ოქსანა აკინშინა
ოქსანა აკინშინა (რუს. Оксана Акиньшина; დ. 19 აპრილი, 1987, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი კინომსახიობი.
ოქსანა აკინშინა | |
---|---|
აკინშინა 2008 წელს | |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1987 სანქტ-პეტერბურგი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000–დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოქსანა აკინშინა დაიბადა 1987 წლის 19 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ავტოზეინკლისა და ბუღალტრის ოჯახში.[1] მუშაობდა სამოდელო სააგენტოში, რომლის ხელმძღვანელმა ყველა გოგონას დაავალა რეჟისორ სერგეი ბოდროვ-უმცროსთან სინჯებზე მისვლა. აკინშინა სინჯებზე ენთუზიაზმის გარეშე მივიდა,[2] თუმცა შერჩევა გაიარა და პირველად ეკრანზე 13 წლის ასაკში გამოჩნდა ბოდროვის დრამაში „დები“. ამ ფილმისთვის 2001 წლის სოჭის კინოფესტივალზე კონკურსში „დებიუტი“ აკინშინამ და კატია გორინამ მიიღეს ჯილდო „საუკეთესო სამსახიობო დუეტისთვის“. საერთაშორისო ცნობადობა მოიპოვა შვედი რეჟისორის ლუკას მუდისონის ფილმში „ლილია სამუდამოდ“. 2003 წელს ითამაშა ნიდერლანდურ ფილმში „სამხრეთი“, სადაც შეასრულა ახალგაზრდა გოგონას, მარტოხელა დედის როლი. ფილმში აკინშინა ნიდერლანდურ ენაზე საუბრობს.
2004 წელს დაამტკიცეს ესფირ ლიტვინოვას როლზე ფილმში „სახელმწიფო მრჩეველი“, თუმცა გადაღებების პირველ დღეს არ გამოჩნდა, რის გამოც ამ როლზე დაამტკიცეს მსახიობი ემილია სპივაკი. ამავე წელს შეასრულა ირენა ნესკის როლი პოლ გრინგრასის ფილმში „ბორნის უპირატესობა“. ფილმში „მგლებზე მონადირე“, რომელიც გაქირავებაში 2006 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა აკინშინამ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი. 2008 წელს ითამაშა ვალერი ტოდოროვსკის მიუზიკლში „ჰიპსტერები“. 2011 წელს შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ვისოცკი. მადლობა, რომ ცოცხალი ხარ“. 2012 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „რვა პირველი პაემანი“, ხოლო 2015 წელს მის გაგრძელებაში „რვა ახალი პაემანი“.
2008 წელს გაიცნო თავისი პირველი მეუღლე დიმიტრი ლიტვინოვი. 2009 წლის 2 ივნისს მათ შვილი ეყოლათ. ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობთან და მომღერალთან ალექსეი ვორობიოვთან.[3] ერთმანეთს გაშორდნენ 2011 წელს.[4] 2012 წლიდან ქორწინებში იმყოფებოდა კინოპროდიუსერთან არჩილ გელოვანთან, ვისგანაც ორი შვილი შეეძინა. 2018 წლის 18 აგვისტოს წყვილი ერთმანეთს გაშორდა.[5]