ჰერბერტ ოტო გილე (გერმ. Herbert Otto Gille, დ. 8 მარტი, 1897, განდერსჰაიმი, ქვემო საქსონია — გ. 27 დეკემბერი, 1966, შტემენი, ქვემო საქსონია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, ვაფენ-სს-ის გენერალი.

ჰერბერტ ოტო გილე

ბიოგრაფია რედაქტირება

გილემ პირველი მსოფლიო ომი უფროსი ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. 1934 წელს მან სამხედრო სამსახური სს-ის სარეზერვო ჯარებში განაახლა. იგი დაინიშნა ასმეთაურად ელვანგენში, შემდგომ კი „სს“-ის პოლკის „გერმანიას“ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურად აროლსენში. მცირე ხნის შემდეგ გილე საარტილერიო პოლკის ბატალიონის მეთაურად იქნა გადაყვანილი იუტებორგში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მან მონაწილეობა მიიღო პოლონეთის და დასავლეთ ფრონტზე. იგი მეთაურობდა „სს“-ის დივიზია „ვიკინგის“ (მეთაური ფელიქს შტაინერი) საარტილერიო პოლკს.

1941 წელს სსრ კავშირზე თავდასხმის შემდეგ გილე დაწინაურდა არიერგარდის ერთ-ერთი დივიზიის მეთაურად და იბრძოდა ყუბანში. მალე იგი რკინის ჯვრის „რაინდის ჯვრით“ იქნა დაჯილდოებული და დაინიშნა დივიზია „ვიკინგის“ მეთაურად. 1944 წელს გილე კოველში ჩაფრინდა, რომ პირადად ჩაებარებინა ალყაში მოქცეული არმიის მეთაურობა. მისი გამჭრიახობისა და სამხედრო ნიჭის წყალობით გილემ შეძლო 48 საათის განმავლობაში ალყიდან გაეყვანა ყველა დაჭრილი 2000-მდე „ვერმახტის“ მებრძოლი და ჯავშანტექნიკა. საბჭოთა გენერლებმა, რომლებიც 4 არმიას მეთაურობდნენ ვერ შეძლეს მათზე გაცილებით მცირერიცხოვანი გერმანული არმიის დამარცხება. ამ მამაცობისათვის 1944 წლის 19 აპრილს გილე დაჯილდოებულ იქნა „ბრილიანტებით“ ორდენზე „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლითა და ხმლებით“ და მიენიჭა „სს“-ის ობერგრუპენფიურერის წოდება.

1944 წლის შემოდგომაზე გილეს არმია და „სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები“ აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრებზე ებრძოდნენ მათზე რიცხობრივად 21-ჯერ (!) მეტ „წითელი არმიის“ ჯარებს და ჩაშალეს დაგეგმილი გარღვევა ბერლინისაკენ. ომის მიწურულს, როცა წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა ჰერბერტ გილე ამერიკელებს ჩაბარდა ტყვედ ავსტრიის ქალაქ რადშტადში.

ამერიკელებმა იგი მცდარი მუხლით გაასამართლეს, არა როგორც სამხედრო, არამედ როგორც პარტიული მოღვაწე და 8 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ მან დააარსა „ვაფენ-სს-ის ყოფილი წევრების ურთიერთდახმარების საზოგადოება“ და ხელმძღვანელობდა მას 1958 წლამდე. 1966 წლის 26 დეკემბერს ჰერბერტ გილე გულის ინფარქტით გარდაიცვალა.