ადრეულა (ქლიავის ჯიში)

ადრეულაქლიავის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის დამლევს ინგლისში თომას რივერსის მიერ „ენგელბერტის“ და „საადრეო მოსავლიანის“ შეჯვარებით. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ საკოლექციო ნარგავებში გვხვდება. პერსპექტიული საადრეო ჯიშია საქართველოს მთელ რიგ რაიონებისათვის.

ადრეულა საუკეთესო სუფრის ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში, მოსავლიანია და გარემო პირობებისთვისადმი მცირედ მომთხოვნი. მსხმოიარობას ადრე იწყებს, ყინვაგამძლეა, ნაყოფი მწიფდება თანდათანობით. ხეს ახასიათებს მაღალი პირამიდული ვარჯი. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, წაწვეტებული წვერით. ფოთლის ფირფიტის კიდე წვრილადაა დაკბილული. ახასიათებს საგვიანო ყვავილობა. თვითსტერილია.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,7🞩3,2 სმ). ერთი ნაყოფის საშუალო მასა 24,3 გრამს უდრის. ნაყოფი მრგვალია, არაღრმა ღარი აშკარად შესამჩნევია. კანი თხელია, მუქი ლურჯი ფერის. ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წიწვიანი, მომჟავო გემოსი. კურკა კარგად სცილდება ნაყოფის რბილობს (ხორცს).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.