აგლავროსი
აგლავროსი (ბერძნ. Ἄγλαυρος, ἡ) - კეკროპის ერთ-ერთი ქალიშვილთაგანი, რომელსაც ათენამ გადასცა ყუთი ახლადშობილი ერიხთონიოსით. ათენამ სასტიკად აუკრძალა ქალიშვილს ყუთის გახსნა, მაგრამ ამით უფრო დააინტერესა აგლავროსი და ამ უკანასკნელმა თავის დასთან - ჰერსესთან ერთად, მაინც გახსნა იგი. ამის გამო ათენამ დები უგონობით დასაჯა, დაბნეულები კლდეზე გადაცვივდნენ და დაიხოცნენ (სხვა მითის მიხედვით ჰერსე იყო ჰერმესის შეყვარებული. იგი დაზე ეჭვიანობის გამო ქვად იქცა). ათენის აკროპოლში არსებობდა აგლავროსის საკურთხეველი. ერთი მითის მიხედვით აგლავროსი კეკროპის ცოლი და ჰერსეს დედაა.