ჭეშმარიტებაცნობიერების მიერ სინამდვილის სწორი, ადეკვატური ასახვა. აზრი, რომელიც საგნობრივ ვითარებას შეესაბამება, ჭეშმარიტია, ხოლო, რომელიც არ შეესაბამება, მცდარია. ჭეშმარიტება არ არსებობს ობიექტურად, ე.ი. ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ იგი ობიექტურია. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტია ცნობიერების ისეთი შინაარსი, რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ საგნობრივი ვითარებით. ჭეშმარიტება დამოკიდებული არ არის ადამიანის სურვილებსა და ნებისყოფაზე. ჭეშმარიტების კლასიკური განსაზღვრება პირველად მოგვცა არისტოტელემ:[1]

ჭეშმარიტება, სიცრუე, შური
ვიკიციტატა
„ჭეშმარიტებას ამბობს ის, ვინც გათიშულს მიიჩნევს გათიშულად და დაკავშირებულს – დაკავშირებულად, ხოლო მცდარს ის, ვინც ფიქრობს სინამდვილის საპირისპიროდ.“

ჭეშმარიტებას ახასიათებს შეფარდებითობა და აბსოლუტურობა. შეფარდებითობა ნიშნავს, რომ ცოდნა მიახლოებით, პირობით ან გარკვეულ მიმართებაში ზუსტად ასახავს სინამდვილეს. აბსოლუტურობა ნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე და რომელიმე მიმართებით ცოდნა სრულად, ამომწურავად ასახავს საგანს. ჭეშმარიტი ცოდნა, რამდენადაც იგი შეფარდებითია, იცვლება, რასაც განაპირობებს ორი გარემოება: ან საგანი იცვლება, ან მის შესახებ ცოდნა ღრმავდება და კონკრეტდება. მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა იცვლება არა მთლიანად არამედ ნაწილობრივ: მისგან რაღაც უკუიგდება, რაღაც კი რჩება. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნა შეფარდებითია, მაგრამ შეიცავს აბსოლუტურობის მარცვლებს. იდეალისტურ ფილოსოფიაში არსებობდა ჭეშმარიტების ორი ერთმანეთის საპირისპირო — ობიექტურ-იდეალისტური და სუბიექტურ-იდეალისტური გაგება. პირველის თანახმად, ჭეშმარიტება არსებობს ობიექტურად, იგი იდეალურია. ეს არის ჭეშმარიტება თავისთავად, რომელიც საგნის გარკვეულობას, როგორობას წარმოადგენს (ედმუნდ ჰუსერლი).[1]

მეორის თანახმად, ჭეშმარიტება სუბიექტურია, ადამიანის ცნობიერების თავისებურებითაა განპირობებული, მაგრამ ამ თავისებურების კონკრეტული გაგება განსაზღვრავდა ჭეშმარიტების სუბიექტურ-იდეალისტური თვალსაზრისის სხვადასხვა ვარიანტს:

რენე დეკარტი:[1]

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც ცხადი და ნათელია“

იმანუელ კანტი:[1]

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც შეესაბამება ადამიანის ტრანსცენდენტური ცნობიერების სტრუქტურას“

მახიზმი:[1]

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც ეკონომიურია, მიღებულია ძალთა უმცირესი ხარჯვის შედეგად“

კონვენციონალიზმი:[1]

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტება არის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული დებულება, რომლის მიღება ხელსაყრელია“

პრაგმატიზმი:[1]

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტება არის იდეა, რომელიც სასარგებლოა“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ერქომაიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391-392.