ბესლანის ტერორისტული აქტი — ქალაქ ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) №1 სკოლის მოსწავლეების მძევლად აყვანა ისლამისტი სამხედროების ჯგუფის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები. სკოლის აღება სცადეს რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს. ეს იყო რუსეთის ისტორიაში უმსხვილესი ტერორისტული აქტი.

ბესლანის სკოლის დაღუპული მოსწავლეები

ტერაქტი დაიწყო 2004 წლის 1 სექტემბრის დილას, მაშინ როდესაც 32 შეიარღებულულმა პირმა შტურმით აიღო სკოლის შენობა და მძევლად აიყვანა როგორც დაწყებითი, ისე საშუალო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ასევე მშობლები და ნათესავები, რომლებიც ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ. რამდენიმე ადამიანი პირველი შეტევის შედეგად დაიღუპა, უმრავლესობა კი გადაიყვანეს სკოლის სპორტულ დარბაზში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დანაღმული. გაუსაძლის სიცხეში მძევლები უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ, მათ ეკრძალებოდათ როგორც საკვების მიღება, ისე წყლის დალევა.

ტერორისტების ალყა 3 სექტემბერს დასრულდა, როდესაც სკოლის შენობაში აფეთქებების ფონზე რუსეთის სპეციალური ძალები შევიდნენ. აფეთქებებსა და სკოლის დარბაზში შემდგომ სროლებს ბევრი მძევალის სიცოცხლე შეეწირა, დანარჩენები თავად ტერორისტებმა დახოცეს. გადარჩენილებს შორის ასობით ადამიანი დაიჭრა, ბევრმა კი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

მოვლენების ქრონოლოგია რედაქტირება

1 სექტემბერი რედაქტირება

ადგილობრივი დროით 9 საათზე ბესლანის № 1 სკოლის ეზოში სასწავლო წლის პირველი დღის დაწყებას საზეიმოდ აღნიშნავდნენ მოსწავლეები, მშობლები და მოსწავლეების ნათესავები. სწორედ ამ დროს სკოლის შენობას ტენტით დაფარული GAZ-66 მიუახლოვდა. რამდენიმე წუთში ნიღბიანმა შეიარაღებულმა მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც ატარებდნენ ასაფეთქებელ ქამრებს, ცეცხლი გახსნეს და ტყვედ აიყვანეს 1200 მეტი ადამიანი.

სხვადასხვა მონაცემები ადასტურებს, რომ სკოლაზე ტერორისტული შეტევა დაგეგმილი იყო ორი ჯგუფის მიერ. პირველი ჯგუფი სკოლის შენობაში 31 აგვისტოს შევიდა და სწორედ იქ იმალებოდა, მანამ სანამ მეორე ჯგუფი პირველ სექტემბერს დაიწყებდა შეტევას. პირველი ჯგუფი პასუხისმგებელი იყო შენობის შიდა ტერიტორიის დაცვაზე, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფს მძევლების შეგროვება ევალებოდა. გავრცელებული ინფორმაციით GAZ-66-ის გარდა სკოლის შენობასთან ასევე იდგა სულ მცირე ერთი ფურგონი. სანამ სკოლას მიუახლოვდებოდნენ ტერორისტები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ნაწილი სკოლის უკანა მხრიდან შევიდა შენობაში, ნაწილმა კი შენობის შემოსასვლელიდან დაიწყო შეტევა.

მძევლების უმრავლეობა სკოლის სპორტულ დარბაზში იყო დატყვევებული. ტერორისტებმა მათ გაუწყვიტეს კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება: ჩამოართვეს ტელეფონები, კამერები და ვიდეო-კამერები. შედეგად მძევლებს არ ჰქონდათ საშუალება დაკავშირებოდნენ უსაფრთხოების სამსახურს და მიეწოდებინათ მათთვის რაიმე სახის ინფორმაცია.

ვარაუდი, რომ ტერორისტები შეტევამდე ადრე იყვნენ სკოლის შენობაში განთავსებულნი დადასტურდა იმ მძევლების ჩვენებების შედეგადაც, რომლებსაც ტერორისტები აიძულებდნენ იატაკსა და ჭერში დამალული იარაღების გადაზიდვას. ყოველივე ეს ასევე დადასტურდა ჩრდილოეთ ოსეთის საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებითაც, რომლის თანახმადაც იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები სკოლაში დამალული იყო შეტევის დაწყებამდე. შემდგომმა გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ სკოლის შენობა დანაღმული იყო ისე, რომ კარგად იყო გათვლილი სკოლის ფართობი, დარბაზისა და საკლასო ოთახების ზომები. სკოლის შენობის ყველა გასასვლელი და კარი სკამებით, მაგიდებითა და ადამიანებით იყო ჩახერგილი, შენობის ყველა ფანჯარასთან კი ცოცხალ ფარებად ბავშვები იყვნენ ჩამწკრივებულნი. ეს იყო გარანტია იმისა, რომ სნაიპერები სროლას არ დაიწყებდნენ. თავად თავდმასხმელები ატარებდნენ ასაფეთქებელ ქამრებს, ვაზნებსა და შაშხანებს. ერთ-ერთი მძევალის განცხადებით ისინი ასევე შეიარაღებულები იყვნენ ხელყუმბარებით.

შენობის დაკავებისთანავე ტერორისტებმა მძევლები სხვადასხვა ოთახებში განათავსეს, თუმცა მათი უმრავლესობა სპორტულ დარბაზში მოხვდა. მათ ქალები და მამაკაცები ორ ჯგუფად დაყვეს და დაიწყეს ზრდასრული მამაკაცების დახოცვა. დაახლეობით 16-21 მამაკაცი მოკლეს, რათა შეემცირებინათ მძევლების მხრიდან მომავალი საფრთხე. დაღუპულთა სხეულები ფანჯრებიდან გადაყარეს. მძევლების განცალკევების პროცესის პარალელურად რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს სკოლის შენობას. სკოლის გარშემო ასევე შეკრებილი იყო ქალაქის მოსახლეობა და მძევლების ოჯახის წევრები და ნათესავები. ჯარისკაცებს სკოლის გარშემო კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.

შუადღისათვის რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ტერორისტებს არ ჰქონდათ გაჟღერებული თავიანთი მოთხოვნები. ასევე აცხადბენენ, რომ მხოლოდ 120 მძევალი იმყოფებოდა სკოლის შენობაში. 16:30 წუთზე რუსეთის ხელისუფლების წარომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დაამყარეს კავშირი ტერორისტებთან და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების პროცესს უძღვებოდა ექიმი ლეონიდ როშალი, რომელიც ასევე ჩართული იყო დუბროვკის ტერორისტული აქტის მოლაპარაკებებში. მთავარ მიზანს მძევლების უსაფრთხოება და თავდამსხმელების მოთხოვნების განხილვა წარმოადგენდა. ტერორისტებმა მოლაპარაკებებში სამი პირის ჩართვა მოითხოვეს, ესენი იყვნენ: ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდნეტი ალექსანდრე ძასოხოვი, ინგუშეთის პრეზიდნეტი მურატ ზიაზიკოვი და ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი. ასევე მოლპარაკებების პროცესში მოითხოვეს პუტინის მრჩეველის ასლამბეკ ასლახანოვის ჩართვაც.

1 სექტემბერს რუსეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცათ ხელნაწერი, სადაც გაჟღერებული იყო ტერორისტების მოთხოვნები:

 
„ჩვენ ვითხოვთ რესპუბლიკის პრეზიდენტის ძასოხოვის, ინგუშეთის პრეზიდენტის ზიაზიკოვის და ბავშვების ექიმ რაშაილოს მოლაპარაკებებისთვის. თუ რომელიმე ჩვენგანი დაიღუპება ჩვენ ვესვრით 50 ადამიანს. თუ რომელიმე ჩვენგანი დაიჭრება ჩვენ დავხოცავთ 20 ადამიანს, თუ 5 ჩვენგანს მოკლავენ, ჩვენ დავანგრევთ ყველაფერს. თუკი შუქი ან კომუნიკაციები გაითიშება თუნდაც ერთი წუთით, ჩვენ ვესვრით 10 ადამიანს.“

აღსანიშნავია, რომ რუს ოფიციალურ პირებს თავდაპირველად როშალის სახელი მოხსენიებული როგორც „რაშაილო“ სხვა რუს ოფიციალურ პირში აერიათ, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკებებზე სწორი პიროვნება გაიგზავნა. პირველი ღამის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

2 სექტემბერი რედაქტირება

დილით რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ სკოლის შენობაში იმყოფებდა 354 მძევალი და რომ ტერორისტებს კვლავ არ ჰქონდათ გაჟღერებული მოთხოვნები.

შუადღეს სკოლის შენობაში მოსალაპარაკებლად ინგუშეთის პრეზიდნეტი რუსლან აუშევი შევიდა. გარკვეული დროის შემდგომ მან შენობა მოთხოვნების სიით დატოვა. ასევე გამოიტანა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის წერილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით იყო დაწერილი. წერილში ბასაევი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოითხოვდა რუსეთის ჯარების მიერ ჩეჩნეთის დატოვებას. ტერორისტები ასევე აცხადებდნენ მზადყოფნას მშვიდობიანი შეთანხმებისთვის. აუშევმა სკოლის შენობიდან გამოიყვანა 11 დედა და 15 ჩვილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედებს იძულების წესით მოუწიათ სხვა შვილების დატოვება შენობაში. მძევლების გათავისუფლების შემდგომ მოლაპარაკები ჩიხში შევიდა, რითაც დამძიმდა მძევლების პირობებიც. მათ აეკრძალათ წყლის მიღება და საპირფარეშოში გასვლა. დაახლოებით 3 საათისათვის მოლაპარაკებები ექიმ როშალს და ტერორისტებს შორის შეჩერდა.

ამ პერიოდისათვის ბავშვებისა და ზრდასრულების დიდ რაოდენობას დაეწყო ორგანიზმის გამოფიტვისა და გაუწყლოების ნიშნები. ბევრ მძევალს მისდიოდა გული საკვებისა და წყლის მიუღებლობის გამო, ბევრს კი იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იძულებით იდგნენ ფეხზე. 15:30 ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის გარშემო განლაგებულ უსაფრთხოების ძალებს, შედეგად პოლიციის ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა თავი შეიკავეს საპასუხო დარტყმისგან და კვლავ სცადეს მოლაპარაკებების განახლება.

3 სექტემბერი რედაქტირება

სკოლის სპორტულ დარბაზში პირობები უკიდურესად დამძიმდა. მძევლებისათვის ეს იყო მესამე დღე საკვების, ხოლო მეორე დღე წყლის გარეშე. ქალაქის მოსახლეობა და მძევლების ნათესავები კვლავ გარეთ იყვნენ შეკრებილნი და ერთად უსმენდნენ რადიოში გადმოცემულ ახალ ამბებს.

9 საათზე ტერორისტები დათანხმდნენ, რომ ცხედრების გამოსვენების მიზნით შენობაში შეეშვათ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მაგრამ როგორც კი პერსონალი მიუახლოვდა შენობას, გაისმა ორი აფეთქების ხმა, ტერიტრისტებმა კი პერსონალის მიმართულებით სროლა დაიწყეს. დაიღუპა 2 სამხედრო მოსამსახურე. აფეთქების შემდეგ რამდენიმე მძევალმა გაქცევა სცადა, თუმცა მათი უმრავლესობა ტერორისტებმა დახოცეს. აფეთქების შედეგად გამოწვეულ არეულობაში რამდენიმე ტერორისტმა დატოვა სკოლის შენობა.

რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყო შენობის შტურმით აღება. 10:30 სთ-დან 11:30 სთ პერიოდში რამდენიმე ტერორისტი კიდევ გაიქცა სკოლის შენობიდან. ამ ერთი საათის მანძილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული დარბაზის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. რუსულმა მხარემ პოზიციებზე განალაგა ტანკები, ვერტმფრენები და შეიარაღებული ტრანსპორტი. 12:20 სთ-ზე სკოლის შენობის თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ. 17:00 სთ-ზე კვლავ გაისმა აფეთქების ხმა. საღამოს 10 საათამდე მიმდინარეობდა პერიოდული ბრძოლები, მანამ სანამ რუსულმა ძალებმა საბოლოოდ არ დაიკავეს სკოლის შენობა.

რუსეთის ძალებმა გაანადგურეს ყველა ტერორისტი გარდა ნურფაში კულაევისა, რომელმაც სკოლის შენობიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა იგი ლამის ლინჩის წესით გაასამართლა მოსახლეობამ, სანამ ოფიციალური ძალები აიყვანდნენ ტყვედ. 2006 წელს კულაევი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმში, მძევლების აყვანასა და მკვლელობებში. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ბესალნის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩნურ განმათავისუფლებელ ჯგუფს რიადუს-სალიხინს და მის ლიდერს შამილ ბასაევს დაეკისრა. იგი ასევე დადანაშაულებული იყო 2002 წლის მოსკოვის თეატრის ტერაქტში, რომელიც 130 მძევლიდან რამდენიმეს სიკვდილით დასრულდა. ბასაევს ამასთანავე ბრალი ედებოდა 2004 წლის მაისში ჩეჩენთის პრო-რუსი პრეზიდენტის ახმედ კადიროვის მკვლელობაში. ასევე მის სახელთან იყო დაკავშირებული მრავალი ტერორისტული აქტი და მკვლელობა.

ტერაქტის შედეგები და პუტინის პოლიტიკა რედაქტირება

ბესლანის ტერაქტისა და მისი შედეგების გათვალისწინებით ვლადიმერ პუტინმა წარადგინა ახალი და ვრცელი ანტიტერორისტული მეთოდები. ამასთანავე, მან წარმოადგინა წინადადება, რომ რეგიონული მმართველები, მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩენთში, აღარ იქნებოდნენ ხალხის მიერ არჩეულნი და დაინიშნებოდნენ პრეზიდენტის მიერ. აღნიშნულმა კანონმა, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ფაქტობრივად რუსეთი დააბრუნა მმართველობის უნიტარულ სისტემაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა.

ბესლანის ტერაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რედაქტირება

ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში მოიწვიეს რუსეთის საპარლამენტო კომისია, რომელმაც 2006 წლის დეკემბერში წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხსნებოდათ პასუხისმგებლობა ალყის შედეგებზე. აღნიშნული ანგარიშის დეტალები წინააღმდეგობაში მოდიოდა თვითმხილველთა ჩვენებებთან. ტერაქტისგან გადარჩენილები და მხვერპლთა ოჯახის წევრები ოფიციალურ ანგარიშს მიიჩევდნენ ხელისუფლების შეცდომების დამალვის მცდელობად.

2007 წლის ნოემბერში დაღუპულების ოჯახის წევრებმა და გადარჩენილებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. 2011 წელს კი მეორე სარჩელი შეიტანეს ტრაგედიის დროს გადარჩენილმ 55 პირმა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

რუსეთმა, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მყისიერად დაგმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიჩნია იგი „მიუღებლად“ და განაცხადა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებდა მას.

ბესლანის ტრაგედია და მედია რედაქტირება

ბესლანის ტერაქტის განმავლობაში კრემლი მკაცრად აკონტროლებდა ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, არ ასაჯაროებდა მძევლების ზუსტ რაოდენობას, არ აცხადებდა ტერორისტების მოთხოვნებს და არც მათ იდენტობას აღწერდა.

რუსული არხები პირდაპირ ეთერში არ გადასცემდნენ ბესლანში მიმინარე მოვლენებსა და საბრძოლო მოქმედებებს ნახევარ საათზე მეტი ხნის მანძილზე. მედია მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა და თავს არიდებდა სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას. შესაბამისად, საზოგადოებამ არ იცოდა რეალურად რა ხდებოდა ბესლანში. პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც განცხადება გააკეთა ბესლანში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რუსეთის დუმის დეპუტატი მიხაილ მარკელოვი იყო. მას შემდეგ რაც მოწმეებმა განაცხადეს, რომ სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა 800 ადამინაზე მეტი, მარკელოვმა მყისიერად რადიოში გამოაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ 100 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

კრემლის მხრიდან კიდევ ერთი საშუალება მედიის კონტროლისა, რეპორტიორების ბესლანში არშეშვება იყო. რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც კრემლის რისხვა ჩეჩნეთის ფრონტიდან მწვავე რეპორტაჟების შედეგად დაიმსახურა, ბესლანში მიმავალ გზაზე ცუდად გახდა. მისი მტკიცებით ეს ყოველივე მოწამლული ჩაის შედეგი იყო. ანდრეი ბაბიცკი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი, დააპატიმრეს ყალბი საბაბის საფუძველზე მოსკოვის აეროპორტში. რუსეთის ხელისუფლების მიერ ასევე მკაცრად კონტროლდებოდა ბეჭდური მედია. მოსკოვის ყოველდღიური გაზეთის „იზვესტიას“ რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს გაზეთში დაბეჭდილი ფოტოს გამო, სადაც ბესლანელ მშობლებს სისხლიანი შვილები ეკავათ ხელში.

თავად პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა ტელევიზიაში და ეთერში დაიფიცა, რომ მიმდინარე სიტუაციაში ხელისუფლების ძირითადი მიზანი რასაკვირველია მძევლების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო.

რაც შეეხება კრიზისის ბოლო დღესა და უცნაური აფეთქებებს, რუსულმა მედიამ ყოველივე ეს მხოლოდ ერთი საათის შემდგომ გააშუქა, მაშინ როდესაც ბრძოლას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ BBC და CNN. პირველმა არხმა მოლოდ 6 წუთი დაუთმო ბესლანის საკითხს და შემდგომ ბრაზილიური სერიალის ჩვენება გაანგრძო. მხოლოდ ერთადერთი დამოუკიდებელი მაუწყებელი რადიო სადგური „Эхо Москвы“ ამეორებდა CNN-ის გადაცემას იმისათვის, რომ მსმენელებისთვის შეეტყობინებინა თუ რა ხდებდა რეალურად ბესლანში, რადგან მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო არხები გადასცემდნენ ინფორმაციას ბესლანზე, ისინი არ აჩვენებდნენ იქ არსებულ რეალურ ვითარებას.

ბესლანის ტერაქტი და საქართველო რედაქტირება

ბესლანის ტერაქტის პირველივე დღიდან რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და ანალიტიკოსებმა ტერაქტრი საქართველოს მონაწილეობის ნაკვალევის ძიება დაიწყეს. რუსეთმა მაშინვე სცადა დაეკავშირებინა ბესლანის სკოლის სასაკლაო იმ ტერორისტებთან, რომლებიც თითქოსდა პანკისის ხეობაში გადიოდნენ მომზადების პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთისათვის პანკისის ხეობა დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა ჩეჩენი ამბოხებულებისათვის უსაფრთხო სამოთხედ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავდა კავშირებს სამხრეთ ოსეთსა და ბესლანში მიმდინარე მოვლენებს შორის. ამასთანავე, რუსულ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესლანის ტერაქტის ერთ-ერთი ტერორისტი იმალებოდა კოდორის ხეობაში, აფხაზეთში. საქართველოს ხელისუფლება უარყოფდა რუსეთის მსგავს ბრალდებებს და აცხადებდა, რომ საზღვრები მკაცრად კონტროლდებოდა.

მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, ქართულ მედიაში, კერძოდ კი ტელეკომპანია „მზის“ ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესალნის ტერორისტების ფურგონის სანომრე ნიშნები აჩვენებდა, რომ ავტომანქანა სამხრეთ ოსეთში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული საკითხი ოფიციალურად არ დადასტურებულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს სპეციალური სამსახურები გამოიძიებდნენ აღნიშნულ შემთხვევას.

ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით ფხიზლად და გაეძლო რუსეთის მხრიდან მომავალი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისათვის. ყოველივე ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის ბრძანება გაძლიერებულიყო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის კონტროლი.

ბესლანის ტერაქტი და ქართველი ჟურნალისტები რედაქტირება

4 სექტემბერს ბესლანში ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ დააპატიმრა რუსთავი 2-ის რეპორტიორი ნანა ლეჟავა დაა ოპერატორი ლევან თეთვაძე. დაკავებისას პოლიციამ იმ ვიდეოკასეტების კონფისკაცია მოახდინა, სადაც ბესლანის მაცხოვრებელების ინტერვიუები იყო ჩაწერილი. ჩრდილეოთ ოსეთის პოლიციის ოფიციალური პირების განცხადებით, ლეჟავას და თეთვაძეს ბრალი ედებოდათ საზღვრის უკანონო კვეთაში, რადგან არ ჰქონდათ რუსული ვიზები ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური პრესის საშვები. რუსთავი 2 ამტკიცებდა, რომ ლეჟავასა და თეთვაძეს არ სჭირდებოდათ რუსული ვიზა ჩრდილეოთ ოსეთში გადასასვლელად, რადგან მათ გააჩნდათ საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე ყაზბეგის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მოწმობები.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად 6 სექტემბერს რუსეთის საელჩოს წინ ქართველმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მოითხოვდნენ მათი კოლეგების სასწრაფოდ გათავისუფლებას. ჟურნალისტების გათავისუფლების საკითხში ასევე ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს ბესალნის ტრაგედიასთან დაკავშირებულ თანაგრძნობის წერილთან ერთად ასევე გაგუზავნა მეორე წერილიც, სადაც იგი კოლეგისაგან მოითხოვდა პირადად ჩართულიყო ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების პროცესში.

მიუხედავად საქართველოს დიპლომატიური მცდელობებისა, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პუტინისადმი გაგზავნილი წერილისა, ჟურნალისტები არ გაათავისუფლეს. ამასთანავე, მათ საკნებში არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც მოსკოვში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ პირებს. რუსი გამომძიებელების განცხადებით, ჟურნალისტებს შესაძლებელია წინასწარ სცოდნოდათ ტერორისტების გეგმები, რადგან ისინი ბესლანში ინციდენტამდე ჩავიდნენ. რუსთავი 2 ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები ბესლანში ჩავიდნენ ტერორისტების სკოლაზე შეტევიდან მხოლოდ 9 საათის შემდეგ. ტელეკომპანიის განცხადებით მათი ჟურნალისტები დაკავებულები იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ობიექტურად აშუქებდნენ ბესლანის ტერაქტს და ქალაქში მიმდინარე მოვლენებს.

8 სექტემბერს ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს. მათზე სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება