წმინდა ლუსიას დღე (შვედ. Lucia; ფინ. Lucian päivä) — დღე, რომელსაც სკანდინავიის ქვეყნები 13 დეკემბერს დღესასწაულობენ. გარდა ამისა, წმინდა ლუსიას დღე აღინიშნება კუნძულ სიცილიაზეც.

წმინდა ლუსიას ქანდაკება ბოსტონში

ისტორია რედაქტირება

სავარაუდებელია, რომ დღესასწაული სიცილიელ მოწამე ლუსიას უკავშირდება, რომელსაც ჯერ თვალის სინათლე წარსტაცეს, შემდეგ კი მოაკვდინეს ქრისტეს რწმენის გამო. თუმცა არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმად, შუა საუკუნეებში ცხოვრობდა ვინმე ლუსია, რომელიც ცოლად შვედ მეთევზეს ჰყავდა. ერთხელ მეთევზე ზღვაში გასულა და სწორედ იმ დროს ამოვარდნილა თოვლბუქი. უწმინდური ძალა თურმე მიწაზე დათარეშობდა იმ ღამეს და შუქურაც ჩაუქვრია, ამიტომ ლუსია ჩიქაღდნით ხელში გასულა სანაპიროზე, რათა საყვარელი ქმრისთვის ნავმისადგომამდე გზა მიენიშნებინა. ამ საქციელით ქალს ეშმაკები გაუღიზიანებია, ისინი ლუსიას თავს დასხმიან და თავი მოუკვეთავთ. ლუსიას სიკვდილის შემდეგაც კი მისი ლანდი კლდეზე ჩირაღდნით ხელში იდგა თურმე.

პატარა გოგონების ლუსიად გამოწყობის ჩვეულება გერმანიიდან შევიდა. გერმანიაში XVI—XVII საუკუნეებში, როდესაც წმინდანების, განსაკუთრებით კი წმინდა ნიკოლოზის კულტი იკრძალებოდა, შობაზე იდეა გაჩნდა, კეთილი მოხუცი ყრმა იესოთი შეეცვალათ, რომელსაც თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა განასახიერებდა. ეს ტრადიცია გერმანიაში არ შენარჩუნდა, მაგრამ შვედეთში კი შეაღწია. XVIII—XIX საუკუნეებში ეს ჩვეულება შობამდე, 13დეკემბერს იქნა გადატანილი, ხოლო დღესასწაულის მთავარ გმირად იესო კი არა, ლუსია იქცა. 1927 წელს ლუსიას პირველი მსვლელობა გაიმართა დედაქალაქ სტოკჰოლმში.

დღესდღეობით რედაქტირება

 
ზაფრანიანი ფუნთუშები

წმინდა ლუსიას დღის აღნიშვნის ჩვეულება თითქმის არ შეცვლილა. სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში წმინდა ლუსიის ასარჩევად ცერემონია იმართება, შემდეგ კი კორონაცია ხდება. მას თეთრ კაბას აცმევენ, თავზე კი ანთებული სანთლებით შემკულ გვირგვინს ადგამენ, რის შემდეგაც საკარნავალოდ მორთულ-მოკაზმული ბავშვების მსვლელობა იწყება. შვედური კორონაცია ეროვნულ მუზეუმ სკანსენში ტარდება, ფინური კი ჰელსინკის მთავარ ტაძარში. „ზეიმის დედოფალი“ სიმბოლურადაა გამოწყობილი: თეთრი კაბა უბიწობასა და სისპეტაკეს განასახიერებს, წითელი ქამარი, რომელიც წელზე აქვს შემოვლებული — მოწამებრივ სიკვდილს, გვირგვინი — ნიმბს, სიწმინდის სიმბოლოს, ანთებული სანთლები კი — სინათლეს.

სკოლები საკუთარ ლუსიას ირჩევენ და ტრადიციულ საგალობლებს გალობენ. ზეიმობენ ოჯახებშიც, სადაც ლუსიას როლი, როგორც წესი, უმცროს ქალიშვილს ერგება ხოლმე, რომელიც მშობლებსა და დედმამიშვილებს უმასპინძლდება ტრადიციული ზაფრანიანი ფუნთუშებითა და ყავით. ამის მერე სიმღერით აღვიძებენ ყველას, ვინც ლუსიას ჯერ არ შეგებებია. ეს მძინარე პიროვნება, როგორც წესი, ოჯახის მამა უნდა იყოს.

სადღესასწაულო სუფრა რედაქტირება

გამორჩეული კერძი — ზაფრანიანი ფუნთუშებია, რომელთაც რვიანის ფორმა აქვთ და სპირალისებული კიდეები ამშვენებს. ფუნთუშებს ყავას, გლინტვეინსა და ლუდსაც კი აყოლებენ. ზოგიერთი იულმუსსაც მიირთმევს, რაც ქართული ბურახის ანალოგია. [5]

ზეიმი ყოველთვის ლუსიასადმი მიძღვნილი სიმღერებით არის გაფორმებული. ყველაზე ცნობილი სიმღერაა „სანტა ლუსია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება