წინაზრდილი, პროთალიუმი (ლათ. Prothallium) — გვიმრების, შვიტების, ლიკოპოდიუმებისა და სელაგინელების სქესიანი თაობა. ვითარდება სპორიდან.

მასზე წარმოიქმნება სასქესო ორგანოები (მამრობითი — ანთრედიუმი და მდედრობითი — არქეგონიუმი). განაყოფიერების შემდეგ წინაზრდილზე ვითარდება სპოროფიტი (უსქესო თაობა), რომელზედაც წარმოიქმნება სპორები — უსქესო გამრავლების უჯრედები. ამგვარი ორგანიზმების განვითარების ციკლში სქესიანი თაობა (წინაზრდილი) მონაცვლეობს — სპოროფიტთან. წინაზრდილი მცირე ზომისაა (რამდენიმე მილიმეტრიდან 5 სმ-მდე). ფორმით მთლიანი ან დანაწევრებული ფირფიტაა, ზოგჯერ ძაფი ან პატარა გორგალია და მარტივი ანატომიის აგებულება აქვს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ ძალიან მცირეა, თუმცა ლიკოპოდიუმის წინაზრდილი 15-20 წელს ცოცხლობს.

ტოლსპორიანი უმაღლესი მცენარეების (გვიმრები, შვიტები და ლიკოპოდიუმები) წინაზრდილი იზრდება ნიადაგის ზედაპირზე ან ნიადაგში. წინაზრდილი იკვებება ავტოტროფულად ან ჰეტეროტროფულად. ამ მცენარეების წინაზრდილი ორსქესიანი ან ცალსქესიანია, ხოლო განსხვავებულსპორიანი უმაღლესი მცენარეებისა (წყლის გვიმრები, სელაგინელები) — ცალსქესიანი. მამრობითი წინაზრდილი ძლიერ რედუცირებულია. მდედრობითი წინაზრდილი პატარა მწვანე ფირფიტაა. თესლოვანი მცენარეების წინაზრდილი კიდევ უფრო რედუცირებულია. მათ აქვთ წინაზრდილის ჰომოლოგიური წარმონაქმნები: ენდოსპერმი შიშველთესლოვნებში და მომწიფებული ჩანასახის პარკი ფარულთესლოვნებში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება