ბზიანის ქედის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთ-დასავლეთით, 2
ბზიანის ქედის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთ-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, ბზის ხეების კორომში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით ნაგები დარბაზული ეკლესია თითქმის მთლიანადაა დანგრეული. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით განიერი მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე შემორჩენილია პარალელურწირთხლებიანი სარკმლის ქვედა ნახევარი. ნანგრევებში აღმოჩნდა შირიმის ქვაში გამოკვეთილი სარკმლის თაღი და კონქის თაღის რამდენიმე ქვა.
ეკლესიას სამხრეთის მხრიდან ეკვრის ნანგრევებად ქცეული სწორკუთხა მინაშენი, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის სამხრეთის გვერდში ღრმა, სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 270.