ჰარვი ბერნარდ მილკი (ინგლ. Harvey Bernard Milk; დ. 22 მაისი, 1930 — გ. 27 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი პოლიტიკოსი და პირველი ღია ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის საზოგადოებრივ სამსახურში იქნა არჩეული, როგორც სან-ფრანცისკოს ზედამხედველთა საბჭოს წევრი.

ჰარვი მილკი 1978 წელს მერი მოსკონის მაგიდასთან.

ბიოგრაფია რედაქტირება

მილკი ნიუ-იორკში დაიბადა წარმოშობით ლიტველი ემიგრანტების ოჯახში. სან-ფრანცისკოში 1972 წელს გადავიდა, სადაც კასტროს უბანში ფოტომაღაზია გახსნა. ამ უბანში იმჟამად მასიურად სახლდებოდნენ გეი და ლესბოსელები. 1973 წელს მას ქალაქის ზედამხედველად არჩევის სურვილი გაუჩნდა, თუმცა თავდაპირველად დიდ წინააღმდეგობას შეხვდა ადგილობრივი გეი პოლიტიკური ესტაბლიშმენტისგან. მის კამპანიას თეატრს ადარებდნენ: ის იყო უხეში, ხმამაღალი, ერთი შეხედვით გადარეულიც კი, რაც მედიისა და ამომრჩევლების ყურადღებას იპყრობდა, თუმცა ამ არჩევნებში მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგვროვა. მილკი ფარ-ხმალს არ ყრის და კამპანიას აგრძელებს მომდევნო ორ არჩევნებში, უწოდებს რა საკუთარ თავს „კასტროს ქუჩის მერს“. ამომრჩევლების მხარდაჭერა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვისაც კი, რომ მას კალიფორნიის შტატის ასამბლეაში მანდატისთვის ეყარა კენჭი. მისი მზარდი პოპულარობით იმედმოცემული მილკი ხელმღძვანელობს გეი პოლიტიკურ მოძრაობას ანტი-გეი ინიციატივების წინააღმდეგ ბრძოლებში. მილკი ქალაქის ზედამხედველად აირჩიეს 1977 წელს, მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკომ რეორგანიზება მოახდინა ქალაქის არჩევნების პროცედურის, რის შედეგადაც დაშვებულ იქნა წარმომადგენლების არჩევა უბნების მიხედვით.

მილკი ქალაქის ზედამხედველის პოსტზე თითქმის 11 თვეს მსახურობდა და მისი დამსახურებაა სან-ფრანცისკოში ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვისთვის მკაცრი კანონების მიღება. 1978 წლის 27 ნოემბერს მიკლი და მერი ჯორჯ მოსკონი მოკლა დენ უაიტმა, ქალაქის ზედამხედველთა საბჭოს ყოფილმა წევრმა, რომელიც მცირე ხნით ადრე გადადგა და საკუთარი თანამდებობის დაბრუნება სურდა. მილკის არჩევასა და მის მკვლელობას მოყოლილი მოვლენები ააშკარავებს მოსახლეობის ლიბერალიზაციასა და პოლიტიკურ კონფლიქტს ქალაქის მმართველობასა და კონსერვატიულ პოლიციურ ძალებს შორის.

მილკი სან-ფრანცისკოს კერპი და „ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის წამებული“ გახდა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ნოვაკის თანახმად. მილკი ხმამაღლა მოუწოდებდა ჰომოსექსუალებს გამოეყენებინათ საკუთარი მზარდი ძალაუფლება ქალაქში და ერთმანეთისთვის მხარი დაეჭირათ. მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით მარგინალიზებული ჰომესექსუალებისთვის იმედის მიცემა იყო. 2002 წელს მას უწოდეს „ყველაზე განთქმული და ყველაზე მნიშვნელოვანი ღია ლგბტ ოფიციალური პირი, რომელიც ოდესმე აურჩევიათ შეერთებულ შტატებში“. მწერალი ჯონ კლაუდი მის გავლენაზე ასე წერს: „1977 წელს ზედამხედველთა საბჭოში არჩევით მის მიერ სან-ფრანცისკოში მმართველი კლასის დამხობის შემდეგ, მრავალი ადამიანი — ჰეტერო- და ჰომოსექსუალი — იძულებული გახდა მის მიერ შემოტანილი ახალი რეალობისთვის ფეხი აეწყო: გაეცნობიერებინა რა, რომ გეი ადამიანს შეეძლო პატიოსნად ცხოვრება და წარმატების მიღწევა“.

სიკვდილის შემდეგ რედაქტირება

მილკის დაკრძალვა ქალაქის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა გახდა: დაკრძალვის პროცესიაზე ფერადი დროშებით მოსულ ხალხთა ჯაჭვი რამდენიმე კვარტალზე გაიჭიმა. მილკის მოკვლისთვის უაიტს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მილკის მომხრეთა უმრავლესობა ამ სასჯელს ზედმეტად რბილად მიიჩნევდა. სასამართლოს ვერდიქტით გამოწვეული უკმაყოფილება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევიდა, როგორც "თეთრი ღამის ჯანყი" (White Night Riots).

მილკის ცხოვრებისა და გარდაცვალებისთვის მიძღვნილია დოკუმენტური ფილმი "ჰარვი მილკის დროება" (1984 წელს მიენიჭა ოსკარი საკუეთესო დოკუმენტური ფილმისთვის), ოპერა "ჰარვი მილკი" (1995), და გას ვან სენტის კინოფილმი "მილკი" (2008), რომელშიც მთავარ როლს მსახიობი შონ პენი ასრულებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • de Jim, Strange (2003). San Francisco's Castro, Arcadia Publishing. ISBN 978-0-7385-2866-3
  • Duberman, Martin (1999). Left Out: the Politics of Exclusion: Essays, 1964–1999, Basic Books. ISBN 0-465-01744-4
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: