აზოვის ლაშქრობები
აზოვის ლაშქრობები — რუსეთის იმპერიის სამხედრო მოქმედებები აზოვის ციხის ასაღებად 1695-1696 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს.
აზოვის ციხის დაუფლება რუსეთს უხსნიდა გზას აზოვისა და შავი ზღვებისკენ. ლაშქრობა დაიწყო 1695 წლის გაზაფხულზე. აზოვისკენ გაიგზავნა რჩეული პოლკების და დონის კაზაკების არმია (31 ათასი მეომარი, 170 ქვემეხი), რომელიც დაყოფილი იყო სამ რაზმად (სარდლები ფ. ლეფორტი, პ. გორდონი და ა. გოლოვინი). ყირიმის თათართა ძალების შესაბოჭად დნეპრის ქვემოწელისკენ დაიძრა ბ. შერემეტევის არმია (120 ათასი მეომარი). 5 ივლისს რუსეთის ჯარი ხმელეთიდან შემოერტყა აზოვს, რომელსაც 7 ათასიანი გარნიზონი იცავდა. 5 აგვისტოს და 25 სექტემბერს ორი უშედეგო იერიშის შემდეგ ალყა მოხსნეს.
1696 წელს დაიწყო მეორე ლაშქრობის სამზადისი. შეიქმნა აზოვის ფლოტი. შერემეტევის ცხენოსანი ჯარი (70 ათასი მეომარი) კვლავ დნეპრის ქვემოწელისკენ გაიგზავნა. 23-26 აპრილს რუსეთის ჯარი ალექსეი შეინის მეთაურობით სამდინარო და სახმელეთო გით აზოვისაკენ დაიძრა. 3 მაისს პეტრე I-ის სარდლობით აზოვისკენ გაცურა გალერების ფლოტილიამ, 27 მაისს კი ლეფორტის სარდლობით რუსეთის ფლოტი (2 სახაზო გემი, 4 ბრანდერი, 23 გალერა და სხვა) ზღვაში გავიდა და აზოვს ალყა შემოარტყა. 14 ივნისს დონის შესართავთან ოსმალეთის ფლოტი გამოჩნდა, მაგრამ დაზარალებული უკანვე გაბრუნდა. 19 ივლისს აზოვის გარნიზონი დანებდა. აზოვის ლაშქრობებმა გამოაჩინა რუსეთის იმპერიისთვის ფლოტის მნიშვნელობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 215.