ბოსნია და ჰერცეგოვინის ადრეული ისტორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

 

ბოსნია და ჰერცეგოვინის თანამედროვე საზღვრებში არსებობდა პრეისტორიული კულტურების მრავალი ფენა, რომელთა შექმნა და გაუჩინარება დაკავშირებულია დაუდგენელი ეთნიკური ჯგუფების მიგრაციებთან.

პრეისტორია

რედაქტირება
 
ვაზა ბუტმირიდან, სარაევოს მახლობლად. ადრეული ნეოლითის პერიოდი

პალეოლითის პერიოდი ბოსნიაში აღინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უძველესი პალეოლითური ძეგლით, კერძოდ, ჰერცეგოვინაში, სტოლაკთან ახლოს მდებარე ბადანჯის გამოქვაბულის გრავიურებით. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა არის ისრებით ცხენზე თავდასხმა, რომელიც შემორჩენილია ფრაგმენტებად და თარიღდება ძვ. წ. 14000 - 12000 წლებით.

იმ პერიოდში, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნეოლითური კულტურები ჩნდებოდა, გვხვდება ხმელთაშუა ზღვისა და პანონიური კულტურების საინტერესო სინთეზი. ჰერცეგოვინა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან წამოსული იმპრესიული კერამიკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც ეს ჩანს მწვანე გამოქვაბულში მოსტართან ახლოს, ჩაირში სტოლაკის მახლობლად, ლისიჩიჩში კონჯიჩის მიდამოებში და პეჩ მლინიში გრუდეს ნაპირებთან. მაშინ ხალხი ცხოვრობდა გამოქვაბულებში და გორაკების წვერზე არსებულ მარტივ დასახლებებში. მდინარე ბოსნას ზედა შენაკადზე და ბოსნიის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილებში (კაკანჯის მახლობლად) კი, ხალხი ცხოვრობდა ნაგებ ხის სახლებში. ამ კულტურაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადრიატიკის კულტურის გავლენა, რომელიც იგრძნობოდა სამხრეთში და, ასევე, სტარჩევიჩის კულტურის გავლენა, რომელიც იგრძნობოდა ჩრდილოაღმოსავლეთში. ხოლო კაკანჯის კულტურის ორიგინალური გამოხატულება არის ოთხ ფეხზე მდგარი კერამიკის ქოთნები, რომელსაც რიტონს უწოდებდნენ. ჩვენ მათ, ასევე, ვპოულობთ ხორვატიის სანაპიროზე განფენილ დანილოს კულტურაში. ამ ნივთების გამო, კაკანჯის კულტურა მიჩნეულია უფრო ფართო წრის ნეოლითური პერიოდის მოსახლეობის ნაწილად, რომლებიც, თავის მხრივ, იყვნენ სიცოცხლის ძალის კულტის მიმდევრები (ჩრდილოეთ იტალიიდან, დალმაციიდან და ეპირუსიდან ეგეოსამდე). აღსანიშნავია, რომ სარაევოს მახლობლად განფენილი ბუტმირის კულტურა განსხვავებულია და ხასიათდება თხელი მოჭიქული კერამიკითა და სხვადასხვა გეომეტრიული დეკორაციებით (ხშირად სპირალებით). ბუტმირის ფიგურები არის ხელით ნაკეთები უნიკალური სკულპტურის ნიმუშები.

ბრინჯაოს ხანის დასახლებები ჰერცეგოვინაში აგებული იყო ციტადელების მსგავსად (ადგილობრივ ენაზე - გრადინა), ხოლო ბოსნიაში ჩვენ ვხვდებით ნეკროპოლისებს, რომლებიც ქვის ტუმულებით არის ნაშენები. იმ პერიოდში, ბრინჯაოს მხრები, დეკორატიული ფირფიტები, ბრტყელი ყელსაბამები და საკინძები მორთული იყო გრავირებული ორნამენტების სპეციფიკური გეომეტრიული სტილით.

ილირიელების პერიოდი

რედაქტირება
 
რკინის ხანის გლაზინაკის კულტურა (დაახლოებით ძვ. წ. 300 წ.)

გამორჩეული კულტურისა და ხელოვნების ფორმების მქონე ილირიელთა ეთნიკური ჯგუფის ბრინჯაოს კულტურამ გავრცელება დაიწყო დღევანდელი სლოვენიის, ხორვატიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ალბანეთის და საბერძნეთის ჩრდილოეთი ნაწილების ტერიტორიებზე.

ძვ. წ. მე-8 საუკუნიდან, ილირიული ტომები სამეფოებად გაიშალნენ. ილირიაში (ილირიელებით დასახლებული რეგიონი ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, როგორც ეს კლასიკურ ნაწერებში არის აღწერილი), ყველაზე ადრე ფიქსირდება ენჩელეს სამეფო. ეპოქა, როცა ჩვენ ვაკვირდებით სხვა ილირიულ სამეფოებს, იწყება დაახლოებით ძვ. წ. 400 წლიდან და გრძელდება ძვ. წ. 167 წლამდე. მაგალითად, მიჩნეულია, რომ ძვ. წ. 337 წელს, პლეურიასის მმართველობის ქვეშ არსებობდა აუტარიატაეს სამეფო. ხოლო არდიაეის სამეფო (წარმოშობით ნერეტვას ხეობის რეგიონის ტომი) ცხოვრებას ეწეოდა ძვ. წ. 230 წლიდან ძვ. წ. 167 წლამდე. ყველაზე ცნობილ ილირიულ სამეფოებსა და დინასტიებს შორის იყვნენ ბარდილის დარდანისა და არდიაეის სამეფოს აგრონები, რომლებმაც შექმნეს უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი ილირიელთა სამეფო. აგრონები მართავდნენ არდიაეის სამეფოს და, ამავდროულად, ავრცელებდნენ საკუთარ ძალაუფლებას სხვა ტომებზე.

ძვ. წ. მე-7 საუკუნიდან, ბრინჯაო ჩანაცვლდა რკინით, რის შემდეგაც მხოლოდ ძვირფასეულობა და ხელოვნების ნიმუშები კეთდებოდა ბრინჯაოსგან. ილირიელთა ტომებმა, რომლებიც ჩრდილოეთით ჰალშტატის კულტურების გავლენას განიცდიდნენ, შექმნეს ოდნავ განსხვავებული რეგიონული ცენტრები. მათ ცხოვრებაში მიცვალებულთა კულტს ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ეკავა, რაც კარგად ჩანს დაკრძალვის ცერემონიებისთვის განკუთვნილ მდიდრულად მორთულ ადგილებში. ჩრდილოეთ მხარეს, არსებობდა მიცვალებულთა კრემაციისა და მცირე ზომის საფლავების დიდხნიანი ტრადიცია, ხოლო სამხრეთში გავრცელებული იყო ტუმულით ნაშენები დიდი საფლავები, რომელთა ზომა ჰერცეგოვინაში აღწევდა 5 მეტრს სიმაღლეში და 50 მეტრზე მეტს სიგანეში. იაპოიდურ ტომებს ჰქონდათ მორთვა-მოკაზმვისადმი მძლავრი მიდრეკილება (მძიმე, დიდი ზომის ყელსაბამები ყვითელი, ლურჯი და თეთრი მინის შემადგენლობისგან და, ასევე, ბრინჯაოს დიდი საკინძები, ისევე, როგორც ბრინჯაოსგან დამზადებული სპირალური ბრასლეტები, დიადემები და მუზარადები).

 
რომაული მინა ნაპოვნი ბოსანსკი ნოვიში, II საუკუნიდან

ძვ. წ. მე-4 საუკუნეში აღირიცხა კელტების პირველი შემოსევა. მათ ამავდროულად მოიტანეს თიხის ჭურჭლის ბორბლის ტექნიკა, ახალი ფორმის საკინძები და ბრინჯაოსა და რკინის სხვადასხვა სარტყლები. კელტებმა საბერძნეთისკენ გააგრძელეს თავიანთი გზა, ამიტომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში მათი გავლენა უმნიშვნელოა. კელტების მიგრაციების შედეგად, ილირიელთა ტომებმა დატოვეს მათი განსახლების ტერიტორია, თუმცა, ამავე დროს, მოხდა ზოგიერთი კელტური და ილირიული ტომების შერწყმა. ამ პერიოდის კონკრეტული ისტორიული მტკიცებულება იშვიათია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ რეგიონი დასახლებული იყო რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ხალხით, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მეტყველებდნენ.

სამხრეთით, ნერეტვას დელტაში, ილირიული დაორების ტომზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა ელინიზმს. მათი დედაქალაქი და, ამავდროულად, ბოსნია-ჰერცეგოვინის ანტიკური კულტურის მთავარი ცენტრი იყო დაორსონი, რომელიც მდებარეობდა ოსანიჩიში, სტოლაკის მახლობლად. დედაქალაქი დაორსონი, ძვ. წ. მე-4 საუკუნეში, შემოსაზღვრული იყო მეგალითებით, ანუ 5 მეტრის სიმაღლის ქვის კედლებით (რომელიც ისეთივე დიდი ზომის იყო, როგორც საბერძნეთის უძველეს ქალაქ მიკენეში არსებული კედლები). დაორებმა შექმნეს უნიკალური ბრინჯაოს მონეტები და ქანდაკებები.

რომაული პერიოდი

რედაქტირება

კონფლიქტი ილირიელებსა და ძველ რომაელებს შორის დაიწყო ძვ. წ. 229 წელს. ხოლო ძვ. წ. 168 წელს, ილირიელების მიწა, ილირიკუმის სახელწოდებით, რომის ერთ-ერთი პროვინცია გახდა. რომმა რეგიონის ანექსია დაასრულა ახ. წ. მე-9 წელს, რამაც ბოლო მოუღო ილირიელთა სამწლიან აჯანყებას მის წინააღმდეგ. ახ. წ. მე-10 წელს, ილირია გაიყო და დღევანდელი ბოსნიის ჩრდილოეთი ხაზი, მდინარე სავას სამხრეთ მხარესთან ერთად, შევიდა ახალი პროვინციის, პანონიის შემადგენლობაში. ხოლო დანარჩენი ტერიტორია, რაც დღეს ეკუთვნის ბოსნიას, ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, დალმაციას და დასავლეთ სერბეთს, აღმოჩნდა რომის პროვინცია დალმაციის საზღვრებში.

 
ბოსნია და ჰერცეგოვინაში უძველესი დასახლებებისა და გზების რუკა

რომაელთა პერიოდში, ლათინურ ენაზე მოლაპარაკე დევნილები რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ილირიელებს შორის დასახლდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელი ჯარისკაცების მიერ საკუთარი პოსტების დატოვებას ამ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ბოსნიის რამდენიმე ქალაქი სწორედ რომაელთა მმართველობის დროს დაარსდა. მაგალითად, ასეთი ქალაქია ბლაგაი, მდინარე ბუნაზე. რომაულმა ბოსნიამ განიცადა უზარმაზარი განვითარება ინფრასტრუქტურისა ("Roman via") და სამხედრო თვალსაზრისით ("Roman castra"), ხოლო ეკონომიკა ეფუძნებოდა მაღაროების გამოყენებას.[1] რომაული მმართველობის შემდეგ, სახეზე იყვნენ დიდი რაოდენობით ვლახები, რომლებიც წინარესლავური მოსახლეობის შთამომავლებად ითვლებოდნენ. რუმინელებთან და რუმინულ ენასთან ახლო კავშირის გამო, დღესდღეობით, ვლახები სლავურ ენაზე მოლაპარაკე ხალხად ითვლება.[2]

ქრისტიანობა რეგიონში გავრცელდა უკვე ახ. წ. 1-ლი საუკუნის ბოლოს და ამას უამრავი არტეფაქტი და ნივთი მოწმობს. ახ. წ. 337 და 395 წლებში მომხდარი მოვლენების შემდგომ, ანუ როცა რომის იმპერია გაიყო ორ ნაწილად, დალმაცია და პანონია დასავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რეგიონი ჯერ ჰუნებმა დაიპყრეს, ხოლო შემდეგ ოსტგოთებმა ახ. წ. 455 წელს. აღსანიშნავია, რომ "ოსთგოთების სამეფო" დამარცხდა გოთურ ომებში (ახ. წ. 535-553 წწ.) ბიზანტიის იმპერიასთან, რომელსაც სათავეში ედგა იმპერატორი იუსტინიანე I, შესაბამისად, მოხდა ტერიტორიის ხელახალი დაპყრობა, ამჯერად ბიზანტიის იმპერიის მიერ.

  1. Skegro, Ante. The Bestoen bishopric in the light of prior research. Arheoloski vestnik (Arh. vest.). 56, 2005, pp. 369-389. Map and information of Roman Bosnia-Herzegovina.
  2. John V. A. Fine,John Van Antwerp Fine, The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century. University of Michigan Press, 1994 p.19

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Noel Malcolm, Bosnia A Short History, Macmillan London Limited, 1994.
  • “Umjetničko Blago Bosne i Hercegovine”, several authors, Svjetlost, Sarajevo, 1987.