ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ

ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ (ინგლ. The People vs. Larry Flynt) — ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი ლარი ფლინტის ცხოვრების შესახებ.

„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“
რეჟისორი მილოშ ფორმანი
პროდიუსერი ოლივერ სტოუნი მაიკლ ჰაუსმანი
სცენარისტი სკოტ ალექსანდერი ლარი კარაცევსკი
როლებში ვუდი ჰარელსონი კორტნი ლავი ედვარდ ნორტონი
კომპოზიტორი თომას ნიუმანი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
დისტრიბუტორი Columbia Pictures
ხანგრძლივობა 129
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 20,3 მლნ.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ლარი ფლინტი ბავშვობაში კენტუკიში, ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა. ზრდასრულობაში ის ძმასთან, ჯიმი ფლინტთან ერთად ფლობს სტრიპტიზ-კლუბს - „Hustler Go Go Club” - ცინცინატიში (ოჰაიო). მცირე შემოსავლების გამო ლარი გადაწყვეტს, ყველა პოტენციურ კლიენტთან დააგზავნოს საინფორმაციო ბიულეტენი. რადგანაც მხოლოდ პორნოგრაფიული ფოტოების გავრცელება აკრძალულია, ის იძულებულია, თან დაურთოს ტექსტიც. ასე გადაიქცა საინფორმაციო ფურცელი პორნოგრაფიულ ჟურნალად - "Hustler". საკუთარი კლუბიდან ლარი ფლინტი გაიცნობს 20 წლის მოცეკვავე გოგონას, ალთია ლეიზერს, რომელიც შეუყვარდება და მოგვიანებით, ცოლადაც შეირთავს. თუმცა ისინი ერთმანეთს პირობას ართმევენ, რომ მონოგამოიური ცოლ-ქმრობით არ შემოიფარგლებიან. ჟურნალისთვის დიდი წარმატება მოაქვს ჟაკლინ კენედის შიშველი ფოტოების დაბეჭდვას.

მეორე მხრივ, ლარი ფლინტს უსიამოვნებებს ექმნება, მას სასამართლოში უჩივლებს ბანკირი, ჯგუფის „მოქალაქეები ღირსეული ლიტერატურისთვის“ ლიდერი ჩარლზ კიტინგი, პორნოგრაფიის გავრცელებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო. ლარი ფლინტს სასამართლოში წარმოადგენს 27 წლის ადვოკატი, ალან აიზეკმანი. ნაფიცი მსაჯულები ფლინტს დამნაშავედ სცნობენ, ხოლო სასამართლო მას 25 წლიან პატიმრობას მიუსჯის. 5 თვის შემდეგ ფლინტი მოიგებს აპელაციას და მას ათავისუფლებენ.

ციხიდან გამოსული ლარი ფლინტი გაიცნობს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დას, რუთ კარტერ სტეპლტონს, რომელიც ლარის ვახშამზე მიიწვევს და ქრისტიანულ მოძრვრებაზე ესაუბრება. შედეგად ფლინტი მოინათლება, თუმცა განაგრძობს პორნოჟურნალის გამოცემას და აქტიურად იყენებს ქრისტიანულ თემატიკას. ამის გამო მას კვლავ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა, საიდან გამოსულსაც დაჭრიან ადვოკატთან ერთად. მოსანახულებლად მისულ რუთ კარტერ სტეპლტონს კი განუცხადებს „ღმერთი არ არსებობს”.

დაჭრის შედეგად სავარძელს მიჯაჭვული ლარი და ალთია გადავლენ ლოს-ანჟელესში საცხოვრებლად, სადაც მძიმე დეპრესიის გამო დაიწყებენ ნარკოტიკის აქტიურ მოხმარებას. 1983 წელს ლარი გაიკეთებს ოპერაციას, რის შემდეგაც თავ ანებეს ნარკოტიკების მოხმარებას. ის გადაწყვეტს, გაილაშქროს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ის გადასცემს ჟურნალისტს ვიდეოკასეტას, სადაც ჩანს ჯონ დე ლორიანის, ამერიკელი ბიზნესმენის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტი. ამ შემთხვევის გამო მას კვლავ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა, სადაც უნდა დაასახელოს, თუ ვინ მისცა ვიდეოკასეტა. სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო ლარი ფლინტს 15 თვითგაგზავნიან საკავშირო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ფსიქიატრიულიდან გამოსული ფლინტი კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. ჰასტლერის ერთ-ერთ ნომერში მან დაბეჭდა პაროდია ცნობილი ამერიკელი რელიგიური მოღვაწის ჯერი ფოლუელის შესახებ, თითქოს მას ჰქონდა სქესობრივი აქტი დედასთან საკუთარი სახლის ეზოში. ფოლუელი ცილისწამების გამო 45 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. სასამართლოზე ფლინტი არ ემორჩილება თავის ადვოკატს და მასთან შეუთანხმებელ განცხადებებს აკეთებს. მას 200 000 დოლარის გადახდას დააკისრებენ.

ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტებული ალთია შიდსით ავადდება და დაიხრჩობა აბაზანის მიღების დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ლარი ტელევიზიით მოისმენს ფოლუელის ქადაგებას ცხოვრების ჯანსაღ წესზე, გარყვნილებასა და შიდსზე და გადაწყვეტს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში. ის დახმარებას კვლავ თავის ადვოკატს, აიზეკმანს სთხოვს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად დაითხოვა. აიზეკმანს არ სურს ლარის დამცველად სასამართლოზე გამოსვლა, თუმცა ლარი ფლინტი დაარწმუნებს მას საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობაში. აშშ კონსტიტუციის პირველი რედაქტირების საფუძველზე აიზეკმანი მოახერხებს, დაარწმუნოს მოსამართლეები საკუთარ პოზიციაში და მოიგოს საქმე. ლოგინად ჩავარდნილი ლარი ფლინტი უყურებს ძველ ვიდეო-კასეტას ალთიას მონაწილეობით, როდესაც მას ალანი ურეკავს და ამცნობს, რომ უზენაეს სასამართლოში საქმე მოიგო.

ჯილდოები რედაქტირება

ოსკარზე წარდგენილნი იყვნენ ვუდი ჰარელსონი (საუკეთესო მსახიობი კაცი მთავარ როლში) და მილოშ ფორმანი (საუკეთესო რეჟისორი). ოქროს გლობუსი (1997) მიიღეს მილოშ ფორმანმა (საუკეთესო რეჟისორი), სკოტ ალექსანდერმა და ლარი კარაცევსკიმ (საუკეთესო სცენარი). ფილმმა მიიღო ოქროს დათვი ბერლინალეზე 1997 წელს.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

  • ძმების, ლარი და ჯიმი ფლინტების როლებს ასრულებდნენ ძმები: ვუდი და ბრეტ ჰარელსონები
  • ნამდვილი ლარი ფლინტი მონაწილეობას იღებდა ფილმში მოსამართლე მიურეის როლში
  • ფილმი თითქმის სრულად ასახავს ლარი ფლინტის ბიოგრაფიას, თუმცა მასში არ ჩანს, რომ ლარი ფლინტს ჰყავდა 3 მეუღლე ალთია ლეიზერთან ქორწინებამდე და სამი შვილი.
  • 1988 წელს გამართული სასამართლო პროცესი ფლინტი ფოლუელის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს პრეედენტად იქცა ამერიკულ იურისპრუდენციაში
  • ლარი ფლინტს იცავდნენ სხვადასხვა ადვოკატები, თუმცა მას, ვინც მოიგო პროცესი უმაღლეს სასამართლოში, მართლაც ერქვა ალან აიზეკმანი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება