ახალი წელი აზერბაიჯანში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალი წელი აზერბაიჯანში — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს. ყველა ხალხის მსგავსად, აზერბაიჯანელებსაც უყვართ ახალი წელი და ამ დღეს განსაკუთრებულად ზეიმობენ. ზეიმობენ პირველ იანვარს. უწინ საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანის, ირანის, ცენტრალური აზიის ზოგ ქვეყანასა და რუსეთის აზიატურ ნაწილში ახალი წელი საგაზაფხულო ბუნიაობას ემთხვეოდა. დიახ, სწორედ ნოვრუზის დღესასწაულზე ზეიმობდნენ ახალ წელს, თუმცა დღეს ასე აღარ არის.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანელები გემრიელი კერძების მომზადების დიდი ოსტატები არიან და მათი სამზარეულო ამ მხრივ საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. აზერბაიჯანული ეროვნული კერძები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალი წელი კი განსაკუთრებული შემთხვევაა. საახალწლო სუფრა თითქმის ყველა ოჯახში გადატვირთულია და თითოეული დიასახლისი ამაყობს საკუთარი კულინარიული ხელოვნებით.

აზერბაიჯანში საახალწლო ტრადიციული საკვები არომატული მწვანე ფოთლებიანი თეფშით იწყება, რომლესაც გოი (მწვანილი) ჰქვია. ასევე მასთან ერთად სუფრაზე იდება პური (ჩორეკ) და ყველი (პენდირ). ცხელი კერძები ხორცისა და თევზისგან მზადდება, რასაც თან ახლავს ძალიან ბევრი ბოსტნეულის სალათი.

საახალწლო სუფრაზე ორი სახეობის სალათი – ქალაქური და ოლივიე დევს, რომლითაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული წარმატებით ავსებენ აზერბაიჯანულ ტრადიციულ სუფრას. ცხელი კერძების გარეშეც წარმოუდგენელია საახალწლო სუფრა, არის ლიავიანგი, აზერბაიჯანული ფლავი და ტოლმა.

არსებობს რამდენიმე სახეობის აზერბაიჯანული ფლავი: კაურმა-ფლავი (ცხვრით), ტურშუ-კაურმა-ფლავი (ცხვრითა და მჟავე ხილით), ტოიუგ-ფლავი (მოხრაკული ქათმის ნაჭრებით), ტიარჩილო-ფლავი (ქათმით, ან წიწილის ფარშით), ჩიხირთმა-ფლავი (ქათმით, ჩახლილი კვერცხით), ფისინჟან-ფლავი ( გარეული იხვით, თხილით, მჟავე ხილითა და დარიჩინით), სიუდლუ-ფლავი (რძიანი) და შირინფლავი (ტკბილი ხილით).

ლიავიანგი წიწილის, ან თევზის შესანიშნავი კერძია, რომელიც ტრადიციულად აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებში მზადდება. კერძის შიგთავსს ამზადებენ წვრილად დაჭრილი ხახვის, გატარებული ნიგვზის, აღმოსავლური და სხვა სუნელებისგან. თუ ლიავიანგას თევზისგან ამზადებენ, მაშინ შიგთავსს ხიზილალასაც უმატებენ. ამ შიგთავსს ათავსებენ წიწილას, ან თევზში, კერავენ და პირდაპირ ტანდირში უშვებენ.

საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად დაინახავთ არაყს, ღვინოს, ან უალკოჰოლო სასმელებს.

ახალი წლის ღამეს აზერბაიჯანელებს აქვთ ე.წ გოგრის რიტუალი - გოგრას ტოვებენ კარების უკან ახალი წლის ღამეს, მერე გააგორებენ და გაჩეხავენ. ეს აზერბაიჯანული ტრადიციაა. თუ ამ რიტუალს არ შეასრულებენ, გონიათ, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება. ახალი წლის ღამეს კარის უკან ასევე უნდა იყოს ახალი ცოცხი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება