ჰერსტ ტაუერი (Hearst Tower - ჰერსტის მაღლივი შენობა) — კორპორაცია ჰერსტის მსოფლიო შტაბ-ბინა ნიუ-იორკში, 300 ვესტ 57-ე ქუჩაზე, კოლუმბუსის წრესთან. ყოფილი შტაბ-ბინის შენობის ექვსი სართული 1927 წელს დასრულდა, რომელზეც შემდეგ ცათამბჯენი უნდა დაეშენებიათ, თუმცა გეგმის განხორციელებას დიდმა დეპრესიამ შეუშალა ხელი. ახალი ცათამბჯენი ძველ არტ-დეკოს სტილის ხელუხლებელ ნაგებობაზე დაიდგა, და მისი მშენებლობა 2006 წლის 4 მაისს დასრულდა.

ჰერსტ ტაუერი

შენობის პროექტი არქიტექტურულ ფირმას ფოსტერი და პარტნიორები ეკუთვნის; შენობას 42 სართული აქვს, 182 მეტრია და 80.000 მ² საოფისე ფართი აქვს. უჩვეულო სამკუთხა პერიმეტრი, რომელსაც ასევე დიაგრიდს უწოდებენ 9500 მეტრულ ტონა სტრუქტურულ ლითონს მოითხოვდა, რაც მშენებელთა ცნობით სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებია.

პროექტში გათვალისწინებული იყო რამდენიმე გარემოსდაცვითი ფაქტორი. ატრიუმის იატაკი დაფარულია სითბოს გამტარი კირქვით. პოლიეთილენის მილები ჩაშენებულია იატაკქვეშ და ავსებულია ცირკულირებული წყლით ზაფხულში გაცივებისა და ზამთარში გათბობისთვის. სახურავზე დაგროვებული წვიმის წყალი სარდაფის რეზერვუარში გროვდება და კონდიცირებისა და გამწვანების მოსავლელად გამოიყენება. ზოგადად შენობის დიზაინი ითვალისწინებს ნიუ-იორკის ქალაქის მინიმალურ მოთხოვნაზე 25%-ით ნაკლები ენერგიის მოხმარებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება