ათინოგენე და მისი ათი მოწაფე

ათინოგენე და მისი ათი მოწაფე (ბერძ. Ιερομάρτυρος Αθηνογένους επισκόπου; გ. 311) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 ივლისი, ახალი სტილით - 29 ივლისი.

წმინდა ათინოგენე სებასტიელი

ცხოვრება რედაქტირება

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათი მისი მოწაფე ქალაქ სებასტიაში ეწამნენ 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები.

მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.

მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა — მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.

ათენგენობა რედაქტირება

წმინდა ათინოგენეს ხსენებას განსაკუთრებით აღნიშნავენ კავკასიის მთიანეთში (ხევსურეთში, ოსეთში, თუშეთში...). აღნიშნული დღესასწაული ათენგენობის სახელით არის ცნობილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება