ალის განძი, 1925 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ალში აღმოჩენილი განძი - ვერცხლის 471 მონეტა. უმთავრესად შეიცავს XIV საუკუნის ოქროს ურდოს, აგრეთვე რეის სულთნის აჰმად ჯალაირისა და საქართველოს მეფის გიორგი VII-ის სახელით მოჭრილ ფულებს. ყველაზე ადრინდელი მონეტა დათარიღებულია 1310-ით, ყველაზე გვიანდელი - 1400-1401-ით.

ალის განძის მონეტები მნიშვნელოვანი წყაროა ოქროს ურდოსა და საქართველოს შორის XIV საუკუნეში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობათა დასადგენად. განძის ჯუჩიდური მონეტები საქართველოში დარიალის გზით შემოსულა. სოფ. ალში მონეტების ასეთი თავმოყრა იმით აიხსნება, რომ ძველად აქ საბაჟო ყოფილა.

ყველაზე ადრე აღმოჩენილია ალის ე. წ. უცნობი განძი, რომლის შესახებაც გაზეთი „დროება“ 1881 წლის 248 ნომერში წერდა: ”გორის მაზრის სოფ. ალიდან გვწერენ: ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს.ამას წინეთ ერტს მეწისკვილეს ეპოვნა ალის ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული” . აღნიშნული განძი ამჯერად დაკარგულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964
  • ლომოური თ., საქართველოსა და ოქროს ურდოს შორის ურთიერთობის საკითხისათვის XIV საუკუნეში (ალის განძის ჯუჩიდური ფულები), თბ., 1946
  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 1, გვ. 311-312, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება