არიოსი
არიოსი (ბერძ. Ἄρειος; დ. 250 ან 256, ― გ. 336) ― III–IV საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე, თეოლოგი ალექსანდრიიდან, არიანიზმის ფუძემდებელი.
ცხოვრება
რედაქტირებაარიოსი დაიბადა დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე, დაბადების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. განათლება მიიღო ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ ალექსანდრიაში, სადაც გახდა მღვდელი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეოლოგი თავის დროში და აქტიურად მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის შიდა დისკუსიებში, რომელიც ეხებოდა სამების დოგმატსა და ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს.
ერმია სოზომენეს მიხედვით, არიოსი იყო სწავლული დიალექტიკოსი, მჭევრმეტყველი მოქადაგე, მაღალი, გამხდარი ხუცესი, უბრალო ასკეტური სამოსით, დარბაისლური და მკაცრი საქციელით. იგი თავისი მრავალრიცხოვანი მრევლიდან ბევრმა, განსაკუთრებით ქალებმა, კერპად გაიხადა. ფილოსტორგიოსის ცნობების მიხედვით არიოსი მსახურობდა ეკლესიაში, რომელიც ატარებდა სახელს - ბერძ. βανkαλιζ (ვიწროყელიანი წყლის დასალევი დოქი). ის იყო ლუკიანე ანტიოქიელის ეგზეგეტიკურ-თეოლოგიური სკოლის მიმდევარი.
არიოსი ალექსანდრიაში აღმოჩნდა ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ გალერიუსის მმართველობის (305-311) პერიოდში. ერმია სოზომენე მას ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანს უწოდებს. გარკვეული პერიოდი ის იყო მელეტი ლიკოპოლელის მიმდევარი და მძიმედ კიცხავდა რეპრესიებისა და დევნის შიშით ქრისტეს უარმყოფლებს, რითაც ის დაუპირისპირდა ალექსანდრიის პატრიარქ პეტრე I-ს. არიოსის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო ალექსანდრიის შემდგომი პატრიარქი ალექსანდრე. არიოსის მთავარი მოკავშირეები ამ დაპირისპირებაში იყვნენ ევსები კესარიელი და ევსები ნიკომედიელი.
არიანიზმი
რედაქტირებაარიოსის მოძღვრების მთავარი თემა იყო მამა ღმერთის და იესო ქრისტეს (ძის) ურთიერთობის ბუნება. მისი მოძღვრების თანახმად:
- ქრისტე არ არის თანასწორი მამასთან, რადგან ის ქმნილებაა.
- ქრისტეს, მიუხედავად მისი ღვთაებრიობისა, ჰქონდა დასაბამი და იგი არ იყო მარადიული.
არიოსი ეყრდნობოდა იმას, რომ ქრისტე „შობილ იქნა“ და არ არის „დაუბადებელი“, ანუ ის არაა იმავე ბუნების, როგორც მამა ღმერთი, შესაბამისად თეზა „ἦν ποτε ὅτε οὐκ ἦν“ (იყო დრო, როდესაც არ იყო) და მისი თეოლოგიური იმპლიკაციები გახდა ქრისტოლოგიური დებატების მთავარი საკითხი ნიკეის საეკლესიო კრებაზე და მის შემდგომაც.
325 წელს იმპერატორ კონსტანტინე I -ის მოწვევით ნიკეაში ჩატარდა მსოფლიოს I საეკლესიო კრება, სადაც არიოსი და მისი მომხრეები განკვეთეს ეკლესიის წიაღიდან, ხოლო არიანელობა გამოცხადდა მწვალებლობად. საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია იმპერატორის პირდაპირმა ჩარევამ არიოსის წინააღმდეგ. არიანიზმის დამცველებს დაუპირისპირდა ევსები კესარიელიც.
ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრეს გარდაცვალების (326) შემდეგ არიანიზმთან დაპირისპირება შერბილდა. 335 წელს კი იერუსალიმის კრებაზე არიოსი სხვა მრავალ თანამოაზრესთან ერთად შეიწყალეს და ბრალდებები მოუხსნეს.
336 წელს კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გზაზე 80-ს გადაცილებული არიოსი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ერთი ვერსიის თანახმად იგი მოწამლეს. არიოსის გარდაცვალების შემდეგ არიანული მოძღვრების გავრცელება არ შეწყვეტილა და დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იყო.