არკადი მიქაშავიძე

(გადამისამართდა გვერდიდან აკაკი მიქაშავიძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაშავიძე.

არკადი (აკაკი) ნიკოლოზის ძე მიქაშავიძე[1] (დ. 10 აპრილი, 1876 — გ. 1971) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1920).

ა. მიქაშავიძე (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“ №2, 1917).

წარმომავლობით ქუთაისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი (მე-2 თანრიგით). 1894 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ვარშავის სამხედრო ოლქში პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში, 1904-1915 წლებში — სასაზღვრო უწყებაში, ამურისიქითა ოლქში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). 1915 წელს ამურისიქითა 1-ლ სასაზღვრო ცხენოსან პოლკთან ერთად I მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე გაიგზავნა. იმავე წელს დაღესტნის მე-2 ცხენოსან პოლკში გადაიყვანეს. შტაბ-როტმისტრმა მიქაშავიძემ თავი გამოიჩინა 1915 წლის 3-4 ივლისს სოფ. კოლოდრობკის ბრძოლაში, რისთვისაც გიორგის იარაღით (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“) დაჯილდოვდა (1917).[2] მიღებული ჰქონდა ასევე წმ. სტანისლავის III (1905) და II (1912), წმ. ანას III (1905), IV (1906) და II (1916), წმ. ვლადიმერის IV (1915) ხარისხის ორდენებით. 1917 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1918-1921 წლებში მიქაშავიძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. 1920 წელს მიიღო გენერლობა. 1920-1921 წლებში იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის მარტში საქართველოს ჯარების ქუთაისიდან ევაკუაციისას მეთაურობდა ლეჩხუმის მიმართულებით მოქმედ დაჯგუფებას. 15-16 მარტის შეტაკების შემდეგ გენერალი და მისი შტაბი ტყვედ ჩაუვარდა თრუსოს ხეობით შემოჭრილი მოწინააღმდეგის მეწინავე რაზმს ბადილა გაგიევის მეთაურობით (ეპიზოდი აღწერილია გაგიევის მოგონებებშიც).[3] ომის შემდეგ მიქაშავიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა და მუშაობდა ქუთაისში. დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 277.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 38, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. რუსულენოვან დოკუმენტებში ასევე: მიქაშევიძე, მაქაშავიძე.
  2. Микашавидзе Аркадий. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  3. Автобиография / Бадила Гагиев. darial-online.ru.