აქემენიდური არქიტექტურა

აქემენიდური არქიტექტურა მოიცავს სპარსეთის აქემენიანთა იმპერიის მიღწევებს სამთავრობო და საცხოვრებელი ქალაქების (პერსეპოლისი, სუზა, ეკბატანა), საკულტო და სოციალური დანიშნულების ტაძრების (ზოროასტრული ნაგებობები) და დაღუპულ მეფეთა სადიდებლად აღმართული მავზოლეუმების (მაგ. კიროს დიდის საფლავი) მშენებლობაში. იმდროინდელი სპარსული ხუროთმოძღვრების მთავარი მახასიათებელი იყო ეკლექტიკურობა, რაც ასირიული, ეგვიპტური, მიდიური და აზიური ბერძნული ელემენტების შეჯერებაში გამოიხატა, თუმცა საბოლოოდ მასში უნიკალურმა სპარსულმა იდენტობამაც ჰპოვა ასახვა.[1] სამეცნიერო სივრცეში აქემენიდური არქიტექტურა თავისი სტილის მიხედვით სპარსული არქიტექტურის შემადგენელ ნაწილად განიხილება.[2]

აქემენიანთა არქიტექტურის დასაბამია დაახ. 550 წელი ძვ. წ. აღრიცხვით – იმპერიის გაფართოების ხანა. ეს იყო პერიოდი ხელოვნების განვითარებისა, რომელმაც დატოვა დიდი არქიტექტურული მემკვიდრეობა, დაწყებული კიროს დიდის აკლდამით ფასარგადში, დამთავრებული მდიდრული პერსეპოლისის გრანდიოზული ნაგებობებით.[3] მშენებლობის აქემენიდური ტრადიციები აღდგა მეორე სპარსული იმპერიის გამოჩენასთან ერთად – სასანიდებმა ცეცხლის კულტს მიუძღვნეს ტაძრები და ააგეს მონუმენტური სასახლეები.[3]

იმ დროიდან შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპარსული კონსტრუქცია პერსეპოლისის ნანგრევებია. დარიოს დიდის მიერ ადმინისტრაციული და საცერემონიო დანიშნულებით დაარსებული ქალაქი ქვეყნის ოთხ დედაქალაქთაგან ერთ-ერთი იყო. მას ასი წელი აშენებდნენ, თუმცა ძვ. წ. აღ. 330 წელს ალექსანდრე მაკედონლის ჯარმა გაძარცვა და გადაწვა.[4] პერსეპოლისის მსგავსი ინფრასტრუქტურა დარიოსმა სუზასა და ეკბატანაშიც შექმნა. დანიშნულება იგივე იყო: წარჩინებულ უცხოელთა და უცხო ქვეყნების დელეგაციების მიღება, სამეფო ცერემონიების აღსრულება და მეფეთა დაბინავება.

ფასარგადი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ კიროს დიდი ანტიკური მსოფლიოს დიდ ნაწილს აკონტროლებდა, იმ ეპოქის სხვა მმართველებთან შედარებით, მისი აკლდამა უკიდურესი სისადავით გამოირჩევა. ამას მნახველზე დიდი ეფექტი აქვს, რამდენადაც სახურავის ქვეშ მდებარე კარნიზისა და მცირე შესასვლელის თავზე გაკეთებული როზეტის გარდა ძეგლზე არცერთი სტილისტური გადახვევა არ გვხვდება.[5]

პერსეპოლისი რედაქტირება

სახელწოდება ლათინიზებული ფორმაა ძველი სპარსული სახელისა, „ფარსა“, და სპარსელთა ქალაქს ნიშნავს. ძვ. წ. აღ. დაახ. 518 წელს დაარსებული ქალაქი გაიზარდა და იქცა რიუტუალთა აღსრულებისა და კულტურის ცენტრად, სატრაპთა მიერ შაჰისათვის ნოვრუზის დღესასწაულზე ძღვნის მისართმევ ადგილად და სამეფო რეზიდენციად, საიდანაც ხელისუფლება აღესრულებოდა.[6] პერსეპოლისის სიმდიდრე ცნობილი იყო მთელ ანტიკურ სამყაროში. ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი მას მოიხსენიებს „მზის ქვეშ ყველაზე მდიდარ ქალაქად“. მისი ნაშთები ფარსის ოსტანის ქალაქ შირაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კილომეტრში მდებარეობს. საქალაქო კომპლექსი 40 ფუტით შემაღლებულ მასივზეა გაშენებული, სიგანით 100 ფუტი, სიგრძით კი 3 მილი. ის მოიცავს დარბაზებს, დერეფნებს, ვრცელ ტერასას და ტერასის ზედა ნაწილზე ასასვლელ სპეციალურ ორმაგ კიბეს. კიბეზე გამოსახულია ყოველდღიური ცხოვრებისა და ბუნების ამსახველი რელიეფები, როგორც პირდაპირი მნიშვნელობის მატარებელი, ისე მეტაფორული. არის სცენები, რომლებშიც ლომის თავის მსხვერპლს ესხმის თავს, თუმცა გაზაფხულისა და ნოვრუზის სიმბოლიზმს ატარებს. სხვა სცენებზე გამოსახულია, თუ როგორ მიაქვს იმპერიის ყველა შემავალ ნაწილს მეფისათვის ძღვენი. გვხვდები მცველების გამოსახულებები და მათი კარისკაცებთან დამოკიდებულების გამომხატველი სცენები.[6] კიბეს ზოგჯერ „ყველა ქვეყნისადაც“ მოიხსენიებდნენ.

სუზა რედაქტირება

ქალაქი სუზა უკვე არსებობდა აქემენიდების მმართველობის დამყარებისას. მათი იმპერიის ნაწილი ის ძვ. წ. აღ. 539 წელს გახდა. ის გააფართოვა დარიოს პირველმა სასახლის მშენებლობით, რომელიც, თავის მხრივ, არტაქსერქსე მეორემ განავრცო. აქ კიროს დიდმა დამცავი კედელი ააგო, შესაძლოა იმ მიზნით რომ, სპარსეთის ყურიდან ჩრდილოეთით ვაჭრობა გაადვილებულიყო.[6] ერთ დროს დედაქალაქისგან შემორჩენილია ხუთი არქეოლოგიური მნიშვნელობის ბორცვი, რომლებიც 250 ჰექტარზეა გადაჭიმული.[7]

გალერეა რედაქტირება

თანამედროვეობა რედაქტირება

აქემენიდური სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტები ცოცხლობს თანამედროვე ირანულ არქიტექტურაში. განსაკუთრებით ფეჰლევიანთა დინასტიის მმართველობის დროინდელ შენობებში შეიმჩნევა აქემენიდური ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების მძლავრი ზეგავლენა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Charles Henry Caffin (1917). How to study architecture. Dodd, Mead and Company, გვ. 80. 
  2. Fallah'far, Sa'id (2010). The Dictionary of Iranian Traditional Architectural Terms (Persian: فرهنگ واژه‌های معماری سنتی ایران). Kamyab Publications, გვ. 44. ISBN 978-964-350-316-1. 
  3. 3.0 3.1 Marco Bussagli (2005). Understanding Architecture. I.B.Tauris, გვ. 211. ISBN 9781845110895. 
  4. Charles Gates (2003). Ancient cities: the archaeology of urban life in the Ancient Near East and Egypt, Greece and Rome. Psychology Press, გვ. 186. ISBN 9780415121828. 
  5. Ronald W. Ferrier (1989). The Arts of Persia. Yale University Press, გვ. 27–8. ISBN 0300039875. 
  6. 6.0 6.1 6.2 Aedeen Cremin (2007). Archaeologica: The World's Most Significant Sites and Cultural Treasures. frances lincoln Ltd, გვ. 227–29. ISBN 9780711228221. ციტირების თარიღი: 2018-11-01. [მკვდარი ბმული]
  7. (2000) Eerdmans dictionary of the Bible. Wm. B. Eerdmans Publishing, გვ. 1258. ISBN 9780802824004.