ალფონსო X

(გადამისამართდა გვერდიდან ალფონსო X (კასტილია))

ალფონსო X ბრძენი (ესპ. Alfonso X el Sabio; დ. 23 ნოემბერი, 1221 ტოლედო, ესპანეთი — გ. 4 აპრილი 1284 სევილია, ესპანეთი) — კასტილიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი 1257–1273 წლებში. ფერდინანდ III-სა და ბეატრის შვაბიელის ვაჟი. იქორწინა 1246 წელს იოლანდაზე, არაგონის მეფის, ხაიმე I-ს ასულზე.

ალფონსო X და მისი სასამართლო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯერ კიდევ როდესაც ინფანტი იყო, ალფონსმა გამოავლინა სახელმწიფოს მართვის ნიჭი, იგი მონაწილეობდა მამის საქმიანობასა და მრავალრიცხოვან ომებში. მაგრამ გამეფების შემდეგ იგი ბევრ რამეში დაშორდა ფერდინანდ III-ს ნაციონალურ პოლიტიკას. მავრებთან ომები გრძელდებოდა, მაგრამ ნაკლები ენერგიით და ხშირად დამარცხებებით მთავრდებოდა. ომზე კონცენტრაციის ნაცვლად, ალფონსო დიდ ხარჯებზე წავიდა 1257 წელს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად ასარჩევად. ამ ტიტულმა მას რომის კურიასთან განხეთქილების მეტი არაფერი მოუტანა.

შიდა საქმეებიც არ აძლევდა მეფეს საშუალებას მთლიანად რეკონკისტაზე გადაეტანა ყურადღება. საერთოდ მისი მმართველობის პეროდში ხშირი იყო არეულობები, კრიზისები, აჯანყებები. მეფე გულუხვი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან ქედმაღალი და ფუფუნების მოყვარული. თან მას ხშირად აკლდა სიმტკიცე დასახული მიზნების მისაღწევად.

სამხედრო ექსპედიციებზე მეტად მეცნიერებების სწავლა იზიდავდა, რის გამოც შეარქვეს ბრძენი. იგი არ იშურებდა ფულს სალამანკას უნივერსიტეტისთვის, ახალი კათედრები გახსნა, გაზარდა მისი პრივილეგიები, საბოლოოდ ეს უნივერსიტეტი ღირსეულ მეტოქეობას უწევდა პარიზის უნივერსიტეტს. იგი ასტრონომიითაც იყო გატაცებული. მისი ბრძანებით ახალი ობსერვატორია აიგო და მან 50 ასტრონომს დაავალა ახალი ასტრონომიული ცხრილების შედგენა, რომლებსაც მეფის პატივსაცემად ალფონსის ცხრილები ეწოდა. ალფონსოს მეფობის ხანაში კასტილიური ენის მნიშვნელობა გაიხარდა. მეფე ხელს უწყობდა ამ ენაზე ლიტერატურის განვითარებას, სახელმწიფო აქტებსაც ბარბაროსული ლათინურის ნაცვლად კასტილიურად წერდა, მისი ბრძანებით, ბიბლიაც თარგმნეს.

ალფონსის დროს დიდი სამუშაო ჩატარდა კანონების უნიფიკაციისთვის. ოლქების ადგილობრივი კანონების ნაცვლად მან შექმნა საერთო კოდექსი, რომელიც რომაულ სამართალს ეფუძნებოდა და ისტორიაში ”შვიდი ნაწილის კანონად” შევიდა. ამ კანონებით მეფის ძალაუფლება განმტკიცდა. თუმცა ეს ტენდენცია უფრო ასახავდა ცენტრალური ხელისუფლების სურვილებს, ვიდრე რეალურ შესაძლებლობებს. შემდგომმა მოვლენებმა გამოავლინა, თუ რა შორს იყო ”შვიდი ნაწილის კანონები” სინმდვილისგან.

1275 წელს დაიღუპა ალფონსოს უფროსი ვაჟი ინფანტი ფერნანდო. ალფონსოს კანონების თანხმად მემკვიდრე ფერნანდოს უფროსი ვაჟი უნდა გამხდარიყო, ხოლო კასტილიური ადათების თანახმად მემკვიდრე ფერნანდოს უმცროსი ძმა - დონ სანჩო უნდა ყოფილიყო. ალფონსო დათმობაზე წავიდა და მემკვიდრეთ ვაჟი გამოაცხადა, მაგრამ მისი რძალი, ფერნანდოს ქვრივი ბლანკა ფრანგი არ დაეთანხმა და თავის ძმასთან ფილიპ IIIსთან წავიდა და დისშვილების დაცვა სთხოვა. ფილიპმა ესპანეთისკენ გაილაშქრა და კასტილიის ნავარის მოსაზღვრე მიწებზე თარეშობდა. ალფონსომ სცადა ფრანგებთან მოლაპარაკება, ბლანკას ვაჟს გამოუყო სამეფო ხაენა, რომელიც კასტილიასთან ვასალურ დამოკიდებულებაში იქნებოდა.

სანჩო აღაშფოთა ამ გარიგებამ. მასსა და მამამის შორის ურთიერთობები დაიძაბა, რაც 1281 წელს ღია ომში გადაიზარდა. კასტილიის თითქმის ყველა დიდებული სანჩოს მხარეს დადგა და მეფის წინააღმდეგ იბრძოდა. 1282 წელს ვალიადოლიდაში შეკრებილმა კორტესებმა გადააყენეს მეფე ალფონსო და ძალაუფლება სანჩოს ჩააბარეს. ყველასგან მიტოვებულმა ალფონსომ დაწყევლა სანჩო და დახმარებისთვის მაროკოს მმართველს აბუ იუსუფს მიმართა. ასე ჩაერთვნენ მუსლიმები ესპანელთა განხეთქილებებში და ფრანგებთან და არაგონელებთან ერთად დაიწყეს კასტილიაში თარეში. ამ ომის დროს ალფონსო ავად გახდა და სევილიაში მოკვდა. თავისი ანდერძით მან კიდევ უფრო გაართულა საქმე. კასტილია მან შვილიშვილ ფერნანდოს დაუტოვა, ხოლო უმცროს შვილებს ხუანს და ხაიმეს - სევილია, ბარახოსი და მურსია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: