აწრისხევის ციხე — ციხესიმაგრე სოფელ აწრისხევის მახლობლად (ერედვის მუნიციპალიტეტი), მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.

აწრისხევის ციხე

ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

„...არს აწერის-ხევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ.[1]

შანშე ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დატყვევა ნადირ-შაჰმა. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს ქსნის საერისთავოში შედიოდა.[2]

ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.

გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველო, ენციკლოპედია, თბ., 1997.
  • მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.
  • შიდა ქართლი I, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, თბ., 2002.
  • „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ.

სქოლიო რედაქტირება

  1. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 362
  2. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 517