ბოქს-სეტი (ინგლ. box set) — ტერმინი, რომლითაც აღინიშნება რამდენიმე ნივთისგან შემდგარი კომპლექტი. ხშირად იგულისხმება წიგნების, მუსიკალური ჩანაწერების ფილმების თუ სატელევიზიო პროგრამების კრებული, რომელიც შეკრულია ერთ სასაჩუქრე ყუთში.

„ვარსკვლავური ომების“ წინარეისტორიის ტრილოგიის ბოქს-სეტის რამდენიმე ასლი.

სასაჩუქრე ყუთი აგრეთვე შეიძლება იყოს ციფრული სახის[1].

ბოქს-სეტის გამოცემის ინიციატორი ხდება თავად კომპანია, რომელსაც ესა თუ ის შემოქმედი (მწერალი, მუსიკოსი) ან კინოფრენჩაიზი ექვემდებარება, თუმცა ხშირად მისი ინიციატივით ინტერესდება, მაგალითად, შემსრულებელი. როდესაც EMI-მ გადაწყვიტა პინკ ფლოიდის კამპანიის Why Pink Floyd...? ჩატარება და გამოსცა რამდენიმე სასაჩუქრე ყუთი ჯგუფის იშვიათი ჩანაწერებით, სარეკლამო კამპანიაში ნაწილობრივ მონაწილეობდნენ მუსიკოსებიც.

ტიპები რედაქტირება

მუსიკა რედაქტირება

მუსიკასთან დაკავშირებული გამოცემები რამდენიმე სახის არის. ხშირად, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში, გამოდის მუსიკალური ალბომის გამოცემიდან საიუბილეო წელთან დაკავშირებული ვერსიები, რომლებშიც შედის როგორც ორიგინალური ალბომი (ან მისი ახალი რემასტერი ან რემიქსი, ასევე დამატებითი დისკები. ესენია CD-ები, DVD-ები, Blu-ray დისკები ან გრამფირფიტები, რომლებშიც შეტანილია სტუდიური გამოუყენებელი მასალა, ცნობილი სიმღერების დემო-ვერსიები, საკონცერტო ჩანაწერები (როგორც აუდიო, ასევე ვიდეო), სპეციალური ახალი მიქსები, რემიქსები, ალტერნატიული ვერსიები და სხვა მასალა.

მეორე სახის ბოქს-სეტი შეიძლება გამოიცემოდეს თავად პირველი გამოცემის პარალელურად და იყოს სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც, კვლავ, შეტანილია იგივე მასალა, რაც საიუბილეო ბოქს-სეტში, რემასტერის გარდა.

კლასიკური მუსიკის ჩანაწერების მატარებელი ბოქს-სეტი შეიძლება შეიცავდეს კომპოზიტორის შემოქმედების სრულ კრებულს, ინტერპრეტაციებს, რომლებსაც ასრულებს სხვადასხვა მუსიკოსი.

გამოცემებს ხშირად ერთვის პოსტერები, ფოტოსურათები, ფოტოალბომები და სხვა გრაფიკული მასალა.

ვიდეო რედაქტირება

DVD და Blu-ray ფორმატების კინო, სატელევიზიო და სხვა ტიპების ბოქს-სეტები შეიცავენ:

  • ფილმის ან სატელევიზიო ეპიზოდის ორიგინალურ ან გაფართოებულ ვერსიას (პირველის შემთხვევაში ამოჭრილი ან გამოუყენებელი სცენები ხშირად წარმოდგენილია დამატებითი მასალების განყოფილებაში)
  • ინტერვიუებს რეჟისორებთან და შემქმნელთა გუნდის წევრებთან (მაგალითია პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებლის“ ბოქს-სეტები, მრავალსაათიანი დოკუმენტური მასალით).
  • კადრირებებს, პერსონაჟების დიზაინებს
  • დოკუმენტურ მასალას საუნდტრეკული მასალის შექმნის შესახებ და სხვა სახის ვიდეოებს

მუსიკალური ვიდეო, როგორიც არის საკონცერტო ჩანაწერი ან დოკუმენტური ფილმი მუსიკალური შემსრულებლის შესახებ, შეიცავს კონცერტის ძირითად ჩანაწერს, დამატებით საკონცერტო ვიდეოებს, მუსიკალურ ვიდეოებს, ინტერვიუებს და სხვა მასალას.

წიგნები რედაქტირება

წიგნების კომპლექტები, რომლებიც შეადგენენ ერთი სიუჟეტური ხაზის ნაწილს, ან უბრალოდ წარმოადგენენ მწერლის შემოქმედებას, ხშირად გამოიცემა ბოქ-სეტების სახით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Super Deluxe Edition – ახალი მუსიკალური ბოქს-სეტების მიმოხილვა

სქოლიო რედაქტირება

  1. Hotboxedbooks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-02. ციტირების თარიღი: 2017-11-29.