ბენაზირ ბჰუტო (ურდუ بینظیر بھٹو; დ. 21 ივნისი 1953, კარაჩი, პაკისტანი — გ. 27 დეკემბერი, 2007, რავალპინდი) – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წწ. და პირველი შიიტი მუსლიმი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[1] იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი და ქვეყნის 11-ე პრეზიდენტის — ასიფ ალი ზარდარის მეუღლე იყო. მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს სახალხო პარტიის მიტინგზე პაკისტანის ქალაქ რავალპინდში.

ბენაზირ ბჰუტო
ბენაზირ ბჰუტო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 1988 – 6 აგვისტო 1990
პრეზიდენტი  გულამ ისხაკ ხანი
წინამორბედიმუჰამედ ზია-ულ ჰაკი
მემკვიდრეგულამ მუსტაფა ჯატოი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 1993 – 5 ნოემბერი 1996
პრეზიდენტივასიმ საჯადი
ფარუხ ლეგარი
წინამორბედიმოენუდინ აჰმად ქურეში
მემკვიდრემალიკ მერაჯ ხალიდი

სახალხო პარტიის ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ნოემბერი 1982 – 27 დეკემბერი 2007
წინამორბედინუსრატ ბჰუტო
მემკვიდრეასიფ ალი ზარდარი
ბილავალ ბჰუტო ზარდარი

დაბადებული21 ივნისი, 1953
კარაჩი პაკისტანი
გარდაცვლილი27 დეკემბერი, 2007 (54 წლის)
რავალპინდი პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის სახალხო პარტია
მეუღლეასიფ ალი ზარდარი
შვილებიბილავალი,
ბახტავარი,
ასიფა.
რელიგიაისლამი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ბენაზირ ბჰუტო დაიბადა 1953 წელს, კარაჩიში, ბენაზირის მამას, ზულფიკარ ალი ბჰუტოს, ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული და თავისი ქალიშვილი ისლამური წესების მიხედვით არ აღუზრდია. დედა ნუსრატ ბჰუტო – ირანულ-ქურთული წარმოშობის შიიტი იყო.[2][3][4] ბენაზირ ბჰუტო იგონებდა:

 
„მამაჩემი მორწმუნე მუსლიმი იყო, როცა დედამ 12 წლის ასაკში თავსაბურავი მომახვია, მამამ უთხრა მას: დაე, ის გაიზარდოს და თვითონ გადაწყვიტოს, გამოაჩინოს სახე თუ დაიფაროს – ისლამი აძლევს ქალს უფლებას, განკარგოს საკუთარი ცხოვრება თავისი შეხედულებისამებრ. ამის შემდეგ მე არ მიტარებია ჩადრი.[5]

განათლება რედაქტირება

ბენაზირ ბჰუტომ საშუალო განათლება პაკისტანში მიიღო. თავისუფლად ფლობდა ინგლისურსა და ურდუს. 1969-1973 წლებში სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) კოლეჯში და მიიღო ბაკალავრის დიპლომი სახელმწიფო მართვაში. მოგვიანებით ბჰუტო ამ წლებს ასე იხსენებდა:

 
„ჩემი ცხოვრების ოთხი უბედნიერესი წელი, როდესაც პირველად შევიგრძენი „დემოკრატიის სურნელი“.[5]

მისი განათლების შემდგომი ეტაპი უკავშირდება დიდ ბრიტანეთს. 1973-1977 წწ. ბენაზირი სწავლობდა პოლიტოლოგიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას ოქსფორდის უნივერსიტეტის ლედი მარგარეტ ჰოლის კოლეჯში. სწავლის დასრულების შემდეგ ისმენდა ერთწლიან კურსს საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიაში. სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა ორატორული მონაცემებით. იგი აირჩიეს პრესტიჟული სადისკუსიო კლუბის „ოქსფორდის კავშირის“ ჯერ კომიტეტის მუდმივ წევრად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად (1976 წლიდან).

კარიერა რედაქტირება

1977 წელს ბენაზირ ბჰუტო დაბრუნდა პაკისტანში. ამ დროს მამამისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია (1973-1977), რომელმაც ბენაზირი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამ რანგში მას ცოტა ხნით მოუხდა მუშაობა. 1977 წლის 5 ივლისს პაკისტანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ზიაულ ჰაკმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ხელისუფლება ხელში აიღო და ქვეყანაში სამხედრო რეჟიმი დაამყარა. 1977 წლის სექტემბერში მთავრობა დაითხოვეს. 1979 წელს ზულფიკარ ალი ბჰუტოს ბრალი დასდეს თავისი პოლიტიკური ოპონენტის შეკვეთილ მკვლელობაში, რისთვისაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ თვით ბენაზირ ბჰუტო 7-ჯერ დაპატიმრეს და არაერთხელ იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. მამის დაპატიმრებამ აიძულა, ჩაბმულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი თავის მემუარებში „აღმოსავლეთის ქალიშვილი“ წერს:

 
„მე არ ამირჩევია ეს ცხოვრება, ეს მან ამირჩია მე.[5]

1984 წელს ბენაზირს ნება დართეს წასულიყო დიდ ბრიტანეთში მკურნალობის მიზნით. დევნილობაში ყოფნის დროს ხელმძღვანელობდა მამის მიერ დაარსებულ პაკისტანის სახალხო პარტიას.

პრემიერობის პირველი ვადა რედაქტირება

 
ბენაზირ ბჰუტო ვაშინგტონში, 1989 წ.

1988 წელს პრეზიდენტი ზიაულ ჰაკი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რის შემდეგაც ბენაზირს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. 1988 წლის 16 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებისათვის ბრძოლა, ძირითადად პაკისტანის სახალხო პარტიასა (ბენაზირ ბჰუტოს ხელმძღვანელობით) და ისლამური დემოკრატიული ალიანსიდან პაკისტანის მუსლიმურ ლიგას (ნავაზ შარიფის ხელმძღვანელობით) შორის მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს სახალხო პარტიამ და დემოკრატებმა. ბენაზირ ბჰუტომ პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (1988-1990), რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მამის პოპულარობამ. ბჰუტომ პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი ლოზუნგები, მათ შორის სიტყვა „სოციალიზმი“. ბჰუტოს მეუღლემ ასიფ ალი ზარდარიმ დაიკავა ფინასნსთა მინისტრის თანამდებობა და შევიდა მთავრობის შემადგენლობაში. ახალმა კაბინეტმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია სოციალური და პოლიტიკური რეფორმების პროგრამის განხორციელებაში, დაარეგულირა ურთიერთობა ყოფილ მოწინააღმდეგესთან – ინდოეთთან. თუმცა ბენაზირ ბჰუტოს მმართველობა აღინიშნა ქვეყანაში კორუფციის დონის მკვეთრი მატებით. ამასთან კორუფციულ სკანდალებში არაერთხელ წამოტივტივდა მისი ქმრის სახელი, რომელსაც მეტსახელად „10 %-ის ბატონი“ შეარქვეს, რადგანაც ინვესტორებისაგან კაპიტალდაბანდების 10 %-ს ითხოვდა. სკანდალს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რადგანაც ასიფ ალი ზარდარის ბრალდებებს უყენებდნენ არა მხოლოდ პაკისტანის, არამედ დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის სამართალდამცავი ორგანოები. ამ პერიოდში ბჰუტო ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, თავს არიდებდა დებატებს პარლამენტში და იღებდა სპონტანურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ეს პროცესები დასრულდა იმით, რომ 1990 წელს პრეზიდენტმა გულამ ისხაკ ხანმა დაითხოვა მინისტრთა კაბინეტი ბენაზირ ბჰუტოს თავჯდომარეობით.

პრემიერობის მეორე ვადა რედაქტირება

თუმცა, 1993 წლის არჩევნებში ბენაზირ ბჰუტომ გამარჯვებას მიაღწია კორუფციასა და სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგით. მიუხედავად ამისა, პაკისტანის სახალხო პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე მისი მოწინააღმდეგის (მუსლიმური ლიგა). ამიტომ ბენაზირ ბჰუტო იძულებული იყო კონსერვატორულ პარტიასთან კოალიციაში ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა. პრემიერ-მინისტრობის მეორე ვადაში ბჰუტომ ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები გაატარა:დაიწყო ნავთობსადენების ნაციონალიზაცია; მოიზიდა თანხები სოციალური პროგრამების განსახორციელებლად; უწიგნურობის დონე ქვეყანაში შეამცირა 1,3-ჯერ; დაძლეულ იქნა ბავშვთა სნეულება – პოლიომიელიტი; უზრუნველყოფილ იქნა სოფლების ელექტროფიკაცია და სასმელი წყლით მომარაგება; შემოღებულ იქნა უფასო ჯანდაცვა და განათლება, გაიზარდა ამ სფეროების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზარდა უცხოური ინვესტიციები; პაკისტანის განვითარების ტემპი უფრო მაღალი იყო ვიდრე მეზობელი ინდოეთის. ბენაზირ ბჰუტოს რეფორმებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა არა მარტო პაკისტანში, სადაც ის ფანატიკური თაყვანისცემის ობიექტი გახდა, არამედ საზღავრგარეთაც.

1996 წელს ბჰუტო შევიდა გინესის წიგნში, როგორც წლის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პოლიტიკოსი.[6] მან ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენი და მრავალი სხვა ჯილდო მიიღო.

საგარეო პოლიტიკაში ბენაზირ ბჰუტო დამოუკიდებლობის დემონსტრაციას ახდენდა. ის აგრძელებდა ატომური იარაღის შექმნის პროგრამის პროგრამის დაფინანსებას. ავღანური მოძრაობა თალიბანის დახმარებით დიდი დარტყმა მიაყენა ნარკოტიკებით ვაჭრობას. დაიწყო თანამშრომლობა რუსეთთან, და ხელი შეუწყო იმ რუსი ჯარისკაცების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერ კიდევ სსრკ-ავღანეთის ომის დროს ტყვედ ჩაუვარდნენ მოჯაჰიდებს.

ზემოთაღნიშნული წარმატებების მიუხედავად, კორუფციამ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია, ვიდრე ბენაზირ ბჰუტოს პირველი პრემიერობის დროს. მისი ქმარი კვლავ დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში. ბჰუტოს ძმა, რომელიც გამოვიდა ამ საქმის დეტალური გამოძიების მოთხოვნით, მოკლეს კარაჩიში, პოლიციასთან შეტაკების დროს. მის მკვლელობაში ბენაზირ ბჰუტო და მისი მეუღლე დაადანაშაულეს. ამას მოჰყვა მუსლიმი ფუნდამენტალისტების გავლენის გაზრდა და ბჰუტოს პოპულარობის დაცემა. შესაბამისად, 1996 წელს ბენაზირის მთავრობა იძულებული იყო ეცნო თალიბანის რეჟიმი ავღანეთში. თუმცა იმავე წლის ბოლოს მთავრობა დათხონილ იქნა.

1997 წლის საპარლამენტო არჩევნებში პაკისტანის სახალხო პარტია დამარცხდა – 217 ადგილიდან მხოლოდ 17 მიიღო. 1998 წლის დაასაწყისში ბენაზირ ბჰუტოს, მის ქმარს და დედას ოფიციალური ბრალდება წაუყენეს– დაადანასაულეს კორუფციაში, გაყინეს მათი ანგარისები ბრიტანეთისა და შვეიცარიის ბანკებში. 1999 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედროები პერვეზ მუშარაფის მეთაურობით, რამაც კიდევ უფრო გაართულა ვითარება ქვეყანაში.

ემიგრაცია რედაქტირება

ბენაზირ ბჰუტოს ბრალი დასდეს ფინანსურ მაქინაციებში და შეკვეთილ მკვლელობებში, რის გამოც იძულებული გახდა მეორედ დაეტოვებინა ქვეყანა. მისმა მეუღლემ, დაახლოებით 5 წელი გაატარა ციხეში, ბჰუტო შვილებთან ერთად წავიდა დუბაიში, სადაც 2004 წელს ჩავიდა მისი ქმარიც. 2001 წელს, პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ ახალი პროცესი წამოიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო. ამ მიზეზით ბჰუტო ვერ დარეგისტრირდა კანდიდატად პაკისტანის 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2003 წელს შვეიცარიის სასამართლომ ბრალი დასდო ბენაზირ ბჰუტოს და მის ქმარს ფულის გათეთრებაში და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა (სასჯელის აღსრულების გადავადებით). ემიგრაციაში ყოფნის დროს (დუბაისა და ლონდონში) ბჰუტო გამოდიოდა ლექციებით და მჭიდრო კავშირი ჰქონდა პაკისტანის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობასთან.

დაბრუნება რედაქტირება

2007 წლის იანვარში, დუბაიში გაიმართა ბენაზირ ბჰუტოსა და პაკისტანის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის შეხვედრა, რის შემდეგაც 2007 წლის 18 ოქტომბერს ბჰუტო დაბრუნდა სამშობლოში რვაწლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ. კორტეჟის მსვლელობის დროს, მისმა მოწინააღმდეგეებმა ტერაქტი განახორციელეს, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 500 – დაიჭრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბენაზირ ბჰუტო აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში. 2007 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ბჰუტომ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს უწოდა „შემაფერხებელი დემოკრატიის გზაზე“ და ხაზი გაუსვა, რომ მისი გადაგომა აუცილებელი იყო „პაკისტანის გადასარჩენად“.

გარდაცვალება რედაქტირება

 
მემორიალი გარდაცვალების ადგილზე

2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში, ბენაზირ ბჰუტო გახდა ტერორისტული აქტის მსხვერპლი, სადაც თავისი მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოდიოდა. ბჰუტომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ადგილობრივი დროით 17:35 სთ-ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა 18:16 სთ-ზე.[7][8] თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან განაცხადა:

 
„მე საფრთხეში ვაგდებ ჩემს სიცოცხლეს, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია. ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან.“

ბენაზირ ბჰუტო დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ლარკანაში, საოჯახო მავზოლეუმში.[9][10] არაბული პრესის თანახმად, „ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა იყო ორმაგი მკვლელობა – ერთი მხრივ, დიდი (შეიძლება უდიდესიც) პოლიტიკური მოღვაწის და, მეორე მხრივ, პაკისტანის დემოკრატიული განვითარებისა.“

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მედია მასალები
სტატიები

სქოლიო რედაქტირება

  1. "Benazir Bhutto: Daughter of Tragedy" by Muhammad Najeeb, Hasan Zaidi, Saurabh Shulka and S. Prasannarajan, India Today, January 7, 2008
  2. Benazir Bhutto "My mother's kurdish culture"
  3. Begum Nusrat Bhutto დაარქივებული 2011-03-12 საიტზე Wayback Machine. Background
  4. Begum Nusrats Biography დაარქივებული 2019-02-06 საიტზე Wayback Machine. Bhutto.org
  5. 5.0 5.1 5.2 Benazir Bhutto „Daughter of the East“
  6. Pakistan in Guinness Book of World Record
  7. „Benazir Bhutto 'killed in blast'. BBC News. 2007-12-27. ციტირების თარიღი: 2010-01-01.
  8. „Benazir Bhutto assassinated“. CNN. 2007-12-27. ციტირების თარიღი: 2010-03-31.
  9. „Bhutto's body flown home“. CNN Asia. 2007-12-27.
  10. Pakistanis Bury Bhutto and Brace for More Turmoil 29 December 2007.