეთი 3-4 მ სიმაღლეზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოშკის ნაწილი. გალავნის კედელში გაჭრილია სათოფურები, მოწყობილია საბრძოლო ბილიკები. კოშკი ცილინდრულია (კედლენის სისქე 0,75-1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოს მხარეს. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები).

გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში ჩაშენებული დარბაზული ეკლესია (11,4X5,6 მ) ნაგებია რიყის ქვით. გარედან ეკლესიის კედლების ქვედა რიგები და კუთხეები მოყვითალო თლილი ქვით კვადრებითაა ამოყვანილი. სარკმლის თაღები აგურისაა. ეკლესია დაზიანებულია: ჩაქცეულია სახურავი, დანგრეულია დასავლეთის კედელი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისგან არ არის გამოყოფილი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სამ-სამი დიდი თაღოვანი სარკმელია, ახლო აღმოსავლეთისაში - ერთი. საკურთხევლის მხარეს, გრძივ კედლებში თითო თაღოვანი ნიშია. ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია ქვიშაქვის თაროსებრი წრეთარგიანი ლავგარდნის ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება