ანა კვიპროსელი (დ. 24 სექტემბერი 1418, ნიქოზია, კვიპროსი — გ. 11 ნოემბერი 1462, ჟენევა, შვეიცარია) — კვიპროსის მეფე იანუსისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა დე ბურბონის ასული. სავოიის ჰერცოგინია 1434-1462 წლებში როგორც ლუის I-ის მეუღლე.

ანა კვიპროსელი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 ნოემბერი 1434
მმართ. დასასრული: 11 ნოემბერი 1462
წინამორბედი: მარია ბურგუნდიელი
მემკვიდრე: იოლანდე ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 სექტემბერი 1418
დაბ. ადგილი: ნიქოზია, კვიპროსის სამეფო
გარდ. თარიღი: 11 ნოემბერი 1462, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ჟენევა, შვეიცარიის კანტონები
მეუღლე: ლუისი, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: პუატიე-ლუსიგნანი
მამა: იანუსი, კვიპროსის მეფე
დედა: შარლოტ დე ბურბონი
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა, შემდეგ კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა დაიბადა 1418 წლის 24 სექტემბერს კვიპროსის სამეფოში. მისი მშობლები იყვნენ კვიპროსის მეფე იანუსი და მისი ცოლი, დედოფალი შარლოტა დე ბურბონი. ცნობები ანას ბავშვობისა და აღზრდის შესახებ არ არსებობს.

1431 წლის 9 აგვისტოს კვიპროსსა და სავოიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ანა ცოლად მიჰყვებოდა სავოიის ჰერცოგ ამადეო VIII-ის ვაჟს, პიემონტის პრინც ამადეოს (იგივე ანტიპაპი ფელიქს V), თუმცა ხელშეკრულების დადებიდან ოც დღეში, 29 აგვისტოს ამადეო გარდაიცვალა.

ამ ამბიდან ხუთი თვის შემდეგ, 1432 წლის 1 იანვარს ხელი მოეწერა ახალ საქორწინო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ანა ცოლად მიჰყვებოდა ამადეოს უმცროს ძმას, სავოიის ტახტის ახალ მემკვიდრეს ლუისს. ანას და ლუისის ქორწილი ორი წლის შემდეგ, 1434 წლის 7 ნოემბერს შედგა. მისმა მამამთილმა, ჰერცოგმა ამადეო VIII-მ ტახტი თავისი ვაჟის სასარგებლოდ დათმო, რითაც ლუისი სავოიის ჰერცოგი გახდა. 1440 წელს კი ამადეო ანტიპაპად აირჩიეს.

ანას მეუღლეს პოეზია უფრო მოსწონდა ვიდრე თავისი ქვეყნის მართვა, თუმცა ცოლთან ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ერთგული იყო. შესაძლოა ითქვას, რომ ლუისმა თავისი საშინელი პოლიტიკით კინაღამ დაღუპა მამამისის ხელით შექმნილი სავოია. ლუისი განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდათ კვიპროსელ დიდგვაროვნებს. მათთან ხშირად მართავდა დიდ ნადიმებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებს, რითაც უცხოელებსა და თავის ცოლს თავს აწონებდა. კვიპროსელი სტუმრები გააოცა სავოიურმა ციხესიმაგრეებმა და ღონისძიებების ორგანიზებულობამ. ლუისმა მათთვის უამრავი ძვირფასი საჩუქრის მიძღვნა გადაწყვიტა, რის გამოც მან გადასახადები გაზარდა. ცხადია ამას მოჰყვა მთელი სავოიის მასშტაბით როგორც გლეხების, ისე არისტოკრატების საშინელი განრისხება.

ქმრის ვალების გასასტუმრებლად, ანამ თავისი ერთ-ერთი შუათანა ქალიშვილის, პრინცესა შარლოტას საფრანგეთის მეფე ლუი XI-თვის მითხოვება განიზრახა. 1451 წელს 10 წლის შარლოტა მიათხოვეს უკვე დაქვრივებულ ლუის, რის შემდეგაც შარლოტა საფრანგეთის დედოფალი გახდა. ფრანგებმა ამისათვის დიდძალი ფულადი და სამხედრო დახმარება გაუწიეს სავოიას.

1452 წელს ანამ შეძლო და რომის პაპისაგან გამოისყიდა რამდენიმე დაკავებული სავოიური ქალაქი. წლების შემდეგ პაპ პავლე II-ის კურთხევით ანამ თავის უფროს ვაჟს, პრინც ამადეოს ცოლად შერთო საფრანგეთის პრინცესა, ლუი XI-ის და იოლანდე ფრანგი. რითაც ცხადია უფრო გაამყარა სავოიის მდგომარეობა ევროპაში. ამის შემდეგ სავოიამ ცოტაოდენი ძლევამოსილება მოიკრიბა და რამდენიმე ციხესიმაგრე დაიპყრო ჩრდილო იტალიაში. იგი ასევე ხელს უწყობდა სავოიაში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაციას, რის გამოც პაპთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაუთბა.

ანა კვიპროსელი გარდაიცვალა 1462 წლის 11 ნოემბერს ჟენევაში, 44 წლის ასაკში.

  1. ამადეო IX (დ. 1 თებერვალი 1435 - გ. 30 მარტი 1472), სავოიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო იოლანდე ფრანგი;
  2. ლუისი (დ. 5 ივნისი 1436 - გ. 12 ივლისი 1482), ჟენევას გრაფი და კვიპროსის მეფე, ცოლად შეირთო თავისივე ბიძაშვილი, კვიპროსის დედოფალი შარლოტა;
  3. მარია (დ. მარტი 1437 - გ. 1 დეკემბერი 1437), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ჯოანა (დ. 1437 - გ. 1440), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფილიპო II (დ. 5 თებერვალი 1438 - გ. 7 ნოემბერი 1497), სავოიის ჰერცოგი, იქორწინა ორჯერ, პირველად მარგარიტა დე ბურბონზე, ხოლო მეორედ კლაუდინა დე ბროსზე;
  6. მარგერიტა (დ. აპრილი 1439 - გ. 9 მარტი 1485), პირველად ცოლად გაჰყვა ჯოვანი IV პალეოლოგს, მონტფერატის მარკიზს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა მეორედ პიერ II ლუქსემბურგელზე, რომელიც იყო სენტ-პოლის, ბრიენის, ლაიგნის, მარლისა და სუასონის გრაფი;
  7. პიერი (დ. 2 თებერვალი 1440 - გ. 21 ოქტომბერი 14558), ტარენტასიის არქიეპისკოპოსი;
  8. იანუსი (დ. 8 ნოემბერი 1440 - გ. 22 დეკემბერი 1491), ჟენევისა და ფოსაინის გრაფი, დაქორწინდა ჰელენა ლუქსემბურგელზე;
  9. შარლოტა (დ. 16 დეკემბერი 1441 - გ. 1 დეკემბერი 1483), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუას;
  10. აიმონი (დ. 2 ნოემბერი 1442 - გ. 30 მარტი 1443), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  11. ჯასკესი (დ. 29 ნოემბერი 1444 - გ. 1 ივნისი 1445), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  12. აგნესი (დ. ოქტომბერი 1445 - გ. 16 მარტი 1509), დაქორწინდა ფრანსუა ორლეანელზე, ლონგევილის ჰერცოგზე, მათი ვაჟი იყო ლუი I, ასევე ლონგევილის ჰერცოგი, რომლის ვაჟიც იყო შოტლანდიის დედოფალ მარია დე გიზის პირველი მეუღლე და მისი ორი ვაჟის მამა;
  13. ჯან ლუისი (დ. 26 თებერვალი 1447 - გ. 4 ივლისი 1482), ჟენევის ეპისკოპოსი;
  14. მარია (დ. 20 მარტი 1448 - გ. 13 სექტემბერი 1475), დაქორწინდა ლუი ლუქსემბურგელზე, რომელიც იყო საფრანგეთის კონეტაბლი;
  15. ბონა (დ. 12 აგვისტო 1449 - გ. 17 ნოემბერი 1503), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას;
  16. ჯაკომო (დ. 12 ნოემბერი 1450 - გ. 30 იანვარი 1486), რომონტისა და ვოდის გრაფი, ცოლად შეირთო მარია ლუქსემბურგელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა;
  17. ანა (დ. სექტემბერი 1452 - გ. 1 ოქტომბერი 1452), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  18. ფრანცისკე (დ. 19 აგვისტო 1454 - გ. 6 ოქტომბერი 1490), ოჩის არქიეპისკოპოსი და ჟენევის ეპისკოპოსი;
  19. ჟანა (1555), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Charles Cawley, Medieval Lands, Savoy. Retrieved 14 March 2011.
  • "Sts Nereus and Achilleus in the Fifteenth Century" by Eleanor P. Spencer and Wolfgang Stechow. The Art Bulletin Vol.48, No.2 (June 1966). Published by College Art Association. The year 1434 is given but not the exact date. Retrieved 14 March 2011.