ბლუმფონტეინი (ინგლ. Bloemfontein, აფრ. Bloemfontein, სესოთო — Mangaung, ნიდ. „ყვავილების ფანტანი“) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ფრი-სტეიტის პროვინციის და ქვეყნის სასამართლო დედაქალაქი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთი (ადმინისტრაციულ დედაქალაქ პრეტორიასა და საკანონმდებლო დედაქალაქ კეიპტაუნთან ერთად). ბლუმფონტეინის პოეტური სახელი არის „ვარდების ქალაქი“, ამ ყვავილის სიუხვისა და ყოველწლიური ფესტივალის გამო.[1][2] სესოთოს ენაზე ქალაქს „მანგაუნგ“ ჰქვია, რაც გეპარდების ადგილს ნიშნავს. 2000 წლიდან შედის მანგუანგის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი
ბლუმფონტეინი
ინგლ. Bloemfontein
აფრ. Bloemfontein
სესოთო — Mangaung
გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროვინცია ფრი-სტეიტი
კოორდინატები 29°06′00″ ს. გ. 26°13′00″ ა. გ. / 29.10000° ს. გ. 26.21667° ა. გ. / -29.10000; 26.21667
დაარსდა 1846
ფართობი 236,17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1395
მოსახლეობა 256 185 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1084,75 კაცი/კმ²
აგლომერაცია 747 431
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 051
საფოსტო ინდექსი 9300, 9301
ოფიციალური საიტი bloemfontein.co.za
ბლუმფონტეინი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ბლუმფონტეინი

ისტორია რედაქტირება

 
წყარო, რომელმაც ქალაქს სახელწოდება მისცა

ოფიციალურად ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1846 წელს და 1854 წლიდან 1902 წლამდე იყო ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი. რკინიგზა აშენდა 1890 წელს და ბლუმფონტეინი დაუკავშირა კეიპტაუნს.

1899 წელს ქალაქში გაიმართა ბლუმფონტეინის კონფერენცია, რომელმაც ვერ შეძლო ბურების მეორე ომის დაწყების თავიდან აცილება.

1912 წლის 8 იანვარს ბლუმფონტეინში დაარსდა აფრიკის ეროვნული კონგრესი, რომლის მიზანი იყო იმ კანონების მიღება, რომლებიც დაიცავდნენ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობის უფლებებს, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. კონგრესის სხდომებზე მონაწილეობას იღებდა პოეტი ჯონ დუბე, რომელიც შემდგომში გახდა ამ ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი.

მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ცნობილი რომანის — «ბეჭდების მბრძანებელის» ავტორი, დაიბადა ბლუმფონტეინში 1892 წლის 3 იანვარს.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

 
პეიზაჟი მაღალი ველდისა და კარუს რეგიონების საზღვარზე

ბლუმფონტეინი მდებარეობს მაღალი ველდის რეგიონის (ვრცელი სტეპური ბორცვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1300—2000 მეტრ სიმაღლეზე) სამხრეთით, რომელიც ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთში გადადის კარუს ნახევრადუდაბნოს რეგიონში.

ქალაქის კლიმატი ნახევრადუდაბნოს კლიმატის ფორმისაა, ცხელი ზაფხულით და ცივი, მშრალი ზამთრით. თოვლი რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოდის (უკანასკნელად მოვიდა 2007 წელს). ნალექების წლის საშუალო დონე შეადგენს — 559 მმ-ს.

მოსახლეობა რედაქტირება

უკანასკნელი მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2011 წელს. მისი მონაცემებით, ბლუმფონტეინის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 256 185 ადამიანს[3], მათ შორის შავკანიანების რაოდენობა შეადგენს — 56,11 %-ს (143 736 ადამიანი), თეთრკანიანების (პირველ რიგში აფრიკანერების) — 29,79 % (76 325 ადამიანი), ფერადკანიანების — 12,81 % (32 827 ადამიანი), აზიელების — 0,82 % (2100 ადამიანი).[3]

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი უმცირესობის რეჟიმის გაუქმებისა და ხელისუფლების შავკანიანი მოსახლეობისთვის გადაცემის შემდეგ შემცირდა თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა (ძირითადად ემიგრაციის გამო), მოხდა ფერადკანიანთა გადასვლა მსხვილ ქალაქებში (იოჰანესბურგი, კეიპტაუნი, დურბანი), გაიზარდა შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობა (პირველ რიგში, ახლომდებარე აფრიკული ქვეყნებიდან იმიგრანტების ხარჯზე). ასე რომ, დღეისათვის თეთრკანიანი და ფერადკანიანი მოსახლეობის რაოდენობა დაბალია, ხოლო შავკანიანი მოსახლეობის — მაღალი.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ბლუმფონტეინის მოსახლეობის 42,53 %-ის (101 647 ადამიანი) მშობლიური ენაა აფრიკაანსი; მოსახლეობის 33,36 % (79 737 ადამიანი) ლაპარაკობს სესოთოს ენაზე, 7,47 % (17 852 ადამიანი) ინგლისურ ენაზე, 7,10 % (16 972 ადამიანი) კოსას ენაზე, ხოლო 5,87 % (14 035 ადამიანი) ტსვანას ენაზე.[3]

ქალაქში ადმინისტრაციაში, ბიზნესში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ძირითადი ენაა აფრიკაანსი (პირველ რიგში თეთრკანიანებში და ფერადკანიანებში). შავკანიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ურთიერთობაში ხმარობს ადგილობრივ ენებს (სესოთო, კოსა, ტსვანა). ხელისუფლება იღებს ზომებს ადმინისტრაციაში და ბიზნესში აფრიკაანსის მაგივრად ჩაანაცვლოს ინგლისური ენა, შედეგად ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამა თუ იმ დონით ფლობს ინგლისურ ენას.

ეკონომიკა და ტრანსპორტი რედაქტირება

პროვინციაში ოქრო-ურანის საბადოების ათვისებამ ხელი შეუწყო ბლუმფონტეინის გადაქცევას მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრად. მოქმედებენ ლითონგადამამუშავებელი, შუშის, კვების, თამბაქოს, ტყავის სამრეწველო საწარმოები. ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. მუშაობს ბოიდენის ობსერვატორია.

ბლუმფონტეინი — სარკინიგზო და საავტომობილო ხაზების მსხვილი კვანძია, მასზე გადიან ეროვნული მნიშვნელობის გზები N1 (კეიპტაუნი — ბაიტბრიჯი), N6 (ისტ-ლონდონი — ბლუმფონტეინი) და N8 (კიმბერლი — მასერუ). ქალაქს ემსახურება ბრამ ფიშერის სახელობის მუნიციპალური აეროპორტი (აფრ. Bram Fischer; საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია: BFN, ICAO: FABL) მგზავრთა ბრუნვით 400 ათასი ადამიანი წელიწადში (2011). პირდაპირი რეგულარული რეისები სრულდება იოჰანესბურგის, კეიპტაუნის, დურბანის და პორტ-ელიზაბეთის მიმართულებით.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

დღეისათვის ბლუმფონტეინი — ფრი-სტეიტის პროვინციის დედაქალაქი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სასამართლო დედაქალაქია. ხედი ქალაქზე იშლება თვალთახედვის მოედნიდან, რომელიც მდებარეობს მაღალ ბორცვზე, რომლის სახელი — ნეველ ჰილი — წარმოსდგება ინგლისური გემების ზარბაზნების აღნიშვნიდან, რომლებიც აქ დაიდგა ბურების მეორე ომის დროს.

  • გოლდენ-გეიტ-ჰაილენდზის ეროვნული პარკი მდებარეობს მალუტის მთის ძირში ფრი-სტეიტის პროვინციაში. ის განთქმულია თავისი გრეხილი ქვიშოვანი კლდეებით, რომლებმაც ქარის და წვიმის ზემოქმედებით მიიღო მომაჯადოვებელი მოხაზულობა. პარკში ბინადრობენ იშვიათი წვეროსანი ქორები, მელოტი ივეოსები და შავი არწივი.
  • 1849 წელს აშენებული პირველი რატუშა, მეოთხე რატუშა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1893 წელს და რომელსაც ხშირად ეძახიან ფრი-სტეიტის არქიტექტურის მარგალიტს; ძველი საპრეზიდენტო რეზიდენცია; სააპელაციო და უმაღლესი სასამართლოს შენობა.
  • ეროვნული მუზეუმი მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის ცნობილია: აქ ინახება სპილოს ჩანასახი წონით 11 გრამი, 48,89 კგ-იანი მეტეორიტი და სხვა იშვიათობები.
  • ქალებისადმი მიძღვნილი მემორიალი — ბურების მეორე ომის დროს ბრიტანულ საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული 26 000 ბური ქალების და ბავშვების პატივსაცემად ქვიშაქვისაგან აგებული გამაოცებელი 36,5 მეტრი სიმაღლის ობელისკი.
  • ბურების რესპუბლიკის სამხედრო მუზეუმი.
  • აფრიკაანსის ეროვნული ლიტერატურული მუზეუმი.
  • ალუბლის ბაღი ჰამილტონის პარკში მოითვლის 6000-ზე მეტ ალუბლის ხეს; სამეფო ვარდების პარკში 4000-ზე მეტი ვარდის ბუჩქია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Bloemfontein The official Mangaung Local Municipality website

სქოლიო რედაქტირება