დავით არსენიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან არსენიშვილი, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.

დავით არსენიშვილი (დ. 13 დეკემბერი, 1905, ტყიბული — გ. 1963) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე.

ა.ანტანოსი. დავით არსენიშვილის პორტრეტი. ხელოვნების სასახლე

ბიოგრაფია რედაქტირება

1927 წელს დავით არსენიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად თბილისში თეატრალური მუზეუმი დააარსა (თანამედროვე ხელოვნების სასახლე — საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი), რომელიც ამ ტიპის პირველი სიძველეთსაცავი იყო ამიერკავკასიაში. მუზეუმს არსენიშვილმა პირად კოლექციაში არსებული 500 ექსპონატი შესწირა. ერთი წლის შემდეგ შემოწირულობებით მუზეუმს 3000-ზე მეტი ექსპონატი დაუგროვდა.

 
დავით არსენიშვილი (შუაში) მეგობრებთან ერთად თბილისში თეატრალური მუზეუმის დაარსების დღეს. 1927 წელი

1929 წელს დავით არსენიშვილმა გრიბოედოვის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყო თბილისში, ბაქოსა და ერევანში. მოგვიანებით თბილისის განათლების განყოფილებამ დავითის თხოვნით გამოფენა მუდმივმოქმედ ექსპოზიციად გადააქცია, რომელსაც მღვდელმა მაჭარაშვილმა ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავთან ახლოს მდებარე სახლში ორი ოთახი დაუთმო. არსენიშვილისა და ტიციან ტაბიძის აქტიური მცდელობით საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გრიბოედოვისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე საქართველოს ლიტერატურის მუზეუმად გამოაცხადა.

1930 წელს დავით არსენიშვილი გაემგზავრა მოსკოვში, რათა შეეგროვებინა და საქართველოში ჩამოეტანა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არსენიშვილმა მოსკოვში მიაკვლია 1913 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გახსნილი თავისუფალი თეატრის მთავარ ფარდას, აღნიშნული ხელოვნების ნიმუში საქვეყნოდ განთქმული რუსი მხატვრის კონსტანტინე სომოვის მიერ იყო შექმნილი. მოსკოვის საბჭოს და მოსკოვის პროფკავშირების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად დავით არსენიშვილმა მოახერხა და უძვირფასესი ხელოვნების ნიმუში თბილისში დაჯავშნული მატარებლით ჩამოიტანა. ფარდა ამჟამად საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული და რამდენიმე მილიონადაა შეფასებული.

დავით არსენიშვილმა რუსეთიდან ჩამოიტანა ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ XIX საუკუნის ბოლოს გადაღებული კავკასიის არქიტექტურის ამსახველი ბრწყინვალე ფოტოსურათები, რომლებიც დავითს, ერმაკოვის ქვრივმა გადასცა.

XX საუკუნის 30-იან წლებში დავით არსენიშვილმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირს“, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას ითხოვდა. არსენიშვილმა შეიტყო თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძრის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ეკლესიაში გადავიდა და მის თაღებქვეშ აღამებდა და ათენებდა. მეცნიერი აცხადებდა, რომ მზად იყო აფეთქებული ტაძრის ნანგრევებ ქვეშ მოყოლიყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საკითხის გამწვავებასა და აჟიოტაჟს უკან დახევა ამჯობინა. ხელოვნების სასახლეში შემორჩენილი საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დავით არსენიშვილს ანჩისხატის გადარჩენისათვის წამოწყებულ ბრძოლაში ფარულად ეხმარებოდა და აქტიურად მხარს უჭერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.

1941 წლიდან არსენიშვილი საქართველოს სამხატვრო ფონდების დავალებით აგროვებდა თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს. ამ კოლექციის საფუძველზე, თბილისში „სამხატვრო სალონი“ შეიქმნა.

1942-1949 წლებში დავით არსენიშვილი საქართველოს არქიტექტურულ ძეგლთა დაცვის სექტორს ხელმძღვანელობდა, ამ პერიოდში მან მიაგნო ვახტანგ VI-ის სტამბის საძირკველს და მისი კონსერვაცია მოახდინა, ასევე დანგრევას გადაარჩინა როსტომ მეფის თბილისის სასახლე. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაცვაში, კერძოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მისი მითითებით ხდებოდა თბილისის არქიტექტურული ძეგლების, მათ შორის ეკლესიების შენიღბვა საჰაერო თავდასხმისაგან დასაცავად.

1944 წლიდან დავით არსენიშვილმა მოსკოვის დონის მონასტერში ქართველ მეფეთა და ლიტერატურულ მოღვაწეთა საფლავების გადარჩენის მიზნით ზემდგომი ორგანოების წინაშე მონასტერში მუდმივმოქმედი გამოფენის „ქართული კოლონია მოსკოვში“ მოწყობის საკითხი წამოჭრა. არსენიშვილის ენერგიული ქმედების შედეგად გამოფენის საქმე დადებითად გადაწყდა.

დავით არსენიშვილი პირველი ქართველი მეცნიერია ვინც ასტრახანში მიაკვლია და დაღუპვას გადაარჩინა საქართველოს მეფეების ვახტან მეექვსისა და თეიმურაზის საფლავები. 1955 წელს როცა არსენიშვილი ასტრახანის კრემლში ჩავიდა ტაძარი სამხედრო ინვენტარით იყო სავსე, მან ეკლესიის პალატში დაკრძალულ ქართველ მონარქთა საფლავების მოწესრიგების საკითხი დააყენა რსფსრ-ს კულტურის სამინისტროს წინაშე. საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ არსენიშვილის მონაწილეობით ჩაატარა დაზვერვითი გათხრები, მიაკვლია დაკარგულ საფლავებს და მოახერხა მათი იდენტიფიცირება. მოგვიანებით საფლავები მოწესრიგდა და გაუკეთდა შესაბამისი მემორიალური დაფები.

1955 წელს დავით არსენიშვილმა ლენინგრადის ისტორიულ არქივში აკაკი წერეთლის მანამდე უცნობი ბიოგრაფიული ცნობები გამოავლინა, კერძოდ გაირკვა რომ პოეტი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-თათრულ განყოფილებაზე სწავლობდა, სადაც თემაზე — „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალურიბის შესახებ“ დისერტაცია დაწერა. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენამდე ამ ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის მოძიება ვერ ხერხდებოდა იმავე 1955 წელს დავითმა პეტერბურგში ბაგრატიონების სამეფო გვარის წარმომადგენელთა და პეტერბურგის ქართული კოლონიის სხვა წევრთა საფლავებიც მოიძია. იქვე, ალექსანდრე ნეველის ლავრაში ეპიტაფიათა ნუსხა შეადგინა.

1949 წელს დავით არსენიშვილი ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის პირველ დირექტორად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება მაცხოვრის სახელობის ანდრონიკეს მონასტრის რესტავრაცია და დანგრევას გადარჩენა. იგი მონასტრის ერთ-ერთ ცივსა და ბნელ კელიაში დასახლდა და არქიტექტურული ძეგლის ყოველი გოჯისათვის ბრძოლა დაიწყო, მან მონასტრის ტერიტორიიდან ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ აშენებული სააბაზანო და საპირფარეშო გაიტანა, ძველი ნეკროპლის ტერიტორიაზე მოწყობილი საფეხბურთო მოედანიც დაშალა. არსენიშვილმა თანამებრძოელებთან ერთად მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მოიძია და მუზეუმში გადაიტანა არამარტო ანდრეი რუბლიოვისა და სხვა ხატმწერების ძვირფასი მემკვიდრეობა, არამედ საეკლესიო ლიტურგიკული ნივთებიც. არსენიშვილს ხშირ შემთხვევაში საკუთარი სახსრებით შორეული ციმბირიდან და ურალიდან ურმებითა და ციგებით მუზეუმში გადმოჰქონდა ძვირფასი ხატები. ქრისტიანული ხელოვნებისადმი ასეთმა ზრუნვამ საბჭოთა ხელისუფლების დიდი გაღიზიანება გამოიწვია და 1959 წელს მუზეუმის გახსნადმე ერთი წლით ადრე დავით არსენიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დავით არსენიშვილი იმავე წელს საქართველოში დაბრუნდა, თუმცა უკვე ჯანმრთელობა შერყეული და მორალურად განადგურებული 1963 წელს დავით არსენიშვილი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება