ანგლო-ამერიკული სამართალი

ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. common law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისის, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს.[1]

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში სამართლის წყაროს წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი, ე.ი. პრეცედენტული სამართალი. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. ამ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა — ზემდგომ პრეიუდიციებს უპირატესობა ენიჭებათ ქვემდგომი პრეიუდიციების მიმართ (Iudicium superius derogad iudicio inferiori). ისინი დაცულნი უნდა იყვნენ იმისდამიუხედავად, ეს გადაწყვეტილებები სწორად მიაჩნია თუ არა ქვემდგომ სასამართლოს. ამ გადაწყვეტილებებში მოცემული წესები მანამდეა მბოჭავი, ვიდრე ისინი არ გაუქმდება. გაუქმება კი შეიძლება ზომდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ან კანონით.[2] სასამართლოს შეუძლია გათავისუფლდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებისგან, როდესაც ადგენს ახალ სამოსამართლო სამართალს. პრეიუდიციისგან გათავისუფლების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ე.წ. distinguishing, როდესაც გადახვევა დასაბუთებულია ერთეული შემთხვევის განსაკუთრებულობით.[3]

ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემისთვის დამახასიათებელია კაზუისტიკა — case law. იგი ორიენტირებულია ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (პრეცედენტებზე).[3]

ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნები რედაქტირება

ანგლო-ამერიკულ სამართალში გამოყოფენ ინგლისური სამართლისა და ამერიკული სამართლის ქვეყნებს. ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ბირმა, მალაიზია, ფიჯი, ნიგერია, უგანდა, სინგაპური, ნაურუ, ახალი ზელანდია. ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება საკუთრივ ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა ლუიზიანისა, სადაც დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები.[4]

ინგლისი რედაქტირება

დიდ ბრიტანეთში უზენაეს მართლმსაჯულებას ახორციელებს პარლამენტის ზედა პალატა, ანუ ლორდთა პალატა (House of Lords). მისი, როგორც უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები აუცილებელია ყველა ინგლისური სასამართლოსთვის. XX საუკუნის შუა პერიოდამდე ლორდთა პალატა თვითონაც იყო შებოჭილი თავისივე მიღებული გადაწყვეტილებებით, თუმცა ლორდ-კანცლერის 1966 წლის 26 ივლისის დეკლარაციის შემდეგ, ლორდთა პალატას შეუძლია გადაუხვიოს ადრინდელ გადაწყვეტილებებს.[5]

სააპელაციო სასამართლის წარმოადგენს Court of Appeal. მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ქვემდგომი სასამართლოსთვის. სამოქალაქო საქმეებზე სააპელაციო სასამართლო შებოჭილია თავისი წინანდელი გადაწყვეტილებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ლორდთა პალატის ახალ გადაწყვეტილებებს.[5]

პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს Crown Court. მის გადაწყვეტილებებს მბოჭავი ხასიათი არ აქვთ. ისინი სამართლის წყაროებს არც წარმოადგენენ და არც ქვეყნდებიან.[5]

ამერიკის შეერთებული შტატები რედაქტირება

ინგლისის ბატონობას თავდაღწეული ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი არჩევნების წინაშე დადგა — კოდიფიცირებული სამართალი, თუ პრეცედენტული სამართალი. აშშ-ის მიერ პრეცედენტული სამართლის არჩევა განაპირობა ინგლისის კოლონიურმა სისტემამ და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებამ.[6]

ინგლისისგან განსხვავებით, აშშ-ში სასამართლო ხელისუფლება დეცენტრალიზებულია. ფედერალური სასამართლოებისთვის მბოჭავია მხოლოდ ფედერალური ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, სახელმწიფო სასამართლოებისთვის კი მხოლოდ სახელმწიფო გადაწყვეტილებები.[5] თითოეულ შტატს აქვს საკუთარი სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს ასევე სამსაფეხურიანი ფედერალური სასამართლოს პარალელურად.[7]

განსხვავება ინგლისურ და ამერიკულ სამართალს შორის რედაქტირება

მიუხედავად ბრიტანული და ამერიკული სამართლის მეთოდოლოგიის მსგავსებისა, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. ეს განსხვავება, ძირითადად, ეფუძნება პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს, ინგლისი უნიტარული სახელმწიფოა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები კი ფედერაციული, რომელიც მოიცავს ორმოცდაათ და კიდე დამატებით ფედერალურ მართლწესრიგს. თითოეულ შტატს აქვს თავისი საკანონმდებლო კრება, საკუთარი სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ასევე სამსაფეხურიანი ფედერალური სასამართლოს პარალელირად ფუნქციონირებს.[8]

ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, ორმოცდაათი დამოუკიდებელი შტატის სამართალია, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთ სამართლებრივ ოჯახს მიეკუთვნებიან (გარდა ლუიზიანისა. ამერიკული სამართლის ერთიანობაზე ზრუნავს სამართლის მეცნიერება, მთელი რიგი ეროვნული ორგანიზაციები. „ამერიკული სამართალი“, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა, ისწავლება სამართლის სკოლებში.[7]

განსხვავება ანგლო-ამერიკული და კონტინენტური ევროპის სამართალს შორის რედაქტირება

ანგლო-ამერიკულ სამართალსა და კონტინენტური ევროპის სამართალს შორის არსებული განსხვავება უკავშირდება პოზიტიურ (დაწერილ) კანონმდებლობას, როგორც სამართლის წყაროს. ანგლო-ამერიკული სამართლის წყაროებს წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი (ინგლ. Case Law) და კანონის სამართალი (ინგლ. Statute Law). ხოლო კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში სამართლის ძირითადი წყარო პოზიტიური კანონმდებლობაა. ამრიგად, კონტინენტური ევროპის სამართლისგან განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითადი წყაროა პრეცედენტული სამართალი. ანგლო-ამერიკული სამართლისთვის უცხოა ისეთი კოდიფიცირებული აქტები, როგორიც სამოქალაქო კოდექსების სახით კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებს აქვთ.[9]

ანგლო-ამერიკული სამართლისა და კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახებს შორის მეორე დიდი განსხვავება ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. რომის სამართალზე ორიენტირებულმა მეცნიერებმა დიდი როლი შეასრულეს კონტინენტური ევროპის სამართლის ფორმირების პროცესზე. სწორედ ამიტომ, კონტინენტური ევროპის იურიდიულ აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ანგლო-ამერიკულ სამართალს კი ახასიათებს აზროვნების სამოსამართლო სტილი. რამდენადაც ევროპული იურიდიული აზროვნება ესწრაფვოდა სისტემატიზაციას, აყალიბებდა საყოველთაო მნიშვნელობის ზოგად ნორმებს, კონტინენტური ევროპის იურიდიული აქროვნების წესი დედუქციურია — მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ, ანუ იურისტი სამართლის ზოგადი ნორმის საფუძველზე წყვეტს კონკრეტულ შემთხვევას. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების იურისტის აზროვნება ინდუქციურია — მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, იურისტი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აყალიბებს ზოგად პრინციპს.[10]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

სქოლიო რედაქტირება

  1. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 216
  2. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 90-91
  3. 3.0 3.1 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 134
  4. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 213
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 91
  6. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 89
  7. 7.0 7.1 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 217
  8. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 216-217
  9. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 87
  10. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004, გვ. 219