აწრისხევის წმინდა მარიამის ეკლესია

აწრისხევის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ აწრისხევში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია დიდი თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. ნახევარსფერული კონქი ხისაა. ხისავე სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. გრძივი კედლები შემორჩენილია 8-9 მეტრის სიმაღლეზე. კედლებს წყვილი პილასტრი თითქმის თანაბარ ნაწილებად ჰყოფს. პილასტრების კაპიტელებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. შემორჩენილია თაღის ქუსლი. მაღალი თაღოვანი სარკმლები სიმეტრიულადაა განლაგებული. სარკმლის თაღები სოლისებრი ქვებითაა გადაყვანილი. მთლიანად შებათქაშებული ინტერიერი, ამჟამად დაფერილია ცისფერი საღებავით. ბათქაში მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. იატაკი მიწურია. ეკლესიას თაღოვანი შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელის ღერძზე ქვის ფილაზე ჯვრის გამოსახულებაა. ჯვრის ქვემოთ მხედრული წარწერაა, რომელიც დაზიანების გამო არ იკითხება. დასავლეთიდან ეკლესიას თაღოვანი, სამსართულიანი სამრეკლო აქვს, რომლის თაღებით გახსნილი პირველი სართული ეკლესიის კარიბჭედაა გამოყენებული. სამრეკლო ნაგებია თლილი ქვის ღვინისფერი კვადრებით. თაღები ეყრდნობა სწორკუთხა სვეტებს. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები სრულიად სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. საბურავად თუნუქია გამოყენებული. კამარა ჩამოქცეულია. კედლებზე მცენარეებია ამოსული. სამრეკლოს საბურავი დაზიანებულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002,გვ., 24-25