მთავარი მენიუს გახსნა

ანა პეტრეს ასული (პეტრე I-ის ქალიშვილი)

ანა პეტრეს ასული რომანოვა (რუს. Анна Петровна Рома́нова), შემოკლებით ანა პეტროვნა (გერმ. Anna Petrowna; დ. 27 იანვარი, 1708 — გ. 4 მარტი, 1728) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისა და იმპერატრიცა ეკატერინე I-ის ასული. იმპერატრიცა ელისაბედ I-ის უფროსი და. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კარლ ფრედერიკის მეუღლე. რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ის დედა.

ანა პეტრეს ასული რომანოვა
Anna Petrovna by I.G.Adolsky (after 1721, Hermitage).jpg
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
რუსეთის ცარევნა
დაიბადა 27 იანვარი, 1708
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 4 მარტი, 1728, (20 წლის)
კილი, ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) კარლ ფრედერიკი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი პეტრე III, რუსეთის იმპერატორი
მამა პეტრე I, რუსეთის იმპერატორი
დედა ეკატერინე I, რუსეთის იმპერატრიცა
რელიგია ჯერ მართლმადიდებლობა
შემდეგ ლუთერანიზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

ანა პეტროვნა დაიბადა 1708 წლის 27 იანვარს, მოსკოვში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისა და მისი მეორე ცოლის, იმპერატრიცა ეკატერინე I-ის უფროსი ასული. მშობლები მის განათლებაზე სერიოზულად ზრუნავდნენ, ამიტომაც მშობლიური რუსულის გარდა იგი თავისუფლად მეტყველებდა ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად და შვედურად.

1712 წლიდანვე, როდესაც ანა სულ მცირეწლოვანი იყო, მისმა მშობლებმა მისი საზღვარგარეთ გათხოვებისთვის დაიწყეს მზადება და საქმროს ძიება. 1721 წლის 17 მარტს, იგი დანიშნეს ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კარლ ფრედერიკზე, შვედეთის მეფის დისწულსა და დანიის მეფის შთამომავალზე. ეს ყოველივე მიმართული იყო რუსეთისა და ჰოლშტაინ-გოტორპის ალიანსის შექმნისკენ დანიის წინააღმდეგ. ამასთან, რუსები კარლ ფრედერიკს შვედეთის ტახტზე ასვლაში უნდა დახმარებოდნენ. თუმცა, 1721 წელს გაფორმდა ნიშტადის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთს არ ჰქონდა შვედეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება. 1724 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა მათი საქორწინო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ანა და კარლ ფრედერიკი უარს ამბობდნენ რუსეთის ტახტზე, რაც შემდგომში მათ შთამომავლებზეც გადავიდოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ შემდგომში მათ იმპერიულ ტახტზე პრეტენზიები აღარ ჰქონოდათ.

1725 წლის იანვრიდან, პეტრე I მძიმედ დაავადდა. მან თავისთან დაიბარა ანა პეტროვნა, რათა მისთვის თავისი უკანასკნელი სურვილები გაენდო. სანამ ანა ჰოლშტაინიდან მოსკოვში ჩავიდა, პეტრეს მეტყველების უნარი უკვე დაკარგული ჰქონდა, ამიტომაც ბევრი მიიჩნევს, რომ უვაჟოდ დარჩენილ იმპერატორს ტახტის დატოვება ანასთვის უნდოდა.

პეტრეს გარდაცვალების შემდეგ ანას ქმარი, კარლ ფრედერიკი ახლად შექმნილი იმპერიული საბჭოს მეთაური გახდა, რითაც მან დიდი გავლენა მოახდინა რუსულ პოლიტიკაზე.

ანას დედამ, იმპერატრიცა ეკატერინე I-მა ისარგებლა მეუღლის გარდაცვალებითა და მამრობითი სქესის მემკვიდრის დაბადებით, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და რუსეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ამ დროს, ეკატერინეს საყვარლის ინტრიგების წყალობით, იმპერატრიცას დიდი კონფლიქტი მოუხდა კარლ ფრედერიკთან. განრისხებულმა ეკატერინე I-მა კარლ ფრედერიკიცა და ანაც გააძევა რუსეთიდან, რის შემდეგაც ისინი ქ. კილში, ჰოლშტაინში გადასახლდნენ.

კილში დასახლებისთანავე ანა დაფეხმძიმდა და 1728 წლის 21 თებერვალს ვაჟი გააჩინა, რომელსაც განსვენებული მამის პატივსაცემად პეტრე დაარქვა. გართულებული მშობიარობის შემდეგ მას ინფექცია შეეჭრა და 1728 წლის 4 მარტს, 20 წლის ანა პეტროვნა გარდაიცვალა. მისი ქმარი მეორედ აღარ დაქორწინებულა, მისი ვაჟი კი რუსეთის იმპერატორი პეტრე III გახდა.

ლიტერატურარედაქტირება

  • Anisimov, Evgeniĭ Viktorovich (1993). The Reforms of Peter the Great: Progress Through Coercion in Russia. M.E. Sharpe. p. 209. ISBN 9781563240478.
  • Winkler Prins' Geillustreerde Encyclopaedie (1905), Eerste Deel A-Arabie, S. 705
  • Je.W. Ptschelow: Monarchen von Russland (Монархи России), Olma-Press, Moskau 2003, Seite 432