ჟორჟი ამადუ

(გადამისამართდა გვერდიდან ამადუ, ჟორჟი)

ჟორჟი ლეალ ამადუ დი ფარია (პორტ. Jorge Amado de Faria; დ. 10 აგვისტო, 1912, იტაბუნა, ბაიის შტატი, — გ. 6 აგვისტო, 2001) — თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი, ბრაზილიური ლიტერატურის კლასიკოსი. აღიარებულია „ბრაზილიური კულტურის მსოფლიო დესპანად“.[25]

ჟორჟი ამადუ
ბრაზ.-პორტ. Jorge Leal Amado de Faria[1]
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1912(1912-08-10)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი იტაბუნა[4]
გარდაცვალების თარიღი 6 აგვისტო, 2001(2001-08-06)[2] [3] [5] [6] [7] [8] [16] [9] [10] [11] [12] [14] [15](88 წლის)
გარდაცვალების ადგილი სალვადორი
საქმიანობა მწერალი[4] , ჟურნალისტი[4] , პოეტი, რომანისტი[4] და პოლიტიკოსი[4]
ენა ბრაზილიური პორტუგალიური
მოქალაქეობა  ბრაზილია[4]
ალმა-მატერი Federal University of Rio de Janeiro Faculty of Law
ჟანრი რომანი
Magnum opus გაბრიელა, დარიჩინი და მიხაკი[4] , დონა ფლორი და მისი ორი ქმარი[4] , ტიეტა აგრესტედან[4] , ქვიშის კაპიტნები[4] და Tereza Batista: Home from the Wars
ჯილდოები კამოენსის პრემია[17] , ჩინო დელ დუკას პრემია[18] , საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის[19] , ნონინოს საერთაშორისო პრემია[20] , Ordem do Mérito Cultural[21] , Grand Officer of the Order of Prince Henry[22] , Grand Officer of the Military Order of Saint James of the Sword[22] , ბრაზილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] , პადუის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[24] , Meritorious Citizen of the Freedom and Social Justice João Mangabeira (CBJM) და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი
მეუღლე სელია გატაი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი jorgeamado.com.br

ბიოგრაფია რედაქტირება

ოჯახი, განათლება რედაქტირება

ჟორჟი ამადუ დაიბადა 1912 წელს, ბაიის შტატის ქალაქ იტაბუნას ახლომდებარე ფაზენდა აურისიდიაში, ჟოაო ამადუ დი ფარიასა და ეულალია ლეაოს ოჯახში. მწერლის მამა კაკაოს პლანტაციის მფლობელი იყო. 1914 წელს, ყვავილის ეპიდემიის გამო, ამადუები გადასახლდნენ მეზობელ ქალაქ ილეუსში, სადაც გაიარა მომავალი მწერლის ბავშვობამ. ამის გამო, იგი მთელი ცხოვრება ილეუსელად თვლიდა თავს. საშუალო განათლება ამადუმ ბაიას დედაქალაქ სალვადორ დე ბაიაში, იეზუიტთა კოლეჯში მიიღო[26],  შემდეგ კი რიო დე ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დაეუფლა იურისტის პროფესიას, თუმცა, თავისი განათლებით არასოდეს უმუშავია და მთელი ცხოვრება ლიტერატურას მიუძღვნა.

ლიტერატურული მოღვაწეობის ადრეული ხანა რედაქტირება

ამადუ ადრევე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში-14 წლის ასაკიდან უკვე აქტიურად თანამშრომლობდა რამდენიმე ჟურნალთან და იყო ახალგაზრდა ავტორთა ე.წ. "„მეამბოხეთა აკადემიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი[27]. პირველი რომანი, „კარნავალის ქვეყანა“, მწერალმა 18 წლის ასაკში, 1931 წელს გამოაქვეყნა. ორი წლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა „კაკაო“, „ოფლი“, „მკვდარი ზღვა“, „ჟუბიაბა“, „ქვიშის კაპიტნები“, რომელშიც მწერალი ეხებოდა სოციალურ თემებს, რასობრივ საკითხებს. ამ დროიდანვე გამოვლინდა ამადუს ინტერესი აფრო-ბრაზილიური კულტურისა და საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე მისი გავლენის მიმართ.

ამადუ ახალგაზრდობიდანვე უდიდესი თანაგრძნობით იყო გამსჭვალული დაბალი სოციალური ფენის ადამიანების მიმართ, რომელთა მძიმე ცხოვრებას და შრომას პლანტაციებში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა. ეს შეხედულებები ნათლად აისახა მის ადრეულ ლიტერატურულ ქმნილებებსა და პოლიტიკურ მრწამსში-მემარცხენე მიმართულების ამადუ ბრაზილიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მისი ცხოვრება, განსაკუთრებით 1935 წლიდან, დიქტატორ ჟეტულიუ ვარგასის მმართველობის პირობებში. ამ წელს იგი დააპატიმრეს კიდეც, 1937 წელს მისი ნაწარმოებები საჯაროდ დაწვეს. ბრაზილიასა და პორტუგალიაში მისი წიგნები აიკრძალა, თუმცა, მწერლის პოპულარობას ამან ხელი ვერ შეუშალა-„ჟუბიაბას“ ფრანგულ თარგმანს აღფრთოვანებული გამოხმაურებები მოჰყვა ევროპაში. ალბერ კამიუმ, რომელიც იმხანად უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი და სახელმოხვეჭილი მწერალი იყო, მაღალი შეფასება მისცა რომანს.

პოლიტიკური მოღვაწეობა, განდევნილობა რედაქტირება

40-იან წლებში, დიქტატორული რეჟიმის მხრიდან დევნის გამო, მწერალი იძულებული გახდა, ბრაზილია მიეტოვებინა და ურუგვაისა და არგენტინაში ეძებნა თავშესაფარი, თუმცა, წერისათვის თავი მაინც არ დაუნებებია — შექმნა გამოჩენილი ბრაზილიელი პოეტის, რესპუბლიკელისა და აბოლიციონისტის ანტონიუ კასტრუ ალვისისა და თავისი თანამედროვე ბრაზილიელი პოლიტიკოსის, იმხანად პატიმრობაში მყოფი ლუიშ კარლუშ პრესტეშის ბიოგრაფიები („კასტრუ ალვისის ანბანთქება“ (1941), „იმედის მხედარი“ (1942, ესპანურ ენაზე), რაც მკაფიოდ გამოკვეთილ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. 1945 წელს, ვარგასის მმართველობის დასრულების შემდეგ, ამადუმ მოახერხა ბრაზილიაში დაბრუნება. იგი კომპარტიის სიით აირჩიეს ეროვნულ საკონსტიტუციო ანსამბლეაში. მწერალი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკანონმდებლო საქმიანობაში, მხარს უჭერდა კანონს აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. 2 წლის შემდეგ კომუნისტური პარტია არალეგალურად გამოცხადდა და წევრების დევნა დაიწყო. ამადუ ისევ იძულებული გახდა, რომ მიეტოვებინა სამშობლო. ერთხანს იგი საფრანგეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, თუმცა 1950 წელს ქვეყნიდან გააძევეს (საფრანგეთში ჩასვლის უფლება ამადუს მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაუბრუნეს, იმხანად საფრანგეთის კულტურის მინისტრის, მწერალ ანდრე მალროს ჩარევის შემდეგ) და ჩეხოსლოვაკიაში მოუწია გადასვლა, შემდეგ კი — სსრკ-ს ეწვია, სადაც 1951 წელს სტალინური პრემია მიანიჭეს.

ლიტერატურული მოღვაწეობის მეორე პერიოდი რედაქტირება

1956 წელს ამადუ სამშობლოში დაბრუნდა და სალვადორ-დე-ბაიაში დასახლდა. იგი გამოვიდა პარტიიდან, მიატოვა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და მთლიანად ლიტერატურაზე გადაერთო. ამ პერიოდის შემოქმედება ძლიერ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. სოციალური თემა ამჯერად ბაიის ბუნების, ქალაქების, იქაური საზოგადოების ცხოვრებისა და ტრადიციების აღწერამ ჩაანაცვლა. მწერალი განსაკუთრებული ხატოვანებით ახასიათებდა ქალთა პერსონაჟებს („გაბრიელა, მიხაკი და დარიჩინი, დონა ფლორი და მისი ორი ქმარი, ტერეზა ბატისტა ომიდან შინ ბრუნდება, ტიეტა აგრესტედან), თუმცა, „გაბრიელაში“ ინტიმური თემების მისეულმა  ასახვამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია- მწერალს არაერთხელ დაემუქრნენ შურისძიებით, „ბაიელი ქალების უარყოფითი ტიპაჟის შექმნის“ გამო და, ერთხანს მშობლიურ ქალაქ ილეუსშიც კი აკრძალული ჰქონდა ჩასვლა. ამის მიუხედავად, ლიტერატურულ წრეებში კვლავინდებურად მაღალ შეფასებას აძლევდნენ ამადუს შემოქმედებას. „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“ ჟაბუტის პრემიით (Prêmio Jabuti) დაჯილდოვდა.

შემოქმედების მეორე პერიოდში ამადუმ რომანებთან ერთად, მოგონებების რამდენიმე წიგნიც გამოსცა. იგი მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურის დარგშიც.

აღიარება რედაქტირება

მთელი ცხოვრების მანძილზე, ამადუ აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა და მისი ნაწარმოებების მიმართ მკითხველის ინტერესი არასოდეს განელებულა. იგი აირჩიეს ლიტერატურული აკადემიის წევრად, რამდენიმე უნივერსიტეტმა როგორც ბრაზილიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ საპატიო დოქტორის ტიტული მიანიჭა, კანდომბლეს კულტმა კი ამადუ წმინდანად გამოაცხადა.

ამადუს რომანები მის სიცოცხლეშივე 49 ენაზე ითარგმნა და 55 სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა, საფუძვლად დაედო თეატრალურ დადგმებს და კინოფილმებს.  1984 წელს მწერალს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. 1987 წელს სალვადორ-დე-ბაიაში შეიქმნა ჟორჟი ამადუს ფონდი, რომელიც მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მფარველობას ისახავდა მიზნად, დაარსდა მისი შემოქმედების მუზეუმი, სადაც ამადუს წიგნების სხვადასხვა გამოცემებია გამოფენილი.

საყოველთაო პატივისცემით მოცული მწერალი გარდაიცვალა 2001 წელს, 87 წლის ასაკში, გულის უკმარისობით[28]. მისი ანდერძისამებრ, სხეული დაწვეს და ფერფლი მის ბაღში გაფანტეს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ამადუ ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად იგი 20 წლის ასაკში დაოჯხდა მატილდე გარსია როსაზე, რომელთაგანაც ქალიშვილი ეულალია დალილა (ლილა) შეეძინა.  1944 წელს მეუღლეები განქორწინდნენ.

მალე ამადუმ გაიცნო მწერალი და ფოტოგრაფი ზელია გატაი, რომელთანაც გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება, თუმცა, ოფიციალური ქორწინება ამადუმ და გატაიმ მხოლოდ 1978 წელს გააფორმეს, როცა უკვე შვილიშვილებიც ჰყავდათ[29]. ამ ქორწინებიდან 1947 წელს დაიბადა ვაჟიშვილი ჟოაო ჟორჟი, რამდენიმე წლის შემდეგ კი-ქალიშვილი პალომა. ამავდროულად, 1949 წელს 14 წლის ასაკში გარდაიცვალა ლილა-ამადუს და გარსია როსას ქალიშვილი.

ჟორჟი ამადუს შვილიშვილია რეჟისორი სესილია ამადუ[30], რომელმაც 2011 წელს გადაიღო „ქვიშის კაპიტნების“ ეკრანიზაცია[31]

შემოქმედება რედაქტირება

  • „კარნავალის ქვეყანა“ (O País do Carnaval, რომანი, 1931)
  • „კაკაო“ (Cacau, რომანი, 1933)
  • „ოფლი“ (Suor, რომანი, 1934)
  • „ჟუბიაბა“ (Jubiabá, რომანი, 1935)
  • „მკვდარი ზღვა“ (Mar morto, რომანი, 1936)
  • „ქვიშის კაპიტნები“ (Capitães da areia, რომანი, 1937)
  • „ზღვის სანაპირო“ (A estrada do mar, პოეტური კრებული, 1938)
  • „კასტრუ ალვისის ანბანთქება“ (ABC de Castro Alves, ბიოგრაფია, 1941)
  • „იმედის მხედარი“ (O cavaleiro da esperança, ბიოგრაფია, 1942)
  • „უკიდეგანო მიწები“ (Terras do Sem-Fim, რომანი, 1943)
  • „ილეუსის წმინდა გიორგი“ (São Jorge dos Ilhéus, რომანი, 1944, ქართული თარგმანი — „ქალაქი ილეუსი“, 1977)
  • „ყოველთა წმინდანთა ბაია“ (Bahia de Todos os Santos, გზამკვლევი, 1944)
  • „წითელი მოსავალი“ (Seara vermelha, რომანი, 1946, ქართული თარგმანი — „მეწამული ყლორტები“, 1977)
  • „ჯარისკაცის სიყვარული“ (O amor do soldado, პიესა, 1947)
  • „მშვიდობის სამყარო“ (O mundo da paz, გზამკვლევი, 1951)
  • „თავისუფლების ჯურღმულები“ (Os subterrâneos da liberdade, ტრილოგია, 1954)
  • „გაბრიელა, მიხაკი და დარიჩინი“ (Gabriela, cravo e canela, რომანი, 1958, ქართული თარგმანი — „გაბრიელა: ერთი პროვინციული ქალაქის ქრონიკა“, 1968)
  • „კვინკას წყალიფერთხიას ორი სიკვდილი“ (A morte e a morte de Quincas Berro d'Água, რომანი (1959)
  • „ბებერი მეზღვაურები, ანუ შორეული ნაოსნობის კაპიტანი“ (Os velhos marinheiros ou o capitão de longo curso, რომანი, 1961)
  • „ღამის მწყემსები“ (Os pastores da noite, რომანი, 1964)
  • „ოგუნის ნათლია“ (O Compadre de Ogum, რომანი, 1964)
  • „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“ (Dona Flor e Seus Dois Maridos, რომანი, 1966, ქართული თარგმანი — „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი: ზნეობისა და სიყვარულის ამბავი“, 1980)
  • „სასწაულების ფარდული“ (Tenda dos milagres, რომანი, 1969)
  • „ტერეზა ბატისტა ომიდან შინ ბრუნდება“ (Teresa Batista cansada de guerra, რომანი, 1972)
  • „ზოლიანი კატა და მერცხალი სინია“ (O gato Malhado e a andorinha Sinhá, საბავშვო პროზა, 1976)
  • „ტიეტა აგრესტედან“ (Tieta do Agreste, რომანი, 1977)
  • „მუნდირი, მანტია და ღამის პერანგი“ (Farda, fardão, camisola de dormir, რომანი, 1979)
  • „ფრინველთა ახალი სასწაულები“ (Do recente milagre dos pássaros, მოთხრობები — 1979, სცენარი — 1997)
  • „გრაპიუნა ყმაწვილი“ (O menino grapiúna, მოგონებები, 1981)
  • „ბურთი და მეკარე“ (A bola e o goleiro, საბავშვო ლიტერატურია, 1984)
  • „დიდი ჩასაფრება“ (Tocaia grande, რომანი, 1984)
  • „წმინდანის გაუჩინარება“ (O sumiço da santa, რომანი (1988)
  • „სანაპირო ნაოსნობა“ (Navegação de cabotagem, მოგონებები, 1992)
  • „ამერიკის აღმოჩენა თურქების მიერ“ (A descoberta da América pelos turcos, რომანი, 1994)
  • „ომის საათი“ (Hora da Guerra, ქრონიკები, გამოიცა გარდაცვალების შემდეგ, 2008[32])

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.actualidadliteratura.com/jorge-amado-vida-y-obras/
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 73. — ISBN 978-2-221-06888-5
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. 8.0 8.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  9. 9.0 9.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 Annuaire prosopographique : la France savante
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  17. https://www.epdlp.com/premios.php?premio=Camoes
  18. http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
  19. https://www.bbc.com/mundo/noticias/2012/08/120809_amado_jorge_europa_este
  20. https://elcultural.com/Jorge-Amado-luchar-por-la-justicia-y-la-alegria
  21. https://ifacca.org/news/2012/11/05/order-cultural-merit/
  22. 22.0 22.1 Ordens Honoríficas Portuguesas
  23. http://www.educacional.com.br/reportagens/jorgeAmado/parte-06.asp
  24. https://www.rar.ind.br/Imprensa/Detalhes/126/raul-randon-recebe-laurea-honoris-causa-da-it
  25. https://www.faz.net/aktuell/feuilleton/literatur-die-literarische-welt-trauert-um-jorge-amado-132116.html
  26. https://www.britannica.com/biography/Jorge-Amado
  27. http://redeglobo.globo.com/globoteatro/bis/noticia/2013/09/jorge-amado-classicos-adaptados-para-cinema-televisao-e-teatro.html
  28. https://www.faz.net/aktuell/feuilleton/literatur-brasilianischer-schriftsteller-jorge-amado-ist-tot-127648.html
  29. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-15. ციტირების თარიღი: 2019-09-08.
  30. https://www.imdb.com/name/nm0023753/
  31. https://www.imdb.com/title/tt1828148/?ref_=nm_flmg_wr_3
  32. https://www.companhiadasletras.com.br/detalhe.php?codigo=12571