Casio Loopy Casio Loopy (იაპონ. ルーピー რუპი?) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანია Casio-ს მიერ მხოლოდ იაპონიაში. სისტემა გაყიდვაში გამოვიდა 1995 წლის 19 ოქტომბერს[1][2][3][4] და ძირითადად გათვლილი იყო სკოლამდელი და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.[5][6]. PV-1000-ის შემდეგ წარმოადგენს Casio-ს მიერ წარმოებულ რიგით მეორე და უკანასკნელ კონსოლს.

Casio Loopy
შემქმნელი Casio
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 19 ოქტომბერი, 1995
შეწყდა 1996
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი 32 ბიტიანი RISC SH-1 (SH7021)
კონტროლერის შეტანა გეიმპადი, მაუსი
წინა PV-1000

სისტემა აღჭურვილი იყო RISC-ის SH-1 პროცესორით,[2][3] მარტივი სტანდარტული გეიმპადითა (კონტროლერის მხოლოდ ერთი პორტით) და მაუსით[2], რომლის მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს გააჩნდა.[6] სხვა იმდროინდელი კონსოლებისგან განსხვავებით, არ ჰქონდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა.[5][6] PV-1000-ისგან განასხვავებდა ჩაშენებული თერმოპრინტერი, რომელსაც შეეძლო თამაშის სკრინშოტების ამობეჭდვა სტიკერებად.[2][3][4][5][6] მსგავსი პრინტერი, (მხოლოდ შავ-თეთრი) სახელწოდებით Game Boy Printer, შემუშავდა 1998 წელს პორტატიულ კონსოლ Game Boy-სთვის. აგრეთვე გაყიდვაში გამოვიდა პერიფერიული მოწყობილობა, Magical Shop Word Processor, სპეციალური ადაპტერი, რისი დახმარებითაც შესაძლებელი იყო DVD დამკვრელის მიერთება კონსოლზე.

კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, ჯამში 10 ერთეული[2][3] და ყოველი მათგანი იაპონურ ენაზე იყო. გამომდინარე იქედან, რომ Casio Loopy-ის მომხმარებელთა რიცხვი წარმოადგენდა საშუალო ასაკის გოგონებს, თამაშების უმეტესობა მოიცავდა ტანისამოსის მოზომვასა და კოსმეტიკის დატანებას ვირტუალურ პერსონაჟებზე,[2][3][4][5] აგრეთვე პაემნისა და ცხოვრების სიმულატორის თამაშებს.[6]

სისტემა, მისი წინამორბედის PV-1000-ის მსგავსად კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1996 წელს Casio-მ საბოლოოდ შეწყვიტა მისი წარმოება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Casio_Loopy&oldid=4598120“-დან