ატაბეს საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი

ატაბეს საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ატაბეს ჩრდილოეთ-დასავლეთით. ეკუთვნის პეტრე გოგოჭურს. აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში.

ნაშენია ნატეხი ქვით. კედლების ნაწილი შელესილია თიხანარევი ნაკელით. სახლი სამ სართულიანია. ჩრდილოეთიდან ეკვრის ორსართულიანი ნაგებობა. სახლის პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის წინ ხის აივანია, რომლის ჭერი ხის ხუთ სვეტს ეყრდნობა. აივნიდან დერეფანში ვხვდებით, ხოლო დერეფნიდან-ბოსელში. ბოსელი გაყოფილია ორ ნაწილად. დიდი ნაწილი საქონლის სადგომადაა გამოყენებული. მის სამხრეთ კედლის გასწვრივ გარკვეული რიგით აბამენ ხარებს, ძროხებს, ხბოებს. ბოსლის ნაწილს, სადაც ხარები და მოზვრებია, საბერწე ჰქვია. ბოსლის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ საცხვრე და საბატკანეა. პირველი სართულის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეს საცხოვრებლად იყენებდნენ და მას სამყოფი, საჯალაბო სახლი ანუ ქოით სახლი ერქვა. აქ კერაა გამართული. დასავლეთ კედელში დაჭრილია კვამლის გასასვლელი ოთხკუთხა ღიობი. სახლის მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ამ სართულს ჭერხო ერქვა და ადრე აქ მარტო მამაკაცები ცხოვრობდნენ.ჭერხოში კიდობანი, რამდენიმე ტახტი, ხის გრძელი სკამი და სხვადასხვა ზომის კასრები დგას. პირველი და მეორე სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია საძრომით. მესამე სართულზე სამეურნეო დანიშნულების ორი ფარდულია. მათ წინ, მეორე სართულის ბანზე მოწყობილია კალო. ქვითკირის პირველი სართულის დასავლეთ კედელში შესასვლელი და ყველა ნაგებობის გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. სახლის სართულშუა გადახურვის კოჭები, კედლებს გარდა, პირველი სართულის შუაში მდგარ მასიურ ქვის ბურჯს და გრძივი ღერძის გასწვრივ განლაგებულ ხის სამ სვეტს ეყრდნობა. სახურავი ბრტყელია, მიწურბანიანი, გამართულია ხის კოჭებზე, რომლებიც გრძივ ღერძზე განლაგებულ ხის რვა სვეტზეა დაყრდნობილი. სახურავიდან ჩამონადენი წყლისათვის გამოყენებულია ხის ღარები - „სანაწვეთები“.

ლიტერატურა

რედაქტირება