Verpa bohemica — სოკოს სახეობა ხარისფაშვასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას.

Verpa bohemica

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Verpa bohemica (Krombh.) Schroet., 1893

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. მოხმარებამდე აუცილებელია მისი სწორად მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა — საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ცაცხვათან, მთრთოლავ ვერხვთან და არყთან, აპრილიდან მაისამდე, ერთეულებად ან ჯგუფებად. ის მეტად წააგავს ხარისფაშვას გვარის რამდენიმე სახეობას, მათ შორის საჭმელ ხარისფაშვასა და კონუსურ ხარისფაშვას.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცმა 1828 წელს როგორც Morchella bohemica.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა იოზეფ შრეტერმა 1893 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა რედაქტირება

ქუდი — ზარისებრი, სათითურისებრი ან კონუსური, მცირე ზომის, 1-5 სმ-მდე სიმაღლეში და 1-4 სმ სისქეში. ხარისფაშვას გვარის სახეობებისგან განსხვავებით, მისი ქუდის ქვედა მხარე თავისუფალია (ქუდი ფეხზე შეზრდილია მხოლოდ მის წვერზე); ნორჩობაში მიმაგრებულია ფეხთან, სიმწიფეში — ხშირად გვერდზე გადახრილი. ქუდის ფერი დამოკიდებულია ასაკისა და ჰაბიტატის მიხედვით — მურა, მუქ-ყავისფერი (ნორჩობაში) მოყვითალო-ჟანგმიწისფერი ყვითლამდე (სიმწიფეში). ქუდის ზედაპირი დანაოჭებულია და დაფარულია მრავალრიცხოვანი წვრილი, დაკლაკნილი გრძივი ნაკეცებით.

ფეხი — გრძელი, ცილინდრული, გლუვი, ზოგჯერ მცირედ დაღარული, ჩვეულებრივ მოხრილი, ძირისკენ ოდნავ გაფართოებული, 6-11 (15) სმ-მდე სიგრძის და 1,5-2 (3) სმ-მდე სისქის.[3] ნორჩობაში ფეხი შიგნიდან მთლიანია და ბამბის მაგვარი; სიმწიფეში — ფუყე. ფეხის ფერი ნორჩობაში თეთრი-მოყვითელოა, სიმწიფეში ჟანგმიწისფერი. ფეხის ზედაპირი დაშვებული ან ოდნავ ქერცლიანი, დაფარულია წვრილი ფქვილისებრი ნაფიფქით, რომელიც ადვილად სცილდება შეხებისას.

რბილობი — ღია ფერის (ქუდთან უფრო მუქი), მეტად მყიფე და თხელი, ცვილისებრი, ახასიათებს ნესტისმაგვარი სფეციფიკური სუნი

სპორები — დიდი ზომის: 54—80 × 15—18 მკმ, გლუვი, წაგრძელებულ-ელიფსისებური. სპორების მტვერი — მოყვითალო. ჩანთები ორსპორიანი, გლუვი, ელიფსისებური, 275–350 × 16–23 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

სოკო გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრეცელების არელი მოიცავს კანადასა და აშშ-ს, ევროპაში — თითქმის ევროპის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც.[4] ხოლო აზიაში დაფიქსირებულია რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში (კამჩატკის ნახევარკუნძული), თურქეთში,[5] ინდოეთში, იაპონიასა და ტაილანდში.

უპირატესობას ანიჭებს დატბორილ, თიხიან და ქვიშიან ნიადაგს. იზრდება ნათელ ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ცაცხვათან, მთრთოლავ ვერხვთან და არყთან, ერთეულებად ან ჯგუფებად. ხშირად გვხვდება ბარში: ხარობს ნაკადულების გასწვრივ, ასევე წყლით სავზე თხრილებთან და ორმოებთან ახლოს. ხელსაყრელ პირობებში დიდ ოჯახებად იზრდება — 50-80 ეგზემპლარამდე.

სეზონი — აპრილიდან მაისის შუა პერიოდამდე.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

კვებითი ღირებულება რედაქტირება

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. მოხმარებამდე აუცილებელია მისი სწორად მომზადება (10-15 წუთით ხარშვა და შემდეგ ნახარში წყლის გადაღვრა), წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა — საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ხშირად იხმარება გამხმარიც.

რუსეთში Verpa bohemica, როგორც წესი, გაყინული სახით იყიდება. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ისეთივე კვებითი ღირებულება გააჩნია, როგორიც ხარისფაშვას.[6] მიუხედავად ამისა, მისი ერთ ჭამაზე დიდი რაოდენობით ან რამდენიმე დღე გადაბმულად მიღება მგრძობიარე ადამიანებში იწვევს მოწამვლას.[7] ვარაუდობენ, რომ Verpa bohemica შეიცავს მიკოტოქსინ გირომიტრინს,[8] რაც ექსპერიმენტულად ჯერ არ არის დადასტურებული.[6] არსებობს ცნობა, რომ Verpa bohemica-ს გადაჭარბებულმა მოხმარებამ გამოიწვია კომა.[9] აგრეთვე არსებობს ცნობები მოხმარების შემდეგ დისულფირამის მსგავსი (ალკოჰოლის აუტანლობა) რეაქციის შესახებ.[10]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. von Krombholz JV. (1831). „Böhmische Morchel, ganz offene Morchel. — Morchella bohemica. KRLZ. böhm. Kačenky“. Naturgetreue Abbildungen und Beschreibungen der Essbaren, Schädlichen und Verdächtigen Schwämme (1): 3–5.
  2. Schröter J. (1893). Kryptogamen-Flora von Schlesien (de). Breslau, Germany: J.U. Kern's Verlag, გვ. 25. 
  3. Kuo, M. (2005, January). Verpa bohemica. Retrieved from the MushroomExpert.Com Web site: http://www.mushroomexpert.com/verpa_bohemica.html
  4. Verpa bohemica (Krombh.) J.Schröt. - Georgia. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2024.
  5. Wani W, Pala SA, Boda RH, Mir RA (2010). "Morels in Southern Kashmir Himalya". Journal of Mycology and Plant Pathology. 40 (4): 540–6. ISSN 0971-9393.
  6. 6.0 6.1 Paolo Davoli; Nicola Sitta (2015). „Early Morels and Little Friars, or a Short Essay on the Edibility of Verpa bohemica“ (PDF). Fungi. 8: 4–9. ციტირების თარიღი: 14 March 2022.
  7. Orr DB, Orr RT (1979). Mushrooms of Western North America. Berkeley, California: University of California Press. p. 36. ISBN 0-520-03656-5.
  8. (1977) Toxic and Hallucinogenic Mushroom Poisoning: a Handbook for Physicians and Mushroom Hunters. New York, New York: Van Nostrand Reinhold, გვ. 171. ISBN 978-0-442-24580-1. 
  9. (2011) Morel Hunting. Mechanicsburg, Pennsylvania: Stackpole Books, გვ. 18. ISBN 978-0-8117-0834-0. 
  10. Lagrange, E; Vernoux, JP (29 ივლისი, 2020). „Warning on False or True Morels and Button Mushrooms with Potential Toxicity Linked to Hydrazinic Toxins: An Update“. Toxins. 12 (8): 482. doi:10.3390/toxins12080482. PMC 7472412. PMID 32751277. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)