შალვა ამირეჯიბი

(გადამისამართდა გვერდიდან ამირეჯიბი, შალვა)

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (დ. 15 იანვარი, 1887, ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე) — ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

შალვა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი 1887
გარდაცვალების თარიღი 1943
გარდაცვალების ადგილი პარიზი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თავადის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობამ. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. სწავლას თავი დაანება და შევიდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა. 1907-1909 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაჯკულტეტის თავისუფალი მსმენელი. უსახსრობის გამო სწავლა ვერ გააგრძელა და 1909 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა ჟურნალ „ერში“. 1911 წელს დააპატიმრეს სოციალისტ-ფედერალისტების სხვა ლიდერებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის პარტიაში აღარ ირიცხებოდა.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დაუბრუნდა პუბლიცისტურ საქმიანობას. დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და მათთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“ . იყენებდა ფსევდონიმს „ფარსმან-ფარუხი“, „შ. ა.“ და სხვა. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისშ, სადაც რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „სამშობლოსა“ და „იმერეთს“. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები: "დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი" („კლდე“, 1912 № 14 ), "შოთა რუსთაველი" („კლდე“, 1913 № 16), "ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო" ("საქართველოს", 1915, № 60), "ვალერიან გუნია" ("საქართველო", 1917, № 92), "ქართველი მენშევიკები" ("საქართველო", 1918, № 8), "ამიერ-კავკასიის სეიმი" ("საქართველო", 1918 № 11), "დამოუკიდებლობა" ("საქართველო, 1918, № 232"), "თბილისის უნივერსიტეტი" ("საქართველო", 1921, № 18) და სხვა.

1915 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს ჯარში და გაგზავნეს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე. ჯარში ამირეჯიბმა წელიწადნახევარი იმსახურა. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის ბეჭდვით ორგანო „საქართველოში“. 1917 წლის მაისში პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის შეკრებას კავკავში და მიესალმა მათ გათავისუფლებას რუსეთის იმპერიისგან. 1917 წლის სექტემბერში აკაკი ჩხენკელთან ერთად მონაწილეობდა პეტროგრადის თათბირის მუშაობაში, არჩეული იყო წინასწარი პარლამენტის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წელს დემონსტრაციულად არ მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რადგან რესპუბლიკა არ მიაჩნდა საქართველოსთვის გამართლებულ მმართველობის ფორმად. 1919 წლის მაისში მან პარტია დატოვა, თუმცა ამლევე დაუბრუნდა მას. 1919 წელს ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში „მინანქრები“. ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთან. მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“ — გიორგი ლეონიძესთან, პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვებთან. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1920 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, როგორც ნიკო ნიკოლაძის უფლებამონაცვლე.

1922 წლის 10 თებერვლიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში და თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცკ-ის წევრი. 1922-1924 წლებში ამირეჯიბმა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ, დადიანის, პ. ქავთარაძის, გრიგოლ რობაქიძის, გ. ლეონიძის, შ. შარაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვების მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირიკული ლექსი: "შემოდგომა", "ქუთათური სერენადა", "ანტიანაკრეონტი", "მშვიდობით, მწვანე კიკეთო", "ქანდაკი", "რევოლუცია", "მუზას" და სხვა. 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი — „ვასილ აბაშიძე, 50 წლის მოღვაწეობის გამო“.

1923 წლის გაზაფხულზე, კონსტანტინე აფხაზის დახვრეტის შემდეგ გახდა დამოუკიდებლობის კომიეტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ჩაერთო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წლის 29 აგვისტოს, აჯანყების დაწყებისას, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში, საიდანაც წავიდა საფრანგეთში. 1925 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართყული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — „სამშობლო“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“. 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი „ახალი დროება“. 1942 წელს თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში. ამირეჯიბის ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია "მამულს", "კოტე აბხაზის სიკვდილზე", "კოტე ანდრონიკაშვილს", "ელენე აბხაზს", "რუბაიები", "სოფელი", "შლვა შატაშიძეს", "ვერა ფაღავას" და სხვა. მისი მოგონება „ქაქუცა ხევ-გრძელზედ“ ასახავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს.

დაკრძალულია სენტ–უანის სასაფლაოზე.

თხზულებები

რედაქტირება
  • შალვა ამირეჯიბი (1886-1943), 2 წიგნად; საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 1997-1998

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება