ანარქო-კომუნიზმი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ანარქო-კომუნიზმი}} |
ანარქო–კომუნიზმი (ლიბერტარიანული კომუნიზმი) — ანარქიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს, ბაზრის, ფულის, კერძო საკუთრების და კაპიტალისტური სისტემის განადგურებას, სანაცვლოდ კი გვთავაზობს წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ქონას, პირდაპირ დემოკრატიას და უიერარქიო ასოციაციებსა და მუშათა საბჭოებს, რომელშიც წარმოება დამყარებული იქნება პრინციპზე – ყველას მოთხოვნილების, ყველას შესაძლებლობების მიხედვით. ანარქო-კომუნიზმის საფუძვლებია:
- დეცენტრალიზაცია – ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩანაცვლება თავისუფალი ფედერაციებით, თვითორგანიზებული ტერიტორიული ერთეულებით (კომუნებით) და საწარმოო გაერთიანებებით.
- თავისუფლება – რაც, პირველ რიგშიც გულისხმობს სრულ პიროვნულ თავისუფლებას. ძირითადად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების შელახვის მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები – მაგალითად, როდესაც ადამიანს კანონების გამოყენებით აიძულებენ რაღაც ქმედების განხორციელებას, ან ეკონომიკური ფაქტორები აიძულებს მას საკუთარი სამუშაო ძალა მიჰყიდოს კაპიტალის მფლობელს. ყოველს ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
- თანასწორობა – იერარქიის არარსებობა, თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.
- ურთიერთდახმარება – აქ საუბარია ეგოიზმის – ხალხის დაყოფის მიზეზის – სოლიდარობით ჩანაცვლებაზე, რაც მიგვიყვანს ჰარმონიულ საზოგადოებამდე, რომლის წევრებიც მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად.
- ანარქო–კომუნიზმის ზოგიერთ ფორმაზე დიდი გავლენა იქონია რადიკალურმა ინდივიდუალიზმმა, შედეგად, ანარქო–კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ ეს სისტემა ინდივიდუალური თავისუფლების რეალიზაციისთავის საუკეთესო სოციალური სისტემაა. ბევრს მიაჩნია, რომ ანარქო–კომუნიზმი საუკეთესო საშუალებაა ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობების რეგულირებისთვის.
ანარქო–კომუნიზმი განვითარდა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ არსებულ სოციალისტურ საფუძველზე. თუმცა, ის პირველად ჩამოყალიბდა პირველი ინტერნაციონალის იტალიურ სექციაში. პეტრე კროპოტკინის თეორიულმა შრომებმა დიდი როლი ითამაშა მის განვითარებასა და დახვეწაში.
ანარქო–კომუნისტური საზოგადოებები, რომლებიც დღესდღეობით არსებულ პრინციპებს ეფუძნებოდნენ და ამავდროულად, ღირსეული ადგილი დაიკავეს კაცობრიობის ისტორიაში, გვხვდებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომის და რუსეთის რევოლუციის დროს. ესპანელი ანარქისტების ძალისხმევით, ესპანეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, 1936 წლიდან პრაგონის, ლევანტეს და ანდალუსიის ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა ანარქო–კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბება. ანარქო–კომუნიზმის ერთ-ერთ მთავარ „ციხესიმაგრედ“ ანარქისტული კატალონია იქცა, თუმცა, ანარქისტებს არ დასცალდათ –ომში გამარჯვებულმა მხარემ ჰიტლერის, მუსოლინის, სსრკ–ს მიერ ზურგგამაგრებული ესპანეთის კომუნისტური პარტიის და მთელი კაპიტალისტური სამყაროს დახმარებით ანარქისტების რეპრესიები დაიწყო. რაც შეეხება უკრაინაში არსებულ თავისუფალ ტერიტორიას – რუსეთის რევოლუციის დროს ნესტორ მახნომ შეძლო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გაევრცელებინა ანარქო–კომუნიზმი და დაეცვა გარეშე ძალებისგან უკრაინის რევოლუციური არმიის დახმარებით, თუმცა, საბოლოოდ, თავისუფალმა ტერიტორიამ ვერ გაუძლო ბოლშევიკების შეტევას.
პირველი ნაბიჯები
რედაქტირებაანარქო–კომუნისტურმა იდეებმა პირველად ინგლისის სამოქალაქო ომის დროს და XVIII საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიჟღერა. ინგლისელი ჯერარდ უინსტენლი, რომელიც „მთხრელთა“ რადიკალური მოძრაობის წევრი იყო, 1619 წელს გამოქვეყნებულ პროკლამაციაში „სამართლიანობის ახალ კანონში“ წერდა – „არ უნდა არსებობდეს ყიდვა–გაყიდვა, არც გადასახადები, არც ბაზარი. დედამიწა უნდა იყოს ყოველი ადამიანის საკუთრება“ და „ერთი მეორეზე არ უნდა ბატონობდეს, არამედ ყოველი ადამიანი თვითონ უნდა იყოს საკუთარი თავის ბატონი“.
საფრანგეთის რევოლუციის დროს სილვიან მარეშალი თავის „თანასწორთა მანიფესტში“ მოითხოვდა დედამიწის სიკეთეებით საყოველთაო სარგებლობის უფლებას და იმედოვნებდა, რომ შედეგად საზოგადოებაში აღარ იქნებოდნენ მდიდრები და ღარიბები, მმართველები და მსახურები, ბატონები და ყმები.
ბაკუნინის თანამოაზრე, ჯეიმზ გილომი, თავის ესსეში – „სოციალური ორგანიზების იდეებში“, წერდა: „როდესაც წარმოების მოცულობა საჭიროზე მეტი გახდება, ყველას შეუზღუდავად შეეძლება გამოიყენოს დაგროვილი დოვლათი, დეფიციტის წარმოქმნის შიშის გარეშე. მორალი კი, რომელიც თავისუფალ მუშებს შორის უფრო განვითარებული იქნება, შეამცირებს, ან საერთოდაც, გააქრობს პროდუქციის ფუჭად გამოყენების ფაქტებს“.
პირველი ინტერნაციონალი
რედაქტირებაანარქო-კომუნიზმი, როგორც თანამედროვე ეკონომიკურ-პოლიტიკური ფილოსოფია, ჩამოყალიბდა პირველი ინტერნაციონალის იტალიურ სექციაში. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანეს კარლო კაფიერომ, ერიკო მალატესტამ, ანდრეა კოსტამ და სხვა ექს-მაძინისტმა რესპუბლიკელებმა. თავდაპირველად, მიხეილ ბაკუნინისადმი პატივისცემის გამო ისინი მკვეთრად არ ემიჯნებოდნენ ანარქო-კოლექტივისტებს, თუმცა ეს მხოლოდ ბაკუნინის სიკვდილამდე გაგრძელდა. ანარქო-კოლექტივისტები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო იყო მხოლოდ წარმოების საშუალებების კოლექტივიზაცია, რის შემდეგაც თითოეული ადამიანი მიიღებდა ზუსტად იმდენს, რამდენ პროდუქტსაც შექმნიდა. ანარქო-კომუნისტები კი თვლიდნენ, რომ საერთო უნდა ყოფილიყო, როგორც წარმოების საშუალებები, ასევე პროდუქციაც. ეს ორივე ჯგუფი იბრძოდა კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ, თუმცა, ანარქო-კომუნისტები გამოეყვნენ ბაკუნინის და პრუდონის მომხრეებს, რადგან მათთვის მიუღებელი იყო დოვლათის ინდივიდუალური შრომის მიხედვით განაწილების პრინციპი. ერიკო მალატესტა წერდა:
- „იმის გარკვევას, თუ რამდენი პროდუქტი შევქმენი მე და რამდენი – შენ, სჯობს ერთად ვიმუშაოთ და პროდუქციაც საერთო იყოს. ასეთ პირობებში ყოველი ადამიანი მაქსიმალურად აწარმოებს პროდუქციას, წარმოება კი მაშინ შეწყდება, როდესაც ყველასთვის საკმარისი პროდუქტი შეიქმნება – ანუ, ყველას ექნება თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება“.
კარლო კაფიერო კი „ანარქია და კომუნიზმში“ (1880) ხსნის, რომ პროდუქცისი კერძო საკუთრებაში ქონა გამოიწვევს მის არათანაბარ განაწილებას, რასაც მოყვება საზოგადოების კლასებად დაყოფა, კლასებს შორის დაპირისპირების გაჩენა და საბოლოოდ, სახელმწიფოს აღდგენა. პირველი ინტერნაციონალის იტალიური სექციის ფლორენციის ყრილობაზე (1876), რომელიც პოლიციის აქტიურობის გამო ფლორენციასთან ახლოს, ტყეში ჩატარდა, ჩამოაყალიბეს ანარქო-კომუნიზმის პრინციპები:
- „იტალიური სექცია პროდუქციის საერთო საკუთრებაში ქონას მიიჩნევს კოლექტივისტური პროგრამის საჭირო დამატებად. ყველა ადამიანის საერთო შრომა, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის დახმარებისკენაა მიმართული, სოლიდარობის პრინციპთან სრულ თანხვედრაშია. ფლორენციის ფედერალურმა კონგრესმა იტალიური სექციის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატა“.
ეს განცხადება გაკეთდა იმავე წელს, მალატესტას და კაფიეროს მიერ დაწერილ სტატიაში.
პეტრე კროპოტკინი
რედაქტირებაპეტრე კროპოტკინმა, რომელსაც ანარქო-კომუნიზმის ყველაზე მნიშვნელოვან თეორეტიკოსად მიიჩნევენ, თავისი ეკონომიკური იდეები ჩამოაყალიბა ნაშრომებში „ბრძოლა პურისათვის“ და „ მინდვრები, ქარხნები და საწარმოები“. კროპოტკინს მიაჩნდა, რომ კოოპერაცია კონკურენციაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა – ამ აზრს კარგად ასაბუთებს თავის ერთ-ერთ ძირითად მეცნიერულ შრომაში – „საერთო ხელი – ევოლუციის ფაქტორი“. მას მიაჩნდა, რომ ეს პრინციპი ყველაზე კარგად ბუნებაში იყო გამოხატული. კროპოტკინი ემხრობოდა კერძო საკუთრების განადგურებას და „მთელი დოვლათის ექსპროპრიაციას“ ხალხის მიერ, ასევე, ეკონომიკის ჰორიზონტალურ პრინციპზე აგებას, რომელშიც დოვლათი ნაწილდება არა – გაწეული შრომის, არამედ მოთხოვნილებების მიხედვით. მას ასევე მიაჩნდა, რომ ეს „მოთხოვნილებები“ საზოგადოების პროგრესთან ერთად ფიზიკური მოთხოვნილებების საზღვრებს გასცდებოდა – „როგორც კი ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, ინდივიდებს საშუალება ექნებათ თამამად მისცენ გასაქანი თავიანთ შემოქმედებითი ხასიათის მოთხოვნილებებს. ყველა ინდივიდს განსხვავებული ცხოვრების მიზანი აქვს, და რაც მეტად ვითარდება საზოგადოება, მით უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს მიზნები“.
კროპოტკინს მიაჩნდა, რომ ანარქო-კომუნიზმის პირობებში „სახლები, მინდვრები, ქარხნები აღარ იქნება კერძო საკუთრება, ის იკნება კომუნის კუთვნილება, რაც შეეხება ფულს, ხელფასებს, გადასახადებს და ვაჭრობას – არც ერთი აღარ იარსებებს“ (პ. კროპოტკინი, „ბრძოლა პურისათვის“).
ინდივიდებს და ჯგუფებს შეეძლებათ გამოიყენონ ის რესურსები, რომლებიც მათ სჭირდებათ, ანარქო-კომუნიზმის მიზანი კი „შექმნილი პროდუქტის ყველასთვის მიწოდება და თითოეული ადამიანისთვის სრული თავისუფლების მინიჭებაა მისი გამოყენების პროცესში“. კროპოტკინი მხარს უჭერდა ქონების ექსპროპრიაციას, რაც ყველაფერს ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევდა და მუშას აღარ დასჭირდებოდა თავისი შრომის გაყიდვა რაღაცის მისაღებად.
- „ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ტანსაცმელი გავხადოთ, მაგრამ გვსურს, მივცეთ მუშებს ის, რისი არქონაც მათ ექსპლუატატორთათვის ადვილ ნადავლად აქცევს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არცერთ ადამიანს არ უწევდეს ძალის გაყიდვა თავისი ოჯახის სარჩენად. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ექსპროპრიაციას ვახსენებთ“ (პ. კროპოტკინი, „ბრძოლა პურისათვის“).
კროპოტკინის აზრით, „გლეხი, რომელსაც გააჩნია ზუსტად იმდენი მიწა, რამდენის დამუშავებაც შეუძლია, ან ოჯახი, რომელსაც აქვს იმხელა სახლი, რამხელაც სჭირდება, ან ხელოვანი, რომელიც მუშაობს თავისი ინსტრუმენტებით“ არ ექვემდებარება ექსპროპრიაციას, ხოლო რაც შეეხება მიწის მფლობელებს და კაპიტალისტებს, რომლებიც სიმდიდრეს გლეხთა გაღატაკების ხარჯზე იგდებენ ხელში – მათთვის ქონების ჩამორთმევა გარდაუვალია.
საბოლოო ჯამში, კროპოტკინი ანარქო-კომუნისტურ ეკონომიკას შემდეგნაირად აღწერდა:
- „წარმოიდგინეთ საზოგადოება,რომელიც ითვლის რამდენიმე მილიონ წევრს, რომელთა ნაწილიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული, ნაწილი კი ინდუსტრიაში. ამ საზოგადოებაში ბავშვები სწავლობენ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შრომას. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, მათ დღეში 5 საათზე მეტი სამუშაო დრო არ ექნებათ, ისიც – ოციდან მაქსიმუმ 50 წლამდე, სამუშაო ადგილი კი განისაზღვრება მათი არჩევანის მიხედვით. ასეთი საზოგადოება უფრო მეტად აკმაყოფილებს ყოველ წევრს, ვიდრე – დღევანდელი სისტემა. გარდა ამისა, ასეთ პირობებში ყოველ მუშას ექნება მინიმუმ 5 საათი თავისუფალი დრო დღეში, რომელიც შეუძლია დაუთმოს მეცნიერებას, ხელოვნებას, ან თავისთვის საინტერესო რაიმე სფეროს. ასეთი საზოგადოება მალევე განვითარდება და ის, რაც დღეს მდიდრულად გვეჩვენება და შესაძლოა, თვალითაც არ გვინახავს, მის არცერთ წევრს აღარ გაუკვირდება.“ (პ. კროპოტკინი, „ბრძოლა პურისათვის“).
რევოლუცია, პლატფორმიზმი და სინთეზიზმი
რედაქტირებაუკრაინაში ანარქო-კომუნისტთა ერთ-ერთი ავტორიტეტი, ნესტორ მახნო, იყო უკრაინის დამოუკიდებელი ანარქისტული არმიის ლიდერი რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში. უკრაინის რევოლუციურ-განმათავისუფლებელი არმიის (რომელსაც ანარქისტულ შავ არმიასაც უწოდებდნენ) ლიდერი აწარმოებდა პარტიზანულ ბრძოლას როგორც ბოლშევიკების, ასევე მეფის გვარდიის წინააღმდეგ. რევოლუციურმა მოძრაობამ, რომლის ერთ-ერთი წევრიც მახნო იყო, რამდენიმე ტაქტიკური სამხედრო ზავი გააფორმა, ამავდროულად დაამარცხა რეაქციული ძალები და შეძლო „თავისუფალი ტერიტორიის“ ორგანიზება. ეს იყო ანარქისტული საზოგადოება,რომელიც ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ სახელმწიფოს – როგორც ბოლშევიკურს, ასევე მონარქიულს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა მოიგერიეს ავსტია-უნგრეთის, თეთრი გვარდიის და უკრაინელი ნაციონალისტების ძალები, თავისუფალი ტერიტორიაც მათი ერთ-ერთი სამიზნე და მოგვიანებით, მსხვერპლიც გახდა.
მექსიკის რევოლუციის პერიოდში მოღვაწე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანარქისტი მოაზროვნე, რიკარდო ფლორეს მაგონი, კროპოტკინის ნაშრომს „ბრძოლა პურისათვის“ ერთგვარ ანარქისტულ ბიბლიად მიიჩნევდა. სწორედ მისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი რამდენიმე ანარქისტული კომუნის შექმნა 1911 წლის აჯანყების (ე.წ. „მაგონისტას“) პერიოდში.
რუსმა ანარქისტებმა სცადეს, აეხსნათ ანარქისტული მოძრაობის წარუმატებლობის მიზეზები რუსეთის რევოლუციის პერიოდში. მათ დაწერეს „ანარქისტთა გაერთიანების ორგანიზაციული პლატფორმა“, რომელიც 1926 წელს დაიბეჭდა გაზეთ „მუშათა ხმაში“. ეს ტექსტი მოიცავდა ანარქისტული იდეების ანალიზს, ანარქისტული საზოგადოების ხედვას და ანარქისტული ორგანიზაცის მოწყობის პრინციპებს. პლატფორმის მიხედვით, ანარქისტული ორგანიზაცია უნდა იდგეს 4 პრინციპზე - იდეოლოგიურ ერთობაზე, ტაქტიკურ ერთობაზე, კოლექტიურ საქმიანობასა და ფედერალიზმზე. პლატფორმისტებს მიაჩნდათ, რომ საჭირო იყო ერთი კონკრეტული ტაქტიკური გზის არჩევა,რომელიც საერთო მიზნამდე მიიყვანდა ანარქისტებს.
პლატფორმას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა ანარქისტული მოძრაობის სხვადასხვა სექციებში. კრიტიკოსებს შორის იყვნენ ცნობილი ანარქისტებიც – ერიკო მალატესტა, ლუიჯი ფაბრი, კამილო ბერნერი, მაქს ნეტლაუ, ალექსანდრ ბერკმანი, ემა გოლდმანი და გრიგორი მაქსიმოვი. მალატესტა, რომელიც თავდაპირველად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პლატფორმის იდეას, შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტურმა აღრევამ გამოიწვია. „მე ვეთანხმები ანარქისტული ორგანიზაციის მოწყობის ამ პრინციპებს, დაპირისპირება კი გამოიწვია ლინგვისტურმა პრობლემებმა,რომელთა გამოც პლატფორმაში ავტორიტარიზმი დავინახეთ. ვადასტურებ, რომ ჩვენ ერთი საერთო პოზიცია გვაქვს“ – განაცხადა მალატესტამ.
ანარქო-კომუნისტებმა – სებასტიან ფურემ და ვოლინმა პლატფორმის საპასუხოდ დაწერეს ორი ტექსტი, რომელშიც წარმოადგინეს ალტერნატიული მოდელები, რომლებიც შემდგომში სინთეზურ ორგანიზების ფორმად, უფრო მოკლედ – სინთეზიზმად შერაცხეს. ვოლინმა 1924 წელს გამოაქვეყნა ტექსტი „ანარქისტული სინთეზი“, შემდგომში კი ამავე თემაზე დაწერა სტატია სებასტიან ფურეს ანარქისტულ ენციკლოპედიაში. სინთეზიზმში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ანარქიზმს აქვს 3 ძირითადი განშტოება – ანარქო-სინდიკალიზმი, ანარქო-კომუნიზმი და ინდივიდუალისტური ანარქიზმი, ორგანიზაციამ კი უნდა მოახდინოს ამ სამი მიმართულების ურთიერთშეთავსება – ანარქო-სინდიკალიზმი კარგი საშუალება იქნება ხალხის ორგანიზებისთვის, ანარქო-კომუნიზმი – როგორც პოსტრევოლუციური საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის მოდელი, ანარქო-ინდივიდუალიზმი კი ორგანიზაციას შესძენს ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ და ინდივიდზე ორიენტირებული იდეოლოგიას.
ეკონომიკის პრინციპები
რედაქტირებაანარქო-კომუნიზმის თეორიაში აქცენტი გაკეთებულია თანასწორობაზე, სოციალური იერარქიის განადგურებაზე, კლასობრივ განსხვავებებზე (რაც განპირობებულია დოვლათის არათანაბარი განაწილებით), კერძო საკუთრებისა და ფულის მოსპობაზე. ეს ყველაფერი უნდა ჩაანაცვლოს კოლექტიურმა წარმოებამ და დოვლათის თანაბარმა განაწილებამ – მოთხოვნილებების მიხედვით. ანარქო-კომუნიზმში არ არსებობს სახელმწიფო და კერძო საკუთრება – ყოველი ინდივიდი თუ ჯგუფი თავისი სურვილისამებრ აწარმოებს პროდუქციას, რომელიც საერთო საკუთრება ხდება. წარმოების პროცესის და დისტრიბუციის ორგანიზებაზე კი თვითონ ამ ჯგუფის წევრები ზრუნავენ.
დაქირავებული შრომის არარსებობა ანარქო-კომუნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. როდესაც საერთო დოვლათი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და წარმოების მოცულობა განსაზღვრული იქნება მოთხოვნილებების სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით, ყოველ ადამიანს საშუალება ექნება, შეასრულოს თავისთვის სასურველი სამუშაო და არა ის, რასაც დაავალებენ.
ანარქო-კომუნისტებს მიაჩნიათ,რომ ცალკეული ინდივიდის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულების დათვლა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი არის ახლანდელი და წინა თაობების კოლექტიური შრომის შედეგი. მაგალითად, არავის შეუძლია განსაზღვროს ქარხნის მუშის მიერ 1 დღეში შექმნილი პროდუქტის ფასი, რადგან ვერ გაითვალისწინებს ყველაფერს – ტრანსპორტირების, საკვების, თავშესაფრის, დასვენების ხარჯებს, იმ საწარმოო საშუალებების ფასს, რომელთა გამოყენებითაც იქმნება პროდუქტი, მუშის ემოციურ მდგომარეობას და ა.შ. იმისთვის, რომ რეალურად შეფასდეს შრომა, უნდა გავითვალისწინოთ უამრავი ფაქტორი, განსაკუთრებით კი წარსულსა და აწმყოში გაწეული შრომა, რომლებიც განაპირობებს მომავალში გაწეულ შრომას. როგორც კროპოტკინმა თქვა, „შეუძლებელია, გამყოფი ხაზი გავავლოთ ორი ადამიანის შრომას შორის. შრომის ღირებულების განსაზღვრა პროდუქტის მიხედვით აბსურდია. ასეთივე აბსურდია საათობრივი ანაზღაურებაც. ერთი რამაა ცხადი: შრომაზე მაღლა მოთხოვნილება უნდა დავაყენოთ, ყველას უნდა ჰქონდეს სიცოცხლის უფლება, ხოლო ის, ვინც შრომობს, იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას“.
ანარქისტ კომუნისტებს მიაჩნიათ, რომ ყოველ ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც ვხვდებით ანაზღაურებად შრომას და კერძო საკუთრებას, სჭირდება სახელმწიფო აპარატი, რომელიც დაიცავს საკუთრების უფლებას და შეინარჩუნებს იმ ეკონომიკურ უთანასწორობას, რომელიც განპირობებულია განსხვავებული ანაზღაურებით და ვიღაცების საკუთრებაში არსებული მეტი ქონებით. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ბაზარი და სავალუტო სისტემა მშრომელებს ჰყოფს სხვადასხვა კლასებად, ასევე, შრომას ანიჭებს განსაზღვრულ ღირებულებას და ამ ყველაფრით „არეგულირებს“ წარმოებას, მოხმარებას და დისტრიბუციას. ანარქო-კომუნისტების აზრით, ფული ზღუდავს ადამიანთა შესაძლებლობას, მიიღონ ის, რაც სჭირდებათ, რადგან ხელფასები და პროდუქციის ფასები გარკვეულ საზღვარს უწესებს მოხმარებას. ანარქო-კომუნისტური თეორიის მიხედვით, წარმოება დამყარებული უნდა იყოს მოთხოვნილებათა სტატისტიკურ აღრიცხვაზე, მოხმარება და დისტრიბუცია კი თავისუფალი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა შეეძლოს იმის მიღება, რაც სჭირდება, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა ტიპის სამუშაოს ასრულებს თვითონ. ის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს ის, რაც სჭირდება და უნდა, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „ანაზღაურების“ შემცვლელი. რაც შეეხება ლიმიტებს – ყოველი ლიმიტი მოხმარებაზე უნდა დააწესონ იმ ჯგუფის წევრებმა, რომელსაც შეეხება შეზღუდვები და არა – კაპიტალისტებმა ან სახელმწიფომ. ანარქო-კომუნიზმს ბევრი საერთო აქვს ანარქო-კოლექტივიზმთან, თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ანარქო-კოლექტივისტები აღიარებენ წარმოების საშუალებათა კოლექტიურ მფლობელობას, მაშინ როდესაც ანარქო-კომუნისტები მთლიანად უარყოფენ წარმოების საშუალებების ვინმეს საკუთრებაში ყოფნას. ანარქო-კომუნისტები საგნებს ყოფენ პირადი გამოყენების ნივთებად და საწარმოო საშუალებებად, ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის აუცილებელ საგნებად. ანარქო-კომუნისტების აზრით, საწარმოო საშუალებები და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები არ უნდა იყოს ვინმეს საკუთრება (ეს ეხება როგორც ქარხნებს, ასევე, მაგალითად, არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებულ ნივთებს), არამედ, ყველას უნდა შეეძლოს მათი გამოყენება საზოგადოებისთვის სარგებლობის მოსატანად.მაგალითად, სახლები და მიწა არ უნდა იყოს ვაჭრობის ობიექტები – მათი გამოყენება ყველას უნდა შეეძლოს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღარ იარსებებს ცნებები „მეპატრონე“ და „დამქირავებელი“ (ეს ეხება ინტელექტუალური შრომის პროდუქტსაც). გარდა ამისა, ანარქო-კომუნისტებს მიაჩნიათ, რომ ანარქისტულ პრინციპებზე აგებულ საზოგადოებაში პრინციპების დარღვევაა, ადამიანი იღებდეს პროდუქტს და ამავდროულად, ვალდებული იყოს შეასრულოს რაღაც სამუშაო. მაგალითისთვის, ანარქო-კომუნისტები სვამენ კითხვას: „რატომ უნდა იმუშაოს მუშამ 10 საათი დღეში, იმისთვის რომ ჰქონდეს ბინა?“ ანარქო კომუნისტებს მიაჩნიათ, რომ სამუშაოს შესრულების მოტივაცია უნდა იყოს არა სანაცვლოდ მიღებული რაღაც, არამედ – პროდუქტის შექმნა. აქედან გამომდინარე, სახლის, მიწის, საკვების, ტანსაცმლის და მოკლედ რომ ვთქვათ, საერთო დოვლათის გამოყენება თავისუფლად უნდა შეეძლოს ყველას, დასაქმებულობისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა, ანარქო-კომუნისტური თეორია ითვალისწინებს იმასაც,რომ მიწა, რომელსაც ოჯახი თავისთვის სამყოფი პროდუქტის მისაღებად ამუშავებს (ან პატარა ფერმა აქვს) და არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის მისაწოდებელი პროდუქციის წარმოების საშუალებას, უნდა განვიხილოთ როგორც პირადი მოხმარების საგანი და არა, როგორც წარმოების საშუალება. ყოველ ინდივიდს შეუძლია შექმნას რაღაც და თავისთვის შეინახოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საგანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მხატვარის ფუნჯი, მუსიკოსის საკრავი, ისევე როგორც კბილის ჯაგრისი და ა.შ. არის პირადი მოხმარების ნივთი, რომელთანაც სხვებს არაფერი ესაქმებათ. თუმცა, რაც შეეხება კბილის ჯაგრისის თუ ფუნჯების ქარხნის მიერ შექმნილ პროდუქტს – ყველას თავისუფლად უნდა შეეძლოს მათი გამოყენება. ამგვარად, ანარქო-კომუნიზმი გვთავაზობს იდეალურ კომპრომისს ინდივიდუალური და საერთო მოხმარების საგნების გამიჯვნის საკითხში.
მნიშვნელოვანი საკითხები ანარქო-კომუნიზმის თეორიაში.
რედაქტირებამოტივაცია
რედაქტირებაანარქო-კომუნისტები უარყოფენ იმ აზრს, რომ ანაზღაურებადი შრომა აუცილებელია, რადგან ადამიანები „ბუნებით ზარმაცები და ეგოისტები“ არიან. მათ აქვთ არგუმენტიც: არცთუ იშვიათად მდიდრებიც კი მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვების შრომა მათ კეთილდღეობას სრულიად უზრუნველყოფს. ანარქო-კომუნისები ეწინააღმდეგებიან ადამიანის ბუნებაზე მსგავს შეხედულებას და მიაჩნიათ, რომ ხასიათი სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება. ბევრი ანარქო-კომუნისტი, პეტრე კროპოტკინის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ერთობლივი ძალებით გაკეთებული საქმისგან მიიღონ სარგებლობა, მაშინ როდესაც კაპიტალიზმი კონკურენციის პრინციპებს ნერგავს. კროპოტკინის აზრით, ანარქო-კომუნისტურ საზოგადოებაში ყველა შეასრულებდა საჭირო სამუშაოს, რადგან გაიაზრებდნენ ერთობლივი მუშაობის ეფექტურობას, მაშინ როდესაც ნესტორ მახნო და რიკარდო ფლორეს მაგონი მიიჩნევდნენ, რომ ანარქისტულ საზოგადოებაში ყველა აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე პროდუქტის შემქმნელი (ცხადია, ბავშვების, მოხუცების და შეზღუდულუნარიანების გარდა), რათა ცალკეული ინდივიდები მუქთახორების როლში არ აღმოჩენილიყვნენ. კროპოტკინს მიაჩნდა, რომ სიზარმაცე და საბოტაჟი ანარქო-კომუნისტური საზოგადოების წევრებისთვის უცხო იქნებოდა, თუმცა, ის ეთანხმებოდა აზრს, რომ ანარქიულ საზოგადოებაში მუქთახორების ადგილი არაა.
თავისუფლება, სამუშაო და დასვენება
რედაქტირებაანარქო-კომუნისტებს მიაჩნიათ,რომ ანარქია არის სრული ინდივიდუალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის განხორციელების საშუალება. დღესდღეობით კეთილდღეობა მხოლოდ მდიდრებისა და ძალაუფლების მფლობელთა პრივილეგიაა. ამ გაგებით, ანარქო-კომუნიზმი ჭეშმარიტად თანასწორობის მომხრე ფილოსოფიაა, რადგან ყველანაირ პრივილეგიებსა და იერარქიას უარყოფს. ანარქო-კომუნისტებს მიაჩინიათ, რომ არავის აქვს უფლება, იყოს ვიღაცის მმართველი ან ბოსი, არავის არ უნდა ჰქონდეს მეორე ადამიანის ჩაგვრის საშუალება. პეტრე კროპოტკინმა ერთხელ თქვა, რომ ძირითადი შეცდომები მანამდელი კომუნისტური ექსპერიმენტებისა იყო ის, რომ შექმნილი კომუნები ეყრდნობოდა რელიგიურ ენთუზიაზმს და „ოჯახივით ცხოვრების“ სურვილს, რის გამოც ადამიანს უწევდა თავის ასოცირება მთელ ჯგუფთან, მთელი თავისი სურვილების დათრგუნვა უაზრო მოთხოვნების გამო. კროპოტკინისთვის კი ანარქო-კომუნიზმი ეფუძნება თავისუფალი გაერთიანების პრინციპს, მისი თქმით, „თუ თავისუფალ არჩევანს ჩავთვლით პროგრესის ბაზისად და საზოგადოების აშენების ფუნდამენტურ პრინციპად მივიჩნევთ იმას, რომ ადამიანი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს დასვენების დროს, ამავდროულად, მას უნდა შეეძლოს მთელი ცხოვრების განმავლობაში იმუშაოს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სამუშაოზე, არამედ სურვილისამებრ იცვალოს თავისი პროფესიები, ნიშნავს იმას, რომ მივაღწევთ ადამიანის გათავისუფლებას,რის შედეგადაც ყოველ ინდივიდს შეეძლება ყოველმხრივ განვითარება, თავისი სურვილისამებრ“.
ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი
რედაქტირებაზოგიერთი ანარქო-კომუნისტი (ისევე როგორც არაერთი ანარქო-კოლექტივისტი) უარყოფს „ინდივიდუალიზმსა“ და „კოლექტივიზმს“, რადგან მიაჩნიათ ილუზიურ ცნებებად. მათი აზრით, შეუძლებელია, ადამიანმა კოლექტივს შესწიროს საკუთარი თავი, ან კოლექტივმა მართოს ცალკეული პიროვნებები, რადგან კოლექტივი არაა ზემდგომი ძალა, არამედ ის შედგება პიროვნებებისგან, ხოლო ბევრი პიროვნების მიერ ცალკეულთა კონტროლი ტირანიაა და არა – ანარქია. სხვები, მაგალითად ლუციენ ვან დერ ვალტი, მიიჩნევენ, რომ „ანარქისტები არ აიგივებენ თავისუფლებას ყველას მიერ მარტო იმის გაკეთებასთან, რაც სურთ; ანარქიულ საზოგადოებაში თითოეული ინდივიდის მიერ აღებული პასუხისმგებლობა ქმნის იმ მატერიალურ ბაზას, რომელიც საჭიროა პიროვნული თავისუფლებისთვის“. ასევე, ანარქისტებს მიაჩნიათ,რომ ნამდვილი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი არსებობს მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში და არა – მიზანთროპიულ-ბურჟუაზიულ სისტემაში. ანარქია ეფუძნება თავისუფლებისკენ შეუჩერებელ სწრაფვას, რომელიც სოციალური პროდუქტია, ადამიანთა უფლებების ღრმა პატივისცემას და რწმენას, რომ კაცობრიობას შეუძლია ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნამდვილ ინდივიდუალურ თავისუფლებას, ასევე, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ეგოისტური ფილოსოფიური პოზიციები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა ინსურექციულ (მეამბოხე) ანარქიზმზე. XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე იტალიელი ინდივიდუალისტი ანარქისტი, რენცო ნოვატორე, მხარს უჭერდა ანარქო-კომუნიზმს, რაც კარგად ჩანს მის სიტყვებში: „რევოლუცია არის ჩვენი ნების და მოთხოვნილებების გამომხატველი ცეცხლი. რევოლუცია არის თავისუფლების მიღება; რევოლუცია არის ახალი ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების შექმნის, დოვლათის განაწილების ინსტრუმენტი“. შტირნერისეული პოზიციიდან ის ასევე უარყოფდა კერძო საკუთრებას, როდესაც ამბობდა, რომ „მხოლოდ ეთიკური და სულიერი საკუთრებაა კერძო. მხოლოდ ეს ორი რამაა ინდივიდის ხელშეუხებელი საკუთრება“. მაქს ბეგინსკის სტატიაში, „შტირნერი – ეგო და საკუთრება“, რომელიც ამერიკულ ანარქისტულ ჟურნალში, „Mother Earth“-ში დაიბეჭდა, ვკითხულობთ: „თანამედროვე კომუნისტები შტირნერზე მეტად არიან ინდივიდუალისტები. მათთვის არა მხოლოდ რელიგია, მორალი და სახელმწიფო, არამედ საკუთრებაც კი მოჩვენებაა, რომელიც ადამიანთა დასამონებლად გამოიყენება. ინდივიდუალიზმი დღეს საკუთრების მიერ უფრო მეტადაა შებოჭილი, ვიდრე რელიგიის, სახელმწიფოს და მორალის მიერ – ერთად. ინდივიდი არ უნდა იყოს დამცირებული ქონების ქონა-არქონის გამო. კომუნიზმი ქმნის ინდივიდის თავისუფლების საძირკველს. მე ვარ კომუნისტი, იმიტომ რომ ვარ ინდივიდუალისტი. ინდივიდუალიზმი და კომუნიზმი მხარდამხარ მოდიან.“
რევოლუცია და გარდამავალი ეტაპი
რედაქტირებამარქსისტ-ლენინისტებს მიაჩნიათ,რომ გარდამავალი პერიოდის გარეშე (ეს პროლეტარიატის დიქტატურის მათეული ინტერპრეტაციაა) შეუძლებელია, საზოგადოებამ დაიცვას რევოლუციის მონაპოვარი რეაქციონერებისგან. ფრიდრიხ ენგელსმა აღნიშნა: „სახელმწიფოს განადგურება შეუძლებელია მანამდე მომხდარი სოციალური რევოლუციის გარეშე. მანამდე მომხდარი სოციალური რევოლუცია კი კაპიტალის განადგურებაა ,რაც გულისხმობს მთელი წარმოების პროცესის ცვლილებას“. ანარქო-კომუნისტები კი ამ საკითხს სხვანაირად უდგებიან – მათი აზრით, კაპიტალიზმის და სახელმწიფოს განადგურებას ორი სოციალური რევოლუცია არ სჭირდება – ერთიც ეყოფა. ანარქისტები უარყოფენ „პროლეტარიატის დიქტატურის“ ლენინისეულ მოდელს, რადგან მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი რევოლუციური დაჯგუფება,რომელიც ხელში ჩაიგდებს მართვის სადავეებს, ისეთივე ავტორიტარული გახდება,როგორიც მმართველი კლასია კაპიტალიზმის პირობებში, ანუ, რევოლუციონერები თვითონ იქცევიან იმ კლასად, რომელსაც ადრე ებრძოდნენ. პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად ანარქო-კომუნისტები გვთავაზობენ მოდელს, რომელიც ემყარება დეცენტრალიზაციას, სახელმწიფოს მთლიანად განადგურებას, თავისუფალ ფედერაციებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელი ძალა ხალხში იქნება და არანაირი მთავრობა არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ რევოლუციის მონაპოვარი დაიცვას საფრთხეებისგან – ამის მშვენიერი მაგალითი იყო ესპანეთის რევოლუცია, სადაც ანარქისტულმა სამხედრო მობილიზაცია მოხერხდა, მიუხედავად იმისა,რომ ანარქისტები დამარცხდნენ გაცილებით ძლიერ ძალასთან შეტაკებისას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანარქისტული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2016-10-01 საიტზე Wayback Machine.