ანა მარია დე ბრაგანსა

ანა დე ჟესუს მარია დე ბრაგანსა (პორტ. Ana de Jesus Maria de Braganza; დ. 23 ოქტომბერი, 1806 — გ. 22 ივნისი, 1857) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ნაბოლარა ქალიშვილი.

ანა მარია დე ბრაგანსა
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
ლულეს მარკიზა
დაიბადა 23 ოქტომბერი, 1806
გარდაიცვალა 22 ივნისი, 1857, (50 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ნუნო ჟუზე სევერო დე მენდოსა, ლულეს მარკიზი
შვილ(ებ)ი ხუთი შვილი
მამა ჟუან VI, პორტუგალიის მეფე
დედა კარლოტა ხოაკინა ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა მარია დაიბადა 1806 წლის 23 ოქტომბერს მაფრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ნაბოლარა ასული. როდესაც იგი ორი წლის გახდა, ნაპოლეონის შემოჭრის გამო მისი ოჯახი ბრაზილიაში გაიქცა და იქიდან მხოლოდ 1824 წელს დაბრუნდა.

1827 წლის 5 დეკემბერს, იგი დაქორწინდა ლულეს მარკიზსად და ვალე-დე-რეის გრაფ ნუნო ჟუზე სევერო დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტოზე. რამდენიმე წელიწადში მისი ქმარი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი გახდა. ქორწილი აჟუდას სასახლეში შედგა და დიდი სკანდალიც გამოიწვია, რადგან სამეფო ოჯახის წევრი დაბალი წარმომავლობის მარკიზზე დაქორწინდა. ამის გამო იგი პორტუგალიის ისტორიაში პირველი პრინცესა გახდა, რომლის ქმარიც არ იყო სამეფო წარმომავლობის.

ქორწინების მიზეზი პოლიტიკური არ ყოფილა. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ანა მარია ნუნოსაგან დაფეხმძიმდა, მათი შვილი კი 1827 წელს, ქორწილიდან 22 დღეში დაიბადა. ზემოთ ხსენებული სკანდალური ქორწინება არ ყოფილა დალოცვილი ანას მამის, მეფე ჟუან VI-ის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანა მარიას არც მშობლები და არც ძმები არ დასწრებიან მის ქორწილს.

1828 წელს პორტუგალიის რეგენტი მისი უფროსი და, ინფანტა იზაბელ მარია გახდა, რომელმაც ანა აღადგინა სამეფო ოჯახში და სამეფო კარზეც დააბრუნა. როგორც აღმოჩნდა, ქორწინება ბედნიერი იყო და იგი ანას დედამ, დედოფალმა კარლოტამ დაგეგმა, რათა თავიდან აეცილებინა ის სირცხვილი, რომელსაც მისი ქალიშვილის მიერ უკანონო ბავშვის გაჩენა გამოიწვევდა.

1831 წელს პორტუგალიაში აბსოლუტიზმი დამყარდა, რის გამოც ანა მარია თავის ქმარ-შვილთან ერთად გაიქცა პორტუგალიიდან და მთელ ევროპაში მოგზაურობდა. მათი ქორწინება 1835 წელს დასრულდა დე-ფაქტო გაყრით.

უკანასკნელი წლები ანა მარიამ სწორედ ევროპაში მოგზაურობაში განვლო და გარდაიცვალა 1857 წლის 22 ივნისს რომში, იტალიაში, 50 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ლისაბონში, ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

  1. დონა ანა კარლოტა დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტო, შემდგომში გრაფინია დე ლინარესი;
  2. დონა მარია დე კარმო დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტო, შემდგომში გრაფინია დე ბელმონტი;
  3. დონ პედრუ ჟუზე დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტო, შემდგომში ჰერცოგი დე ლულე;
  4. დონა მარია ამალია დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტო;
  5. დონ ავგუსტო პედრუ დე მენდოსა როლიმ დე მურა ბარეტო, შემდგომში გრაფი დე აზამბუჟა;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 15.
  • de los Ángeles Pérez Samper, María. "Carlota Joaquina de Borbón". Diccionario biográfico España (in Spanish). Real Academia de la Historia.