ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე

ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (ინგლ. Harry Potter and the Prisoner of Azkaban) — მესამე წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.

„ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“
წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან

ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები კლიფ რაიტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 8 ივლისი 1999 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი 1999 (აშშ)
ქართული გამოცემა 2004
მთარგმნელი დავით გაბუნია
ნომერი 3
ქრონოლოგია 31 ივლისი 1993- 12 ივნისი 1994
გვერდი 317 (ბრიტანეთი)
435 (აშშ)
ISBN 0747542155
წინა ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
შემდეგი ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

ჰოგვორტსის სკოლაში მკვლელი შეიპარა. იგი ცნობილია ბევრი ადამიანისა და ჯადოქრის მკვლელობით. სკოლის დასაცავად მოიწვიეს აზკაბანის ციხის მცველები, დემენტორები. ჰარისა და მის მეგობრებს აინტერესებთ, რატომ ეშინია ყველას ამ დემენტორების, ჰარი კი ეძებს მკვლელს.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მესამე წიგნის მოქმედება იწყება 1993 წელს, ჰოგვორტსის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ. დაბადების დღეზე ჰარის საჩუქრად უგზავნიან ბევრ საინტერესო სიურპრიზს, მათ შორის, მონსტრების წიგნს, რომელიც ცოცხალია და იკბინება.

დურსლებთან სტუმრობს მამიდა მარჯი, ძია ვერნონის და. ვერნონი ჰპირდება ჰარის რომ თუ ის არ მოიქცევა წესიერად, გაგზავნილი იქნება წმინდა ბრუტუსის სახელობის სკოლაში. მაგრამ ბრენდის დალევის შემდეგ დამთვრალი მარჯი ძალიან აბრაზებს ჰარის თავისი გამონათქვამებით მის მშობლებზე და ჰარი, ძალაუნებურად, წინააღმდეგობის გაწევის დროს შეულოცავს. სასწაულებრივი შელოცვისგან მარჯი იბერება ისე, რომ აფრინდება ჭერამდე. განაწყენებული ჰარი იღებს თავის ნივთებს და მიდის სახლიდან.

სიბნელეში ის დიდ შავ ძაღლს ხედავს და შემთხვევით იძახებს ჯადოსნურ ავტობუსს სახელწოდებით 'ღამის რაინდი'. მისი კონდუქტორია სტენ შანპაიკი. იგი უხსნის ჰარის, რომ ავტობუსს ჯადოქრების მიყვანა შეუძლია ყველგან, სადაც მათ ეს დასჭირდებათ. ჰარი გადაწყვიტავს მრუდე ქუჩაზე წავიდეს. გზად იგი შეიტყობს, რომ აზკაბანის ციხიდან გაქცეული სირიუს ბლექი არის საშიში ბნელი მაგი, რომელიც ვოლდემორის მიმდევარია და პატიმრობა მისჯილი ჰქონდა 13 ადამიანის მოკვლის გამო.

'გახვრეტილ კარდალაში' ჰარი ხვდება კორნელიუს ფაჯს, მაგიის მინისტრს. ფაჯი უკვე ელოდება მას და ჰარის ეშინია, რომ მაგლების თანდასწრებით მაგიის გამოყენებისათვის იგი დასჯილი იქნება, მაგრამ გაკვირვებულია, როდესაც ფაჯი უპასუხებს 'მამიდების გაბერვის გამო აზკაბანში ხალხს არ ვსვავთ'. სკოლის დაწყებამდე ჰარი რჩება 'კარდალაში' და ქირაობს ოთახს, პარალელურად კი სკოლისათვის ემზადება და სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობს.

ჰარის ხვდებიან ჰერმიონა და რონი. ჰერმიონის კატა კნიზლი პირველივე წამებიდან უარყოფითად განეწყო რონის ვირთხის, სკებერსის მიმართ.

ჰოგვორტსში დაბრუნების გზად, მატარებლის 'ჰოგვორტს ექსპრესი' კუპეში, სადაც ბავშვების გარდა უცნობი მამაკაცი ზის, ჩნდება დემენტორი. გონს მოსული ჰარი მგზავრისგან, რომელიც აღმოჩნდება პროფესორი ლუპინი, შეიტყობს, რომ დემენტორები არიან აზკაბანის მცველები.

სასწავლო წლის დაწყებისას ცნობილი ხდება, რომ ლუპინი ამ წელს იქნება ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორი, ხოლო დემენტორები დაიცავენ ჰოგვორტსს, რადგან არის სირიუს ბლეკის გამოჩენის საშიშროება.

ჰაგრიდის პირველი გაკვეთილი ჩაშლილია - იგი უხსნის ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ ჰიპოგრიფთან, მაგრამ დრაკო მალფოი არსებას უხეშად მიმართავს და დაჭრილია ხელში მისი ნისკარტით. მაგრამ სინამდვილეში მალფოის თითქმის არაფერი დამართნია. ამასთან ის ურჩევს ჰარის, ბლეკს გაუსწორდეს, შური იძიოს.

ლუპინის გაკვეთილზე წარდგენილია არსება ბოგარტი - რომელიც ყოველთვის იქცევა რომელიმე ნივთად, ადამიანად ან ცხოველად, რომლისაც ეშინია მასზე შემხედვარეს. მაგრამ ლუპინი ჰარის ბოგარტის ნახვის საშუალებას არ აძლევს, რადგან ეშინია, რომ ის ვოლდემორად გადაიქცევა. იმავე საღამოს აღმოჩნდება, რომ გრიფინდორის ოთახის კარი, რომელზეც ფუმფუშა ქალბატონია გამოსახული, ვიღაცამ დაგლიჯა. ყველა გაოცებულია და ეჭვი აქვს, რომ ბლეკმა მაინც შეაღწია სკოლაში, მიუხედავად იქ დემენტორების ყოფნისა. ქალბატონის ადგილს იკავებს სერ კედოგანი, შეშლილი რაინდი.

ფრედი და ჯორჯ უისლები ჰარის ჩუქნიან ონავრების რუკას, რომელზეც ზუსტად ჩანს, თუ სად იმყოფება ჰოგვორტსის ესა თუ ის მაცხოვრებელი/მოსწავლე ამა თუ იმ წამს.

ჰარი აკვირდება, რომ სნეიპს ლუპინთან ხშირად დააქვს რაღაც სასმელი. ერთ დღეს კი ლუპინი სადღაც ქრება და ერთ დღეს გაკვეთილს ბავშვებს უტარებს პროფესორი სნეიპი. გრინდორის-ჰაფელპაფის მატჩი წყდება, როდესაც ჰარი ეცემა ცოცხიდან. უარესიც ხდება - ჰარის ცოცხი 'ნიმბუსი 2000' ეცემა მტარვალი ტირიფის ტოტებზე და სამუდამოდ არის განადგურებული. ადგილი აქვს ბევრ უსიამოვნებას, მაგრამ ჰარი მომავალს იმედით უყურებს, იმის გათვალისწინებით, რომ ლუპინი ჰპირდება, ასწავლოს დემენტორებისგან დაცვა. ჰარი ასევე ბევრ საინტერესო სიახლეს არკვევს ბლეკის შესახებ. უჩინმაჩინის მოსასხამით იგი იპარება ჰოგსმიდში და ისმენს, რომ ბლეკი იყო ჯეიმზ პოტერის, მისი მამის საუკეთესო მეგობარი და რომ ბლეკმა მოკლა პიტერ პეტიგრიუ, პოტერების კიდევ ერთი მეგობარი. ამასობაში უსიამოვნებებში ეხვევა ჰაგრიდიც - მისი ჰიპოგრიფის საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

საშობაოდ ჰარის ახალ ცოცხს ჩუქნიან, 'ელვას'. ქვიდიჩის მორიგი მატჩის დროს კვლავ ჩნდებიან დემენტორები, მაგრამ ჰარი უკვე კარგად იცავს თავს მათგან, ლუპინის მიერ ნასწავლი ხერხით. მას ასევე უჩნდება სიმპატიები ჩოუ ჩენგის, რეივენქლოს გუნდის მონაწილისადმი.

ჰოგსმიდიდან ერთ-ერთი დაბრუნებისას ჰარის იბარებს სნეიპი, რადგან ეჭვი აქვს, რომ პოტერი ჩუმ-ჩუმად იპარება სოფელში. (იმ წელს ჰარიმ არ მიიღო ნებართვა ჰოგსმიდში გასვლაზე, რომელიც დაწესდა ბლეკის გამოჩენის გამო). პროფესორი აღმოაჩენს თაღლითების რუკას, მაგრამ ვერ მიხვდება, რა არის ეს. უფრო მეტიც - რუკაზე იწერება ლანძღვები მისი მისამართით, რომელთა ავტორებიც არიან მთვარეულა, გრძელკუდა, მაწანწალა და ქორბუდა.

ჰაგრიდის ჰიპოგრიფს გამოუტანეს განაჩენი - ის სიკვდილით უნდა იქნას დასჯილი.

სასწავლო წლის ბოლოს პროფესორი ტრელანი წინასწარმეტყველებს, რომ ვოლდემორს დაუბრუნდება თავისი მსახური, ჰარის თანდასწრებით. ჰაგრიდთან სტუმრობისას რონის ვირთხა სკაბერზი კბენს თავის პატრონს და გარბის. მისი დევნისას ბავშვები აღმოჩნდებიან მტარვალ ტირიფთან. იქ აღმოჩნდება დიდი შავი ძაღლიც, რომელიც ხის ფესვების ქვეშ მდებარე გასასვლელის დახმარებით ბავშვებს ჰოგსმიდის ბოლოს მდებარე ქოთქოთა ქოხთან მიიყვანს. აღმოჩნდება, რომ ძაღლი თავად სირიუს ბლექია, რომელიც ამავე დროს არარეგისტრირებული ანიმაგია (შეუძლია ძაღლად გადაქცევა). ასევე ჩნდება ლუპინიც (მან ბავშვებს ონავრების რუკის დახმარებით მიაგნო), რომელიც ბლეკს ესალმება, როგორც ძველ ნაცნობს. ლუპინი და ბლექი უხსნიან ჰარის, რომ რუკა შექმნა რამდენიმე მეგობარმა - მთვარეულმა (ლუპინმა), ბლექმა (მაწანწალამ), პიტერ პეტიგრიუმ (გრძელკუდამ) და ჯეიმზ პოტერმა, ჰარის მამამ (ქორბუდამ). პეტიგრიუმ განასახიერა საკუთარი სიკვდილი და, ბლექის სახით მოკლა 12 ადამიანი. მანვე უღალატა ლილი და ჯეიმზ პოტერებს. გამოძიებმა შემთხვევის ადგილზე მხოლოდ პიტერის თითი იპოვა. ქოხში ასევე ჩნდება სნეიპიც.

უეცრად ვირთხას აქცევენ ადამიანად და აღმოჩნდება, რომ სწორედ ის არის პიტერი (ერთ ხელზე ოთხი თითით). ლუპინი და ბლექი აპირებენ მის მოკვლას, მაგრამ ჰარის კეთილი გული უკარნახებს, რომ დაუშვებელია, მისი მამის საუკეთესო მეგობრები მკვლელებად იქცნენ.

გვირაბის დახმარებით, ყველა უკან ბრუნდება, მაგრამ სავსე მთვარის ამოსვლისას ლუპინი, რომელსაც ავიწყდება ლუპინის სასმელის დალევა, იქცევა მაქციად. პეტიგრიუ იყენებს ამ სიტუაციას და გარბის. სხვების დაცვისას ბლექი ასევე იქცევა ძაღლად. ლუპინი მას ძირს დაცემს და ქრება. ბლექს თავს ესხმიან დემენტორები. ჰარი ცდილობს დაიცვას ის 'პატრონუსის' შელოცვით, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. ამავე დროს ის ხედავს, რომ მეორე მხრიდან ჩნდება კიდევ ერთი პატრონუსი, ირმის ფორმით, რომელიც აშინებს დემენტორებს. ჰარი დარწმუნებულია, რომ ეს მისი მამის სულია. მაგრამ ბლექი აყვანილია და ექვემდებარება 'დემენტორის კოცნას' - დასჯას, რომელიც დააწესა მინისტრმა ფაჯმა.

ჰოსპიტალში ჰერმიონა ჰარის თავის საიდუმლოს უმხელს - პროფესორმა მაკგონაგელმა მას ანდო დროში მოგზაურობის სპეციალური პატარა მოწყობილობა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ერთდროულად რამდენიმე გაკვეთილს დასწრებოდა. დამბლდორს სწამს, რომ ბლექი უდანაშაულოა და მისივე რჩევით ჰარი და ჰერმიონი ბრუნდებიან სამი საათით უკან და საკუთარ თავს ხედავენ. ბავშვები ათავისუფლებენ ჰიპოგრიფს, ბრუნდებიან მტარვალ ტირიფთან. ჰარი თვალს ადევნებს დემენტორების გამოჩენას და ხვდება, რომ პატრონუსის შემქმნელი თავად არის. ის განდევნის დემენტორებს, ათავისუფლებს სირიუსს, რომელიც ემშვიდობება და ჰიპოგრიფით მიფრინავს.

სამინისტროს არ სჯერავს სირიუსის უდანაშაულობის. სამაგიეროდ, ჰარი შეიტყობს მთელ სიმართლეს მის შესახებ. ის მისი მშობლების ყველაზე დიდი მეგობარი იყო, რომელიც ამავე დროს, ჰარის ნათლიაც არის. ჰარი იწყებს მასთან მიმოწერას. აღმოჩნდება, რომ სწორედ სირიუსმა უსაჩუქრა ახალი ცოცხი. ლუპინი ტოვებს მასწავლებლის თანამდებობას. მესამე სასწავლო წელი დასრულებულია. სირიუსის წერილს თან ერთვის ჰოგსმიდის მონახულების ნებართვაც. რონს კი სირიუსი უსაჩუქრებს პატარა ბუს, პიგვიჯენს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება