მთავარი მენიუს გახსნა

ანა ანრიეტა ფრანგი (ფრანგ. Anne Henriette de France; დ. 14 აგვისტო, 1727, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი – გ. 10 თებერვალი, 1752, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მეორე ქალიშვილი. პარმის ჰერცოგინია ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის ტყუპისცალი. გარდაიცვალა ტიფით, 24 წლის ასაკში დაუქორწინებელი და უშვილო.

ანა ანრიეტა ფრანგი
Jean-Marc Nattier 003.jpg
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1727
ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 10 თებერვალი, 1752, (24 წლის)
ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
ხელმოწერა Henriette Anne de France signature, 1749.jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

ტყუპი დები, ლუიზა ელიზაბეტი და ანა ანრიეტა 1727 წლის 14 აგვისტოს დაიბადნენ ვერსალის სასახლეში. ჯერ ლუიზა ელიზაბეტი დაიბადა, რამდენიმე წუთში კი ანა ანრიეტა. ისინი იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას პირველი შვილები. რეალურად ამ პერიოდისათვის ტახტის მემკვიდრეები სწორედ ისინი იყვნენ, თუმცა ვინაიდან საფრანგეთში სალის კანონი მოქმედებდა (რის მიხედვითაც ქალს ტახტზე ასვლა არ შეუძლია), მემკვიდრის საკითხი კიდევ გადაუჭრელი იყო. მიუხედავად ამისა, ლუი XV-ს ძალიან გაუხარდა ქალიშვილების დაბადება და განაცხადა, რომ ვერც კი წარმოედგინა ოდესმა მამა თუ გახდებოდა, ახლა კი ერთდროულად ორი გოგონას მამა იყო. ანა ანრიეტას სახელები დედ-მამამ დაარქვეს. ანა დედამისმა თავისი ახალგაზრდა დაღუპული დის, ანა ლეშჩინსკას პატივსაცემად, ხოლო ანრიეტა ლუიმ თავისი დიდი ბებიის, ორლეანის ჰერცოგინია ანრიეტა ინგლისელის პატივსაცემად დაარქვა. ისინი დაბადებიდან მალევე, 1727 წლის 27 აგვისტოს მონათლეს. მისი ნათლიები იყვნენ ბურბონის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლუი ანრი და მისი ცოლი ლუიზა ანა. როგორს საფრანგეთის მეფის ლეგიტიმური ქალიშვილი იგი ატარებდა Fille de France-ს წოდებას და გარდა ამისა, როგორც მეფის მეორე ქალიშვილი ასევე ჰქონდა Madame Seconde-ს წოდებაც. როდესაც იგი წამოიზარდა, ფრანგები მას მადამ ანრიეტას, ან უბრალოდ მადამს ეძახდნენ. მისი უფროსი დის გათხოვების შემდეგ კი სამეფო კარზე მეფის უფროსი ქალიშვილი გახდა.

ლუი XV-ის უფროსი შვილები — ლუიზა ელიზაბეტი, ანა ანრიეტა, დოფინი ლუი და მარი ლუიზა ვერსალში, ჰერცოგინია მარი ლუიზა დე როანის ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდნენ, უმცროსი შვილები კი 1738 წლის ივნისიდან მოყოლებული ფონტენბლოს სასახლეში იზრდებოდნენ.

1739 წელს მისი უფროსი ტყუპისცალი და ლუიზა ელიზაბეტი ესპანეთის ინფანტ ფილიპეზე დააქორწინეს, რის შემდეგაც იგი ესპანეთში გადასახლდა. ცნობილია, რომ დები ერთმანეთს ძალიან ემოციურად განშორდნენ.

ზრდასრულობის წლები და გარდაცვალებარედაქტირება

ანრიეტა ბევრად უფრო მომხიბლავ და ლამაზ ქალად ითვლებოდა ვიდრე მისი უფროსი ტყუპისცალი. იგი აღწერილია როგორც ლამაზი და მოხდენილი გარეგნობის, მელანქოლიური, თუმცა ამავდროულად ტემპერამენტიანი ხასიათის ადმიანად, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ძალიან უყვარდა მუსიკა და მუსიკალური ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. იგი როგორც კი წამოიზარდა მამის საყვარელ ქალიშვილად იქცა, რომელსაც სამეფო კარზე მტრები საერთოდ არ ჰყავდა.

ანრიეტას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მამაკაცი მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა. ეს იყო მისი ბიძაშვილი, ორლეანთა დინასტიის წარმომადგენელი, შარტრის ჰერცოგი ლუი ფილიპი. მართალია ლუი XV-ს თავდაპირველად ეს იდეა ძალიან მოეწონა, თუმცა ორლეანთა დინასტიას ისედაც ჰქონდა პრეტენზია საფრანგეთის ტახტზე და ეს ქორწინება მათ პრეტენზიებს უფრო გაუძლიერებდათ, რის გამოც 1743 წელს მეფემ ანრიეტას ამ ქორწინებაზე უარი განუცხადა.

ის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ იყვნენ ლუი XV-ის უფროსი და უმცროსი შვილები ერთმანეთისგან დაშორებულნი ნათელია. ვერსალი იყო ადგილი სადაც უმაღლესი არისტოკრატია ტრიალებდა, იყო აზარტული თამაშებისა და გარყვნილების ადგილი, სადაც პარატა ბავშვების ადგილი არ იყო და მხოლოდ ზრდასრულები დაიშვებოდნენ. სწორედ ამიტომ ფრანგი დიდებულები თავად ვერსალში ცხოვრობდნენ, შვილებს კი მოშორებით ზრდიდნენ. ანრიეტას პირველად თორმეტი წლის ასაკში დართეს ნება, რომ სამეფო კარზე გამართულ ბანკეტს დასწრებოდა. 1744 წლიდან მოყოლებული მისი უმცროსი და, პრინცესა ადელაიდაც ვერსალში გადავიდა და მას კამპანიას უწევდა ხოლმე ოპერაში სიარულისას.

მისი ტყუპისცალი და, პრინცესა ლუიზა ელიზაბეტი ძალიან ამბიციური ქალი იყო და უკმაყოფილო იყო თავისი ქორწინებით, რადგან მისი ქმარი ტახტის მეოთხე მემკვიდრე იყო და გამეფების შანსი არ ჰქონდა. 1740 წლიდან ელიზაბეტმა საფრანგეთის სამეფო კარზე თავისი საკონტაქტო ქსელი ჩამოაყალიბა, რათა ოჯახის წევრებთან კონტაქტი გაადვილებოდა და დახმარებოდნენ როგორმე მისი ქმრისთვის ძალაუფლების მოპოვებაში. ამ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით ანრიეტა გამოირჩეოდა. ანრიეტა უფრო ფრთხილი და საღი პოლიტიკის გამტარებელი იყო და თავის ამბიციურ ტყუპისცალს დაშოშმინებისაკენ მოუწოდებდა. 1745 წელს ანრიეტას ძმა, საფრანგეთის დოფინი ლუი ესპანეთის პრინცესა მარია ტერეზა რაფაელა ესპანელზე დააქორწინეს, რომელთანაც ანრიეტას მალევე ახლო და გულითადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ანრიეტას, ისევე როგორც მის და-ძმებს თანდათან მამასთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ ლუი მარია ლეშჩინსკას ღალატობდა, რაც მათ ძალიან არ მოსწონდათ. ისინი დედის ერთგული და საყვარელი შვილები იყვნენ. მამასა და შვილებს შორის მდგომარეობა განსაკუთრებით მადამ დე პომპადურის გამოჩენით გაფუჭდა, რომელიც 1745 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ლუის სამეფო საყვარელი. თუმცა პომპადური მალევე ძალიან დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ანრიეტას, რამაც მას დებთან ურთიერთობა ძალიან აურია.

1746 წელს ანრიეტას ძმა დაქვრივდა, რის გამოც 1747 წელს იძულებული გახდა მეორედ ექორწინა მარია ჟოზეფა საქსონიელზე. ლუის თავისი პირველი, განსვენებული მეუღლე ძალიან უყვარდა, რის გამოც მეორე ცოლის მიმართ ძალიან მტრულად იყო განწყობილი. მას შემდეგ რაც ლუისა და მარია ტერეზა რაფაელა ესპანელის ერთადერთი ქალიშვილი ორი წლის ასაკში დაიღუპა, ლუისა და მარია ჟოზეფას ურთიერთობა უარესად აიწეწა, თუმცა ანრიეტად შუამავლობით ისინი თანდათან დაახლოვდნენ, რისთვისაც მარია ჟოზეფა ყოველთვის ემადლიერებოდა მას.

პრინცესა ანა ანრიეტა ფრანგი 1752 წლის 10 თებერვალს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ტიფისაგან. იგი დაკრძალულია სენ დენის სამეფო ბაზილიკაში, თავისი ტყუპისცალის გვერდით.

წინაპრებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Achaintre, Nicolas Louis, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, (Publisher Mansut Fils, 4 Rue de l'École de Médecine, Paris, 1825), 154.
  • Antoine, Michel, Louis XV, Fayard, Paris, 1989, p. 467, ISBN 2-213-02277-1
  • Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
  • Lever, Evelynne (2003). Madame de Pompadour: A Life. Macmillan. p. 85. ISBN 0-312-31050-1.
  • Madame Campan, Memoirs of the Court of Marie Antoinette, Queen of France, Project Gutenberg, retrieved 2-05-17
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] . Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 12.
  • Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.
  • Zieliński, Ryszard (1978). Polka na francuskim tronie. Czytelnik.