ბაურაყის ეკლესია
ბაურაყის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭალისოფლის დასავლეთით, 3 კილომეტრზე, ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ფორმამიცემული ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია სამხრეთ მინაშენი, ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი; ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა ფარავს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი და ერთი საფეხურით შემაღლებული საკურთხეველია. საკურთხევლის ქვედა ნახევარი სწორკუთხაა, ზედა - ნახვარწრიული. საკურთხევლის სწორკუთხა გეგმიდან ნახევარწრიულ მოხაზულობაზე გადასვლა კუთხეებში მოწყობილი მოზრდილი ტრომპებით ხდება. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ერთი მსგავსი ნიშია დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთან. საკურთხეველში ქვით ნაშენი კუბური ტრაპეზი დგას. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლით. თითო სწორკუთხა სარკმელია სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდეში და დასავლეთ კედლის ღერძზე. სამივე სარკმელს საფეხუროვანი რაფა აქვს. ინტერიერი შელესილია. დარბაზის ნახევარწრიული კამარა შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილი საბჯენი თაღით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგანაც დასავლეთისა თითქმის ორჯერ უფრო მოზრდილია. ამ ნაწილში კარის არქიტრავის თავზე. ღრმა და მაღალი თაღოვანი ნიშია. დარბაზის კედლებს, მთელს სიგრძეზე, საფეხური გასდევს. ფასადები სადაა, სამხრეთის ფასადზე შემორჩენილია კედლიდან შვერილი ქვებით გამოყვანილი თარო, რომელზეც მინაშენის კამარა იყო დაყრდნობილი. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ერთი ქვა სამხრეთ ფასადს შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კასრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 351-352.