ბანცურთკარის წმინდა კვირიკეს ეკლესია
ბანცურთკარის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანცურთკარის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. სამხრეთიდან ეკვრის მინაშენი. დარბაზული ეკლესია მინაშენიანად (7,3 x 7,1 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. წყობაში აქა-იქ გამოყენებულია შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები. დანგრეულია მინაშენის კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიაში შესასვლელი მინაშენიდანაა, მინაშენში - სამხრეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის გარეთა ღიობი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. მინაშენშიც მხოლოდ ერთი სწორკუთხა სარკმელია (აღმოსავლეთით).
ლიტერატურა
რედაქტირება- პიკაჩეიშვილი. პ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 226.