ძმები კარამაზოვები

ფიოდორ დოსტოევსკის რომანი

„ძმები კარამაზოვები“ (რუს. Братья Карамазовы, /'bratʲjə karə'mazəvɨ/) — რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის ბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. ის სერიულად იბეჭდებოდა „რუსეთის მაცნეში“ 1880 წლის ნოემბრამდე. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.

„ძმები კარამაზოვები“
Братья Карамазовы

რომანის პირველი გამოცემის თავფურცელი
ავტორი ფიოდორ დოსტოევსკი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
ჟანრი სასპენსი, ფილოსოფიური
გამომცემელი The Russian Messenger
გამოცემის თარიღი ნოემბერი, 1880
წინამორბედი The Dream of a Ridiculous Man

დაახლოებით 800 გვერდიანი „ძმები კარამაზოვები“ დოსტოევსკის ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია. მან მრავალი როგორც კრიტიკული, ისე დადებითი შეფასება მიიღო და ხშირად მოხსენიებულია მწერლის Magnum opus-ად.[1] 12 წიგნისგან შემდგარი „ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის. წიგნის პირველ ნაწილში ხდება კარამაზოვების გაცნობა. მთავარი სიუჟეტია მათი მამის, ფიოდორის სიკვდილი, დანარჩენი კი ეძღვნება მამა ზოსიმესა და ალიოშას ფილოსოფიურ და რელიგიურ კამათებს.[2][3]

რომანის ყველაზე სახელგანთქმული თავია „დიდი ინკვიზიტორი“ — პარაბოლა, რომელსაც ივანი ალიოშას უყვება და ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას ესპანეთის ქალაქ სევილიაში, სადაც ის დააპატიმრა 90 წლის მოხუცმა, ფსევდო-რელიგიურმა კათოლიკე დიდმა ინკვიზიტორმა. თავის მართლების ნაცვლად, ქრისტე მას კოცნის, რის შემდეგაც ინკვიზიტორი მას ათავისუფლებს, მაგრამ სთხოვს უკან აღარ დაბრუნდეს. აღწერილი ამბავი ინკვიზიტორის ქმედებათა გასამართლებლად ზოგიერთებმა არასწორად გაიგეს, ზოგნიც, მაგალითად კათოლიკე მღვდელი რომანო გვარდინი ირწმუნებოდა, რომ ამ წიგნში ქრისტე ივანის საკუთარი ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი, როგორც „ურწმუნოების იდეალისტური ნაყოფი“. მით უმეტეს, ივანი მტკიცედ აცხადებს, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეა. თანამედროვე კრიტიკოსთა და სწავლულთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ამ ნაწარმოებით დოსტოევსკი თავს ესხმის კათოლიციზმსა და სოციალისტურ ათეიზმს, რომლებიც წარმოდგენილია ინკვიზიტორის სახით. რომანით იგი მკითხველს აფრთხილებს იმ საშინელი სამომავლო აპოკალიფსის შესახებ, რომელიც წარსულში უკვე მოხდა. დოსტოევსკის შეხედულებით, რომის პაპ პიპინის 750 წლის აქტი და XVI საუკუნის ესპანეთის ინკვიზიცია ამახინჯებს ჭეშმარიტ ქრისტიანობას.[4][2][3]

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე რომანის შესახებ აღნიშნავს: „არაერთხელ უთქვამთ, ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დაუმთავრებელი დარჩა. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.[5]

ფონი რედაქტირება

 
ოპტინას მონასტერი XIX საუკუნის რუსეთის სულიერ ცენტრად მიიჩნეოდა და სწორედ აქ გატარებულმა პერიოდმა შთააგონა ფიოდორ დოსტოევსკი, რომანში არსებული მრავალი თემა სპირიტუალურ ჭრილში განეხილა.

მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკიმ ნაწარმოების პირველ ჩანაწერებზე მუშაობა ჯერ კიდევ 1878 წლის აპრილში დაიწყო, რომანში არსებული ზოგიერთი თემა და ელემენტი ავტორის 1869 წლის დაუსრულებელ ეპიკურ ნაწარმოებთან 一 დიდი ცოდვილის ცხოვრება 一 გვაბრუნებს.[6] ავტორის კიდევ ერთი არასრული ლიტერატურული პროექტი 一 დრამა ტობოლსკში 一 მიიჩნევა ძმები კარამაზოვების პირველი მონახაზის ერთ-ერთ შთაგონებად. ეს უკანასკნელი, რომელიც 1874 წლის 13 სექტემბრითაა დათარიღებული, მოგვითხრობს გამოგონილ მკვლელობაზე სტარაია-რუსაში, რომელშიც ეჭვმიტანილი პრაპორშჩიკი დიმიტრი ილინიოვსკია (რომელიც დაფუძნებულია ომსკელ ჯარისკაცზე), რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. იქვე ნათქვამია, რომ მისი ცხედარი, მოულოდნელად, სახლის სარდაფში აღმოაჩინეს.[7] ანალოგიურად, ავტორის დაუმთავრებელ სხვა ნაწეარმოებში 一 სოროკოვინი 一 არსებული პასაჟები ასახულია ძმები კარამაზოვების IX და XI ტომებში.[8] 1877 წლის ოქტომბერში გამოცემულ სტატიაში, რომელიც, ერთგვარად, მის ორწლიან დღიურს წარმოადგენდა, ფიოდორ დოსტოევსკი მიმართავს მკითხველს და ახსენებს „ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც შეუმჩნევლად და უნებურად ყალიბდებოდა დღიურის შექმნის პარალელურად“. თავად დღიურის სახელწოდება იყო მწერლის დღიურები, რომელშიც შევხვდებოდით უამრავ ისეთ თემასა და საკითხს, რომელსაც შემდგომში უფრო დიდი ადგილი ეთმობა თავად რომანში. მსგავსი თემებია პატრიციდი, კანონი და წესრიგი, სხვადასხვა სოციალური პრობლემები და ა.შ.[9]

თუმცა, ძმები კარამაზოვების წერის პროცესი თავად ავტორის პირადმა ტრაგედიამ შეაფერხა: 1878 წლის მაისში დოსტოევსკის სამი წლის ვაჟი, ალიოშა ეპილეფსიას ემსხვერპლა 一 მდგომარეობა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო.[10] შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრაგედიით გამოწვეულმა დარტყმამ შეაძლებინა ავტორს, უფრო ინტენსიურად გადმოეცა ნაწარმოებში საკუთარი სათქმელი. მართლაც, ეს იმითაც აიხსნება, რომ, ერთი ვერსიით, სწორედ საკუთარი შვილის პატივსაცემად დაარქვა სახელი ამ დაუსრულებელი რომანის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურას 一 ალიოშა კარამაზოვს და დაასაჩუქრა სწორედ იმ თვისებებით, რომლებიც მას ყველაზე მეტად ახასიათებდა. ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი, ასევე, ისახება კაპიტან სნეგირიოვისა და მისი შვილის, ილიუშას ისტორიაშიც 一 სიუჟეტის ბოლოს კაპიტანი, ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვის პროტოტიპის, ფიოდორ დოსტოევკის მსგავსად, კარგავს საკუთარ ძვირფას შვილს.

სწორედ მისი მცირეწლოვანი ვაჟის სიკვდილმა გადააწყვეტინა დოსტოევსკის, იმავე წელს ოპტინას მონასტერში წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის სურდა, კვლავ საკუთარი ტრაგედიით დამწუხრებულს, შეეთხზა რომანი ბავშვობაზე, მან აქ ძმები კარამაზოვებში არსებული მრავალი ასპექტის შთაგონება მიიღო, მათ შორის მამა ზოსიმეს სახე და წიგნში ნახსენები ბიოგრაფიული მონაცემები მან ოპტინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი წერილის წაკითხვის შემდეგ განავრცო.[11]

სიუჟეტი რედაქტირება

მოქმედება 1870-იან წლებში, რუსეთის პროვინციულ ქალაქ სკოტოპრიგონიევსკში ვითარდება. მონასტერში, ცნობილი მოღვაწისა და მკურნალი ბერის, მამა ზოსიმეს სავანეში, თავი მოეყარათ კარამაზოვებს 一 მამა, ფიოდორ პავლოვიჩს და შვილებს: უფროს დიმიტრის და შუათანა ივანეს. შეკრების მიზეზი ოჯახის ქონების გაყოფა იყო. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმცროსი ძმა ალიოშა (იგი მამა ზოსიმეს მორჩილი იყო), ბატონი მიუსოვი, კარამაზოვების ნათეასავი (მდიდარი მემამულე და ლიბერალი), სემინარისტი რაკიტინი და რამდენიმე სასულიერო პირი. დიმიტრი კარამაზოვი ფიოდორ პავლოვიჩს ქონებას ედავებოდა.

უფროსი ძმა თვლიდა, რომ მამას მისი დიდი თანხა მართებდა, თუმცა მსგავსი განცხადებისთვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა. ფიოდორ პავლოვიჩი კი აზნაური და წვრილი მემამულე იყო. მას ადრე ხშირად უცხოვრობდა სხვის ხარჯზე. ბუნებით ბოროტი და ბოღმიანი, სულაც არ აპირებდა შვილისთვის ფულის მიცემას. მამა ზოსიმეს სავანეში იგი, უფრო, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მოვიდა.

დიმიტრისა და ფიოდორ პავლოვიჩს შორის დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ ფული არ იყო. მამ შვილების მიმართ დიდი მზრუნველობით არასოდეს გამოირჩეოდა. მასაც და დიმიტრისაც თავდავიწყებით უყვარდათ ერთი ქალი 一 გრუშენკა. შვილმა იცოდა, რომ ავხორც ბერიკაცს სატრფოსთვის ფული ჰქონდა გადანახული და, თანხმობის შემთხვევაში, მზად იყო, ცოლადაც მოეყვანა.

ნაწარმოების თითქმის ყველა გმირმა მოიყარა თავი ამ შეხვედრაზე. ჟინიანი და ფიცხი დიმიტრი წინდაუხედავი იყო და ამას კიდევაც განიცდიდა. ივანეს, როგორც ჭკვიან და გულჩათხრობილ ადამიანს, ისე იცნობდნენ. მას ღმერთის არსებობისა და სულის უკვდავების შესახებ აწუხებდა კითხვები. მათ შორის ის, რომელიც წითელ ზოლად გასდევს მთელ ნაწარმოებს 一 ნებადართული იყო თუ არა ყველაფერი? თუკი არსებობს უკვდავება, მაშინ ადამიანს არ აქვს თავნებობის უფლება, ხოლო თუ კი ის არ არსებობს, ადამიანს შეუძლია იცხოვროს, როგორც მას მოესურვება 一 ასე მიაჩნდა ივანეს. ფიოდორ პავლოვიჩი კი ცინიკოსი იყო, ავხორცი და სკანდალისტი, კომედიანტი და ანგარებიანი ადამიანი. ის თავისი გარეგნობითა და ქცევით გარშემომყოფებისა და თვით საკუთარი შვილების თვალში ზიზღსა და პროტესტს იწვევდა. უმცროსი ძმა ალიოშა წმინდა სულის ადამიანი იყო. მას ყველაზე შესტკიოდა გული, განსაკუთრებით კი 一 ძმებზე.

ამ შეხვედრას, დავიდარაბის გარდა, რომელსაც სხვა უამრავი სკანდალი მოჰყვა, არაფერი მოუტანია. თუმცა ბრძენი და გამჭრიახი ბერი ზოსიმე მწვავედ განიცდიდა ყველას ტკივილს, მასთან შეკრებილი თითოეული ადამიანისთვის მაინც იპოვა სათქმელი: დიმიტრის წინაშე მუხლებზე დაეცა, ქედი მიწამდე მოუხარა, თითქოს წინასწარ გრძნობდა მის მომავალ ტანჯვას; ივანეს უპასუხა, რომ მისი ბედი ბოლომდე არ იყო გარკვეული და რომ უკეთესობისკენ თუ არ წაუვიდოდა საქმე, არც უარესობისაკენ შეიცვლებოდა და დალოცა იგი; ფიოდორ პავლოვიჩს კი აუხსნა, რომ მისი სულელური ქმედება საკუთარი თავის წინაშე სირცხვილით იყო გამოწვეული.

მამა ზოსიმე დაიღალა. იღუმენის მიწვევით სტუმრებმა სატრაპეზოში გადაინაცვლეს. მოულოდნელად მათ ფიოდორ პავლოვიჩიც შეუერთდა და სკანდალიც მოაწყო. იგი ბერებს ამხელდა და სხვადასხვა ცოდვაში სდებდა ბრალს. ამ აურზაურის შემდეგ დაიშალნენ და სახლებს მიაშურეს.

სტუმრების წასვლის შემდეგ ბერმა ზოსიმემ აკურთხა ალიოშა კარამაზოვი და ურჩია, ძმებს დასდგომოდა გვერდში. უმცროსმა ძმამ შეისმინა მოძღვრის დარიგება და შინისკენ გასწია. ფიოდორ პავლოვიჩის მამულის მეზობლად იგი შემთხვევით უფროს ძმას შეხვდა. დიმიტრი დადარაჯებული უცდიდა. ელოდა, როდის გამოჩნდებოდა გრუშენკა. აინტერესებდა, აცდუნებდა თუ არა ქალს ფული. აქ, ძველ ფანჩატურში, მან გული გადაუშალა უმცროს ძმას. არ დაუმალა, რომ დროდადრო გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გრძნობდა ღმერთთან სიახლოვესა და სიცოცხლის სიტკბოებას. დიმიტრი, ისევე როგორც ყველა კარამაზოვი, თავს ავხორც არსებად მიიჩნევდა. ავხორცობას კი დიდი ძალა ჰქონდა. დიმიტრის ისეთი განცდა დაეუფლებოდა, თითქოს მასში ერთდროულად თანაცხოვრობდნენ ღვთისმშობლის სიწმინდე და სოდომის ცოდვა. სილამაზეს იგი საშიშ მოვლენად მიიჩნევდა, რომლის გამო ღმერთი და ეშმაკი მუდამ ებრძოდნენ ერთმანეთს, ხოლო მათი ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულები იყო. უფროსმა ძმამ ალიოშას კატერინა ივანოვასთან ურთიერთობის შესახებაც მოუყვა. ოდესღაც ამ კეთილშობილი ქალიშვილის მამას ფული დასჭირდა, რათა დანაკლისი შეევსო. დიმიტრიმ დახმარება აღუთქვა, მაგრამ სანაცვლოდ პირობა წაუყენა 一 თანხის წასაღებად მისი ქალიშვილი უნდა მოსულიყო. ქალი მორჩილად ეახლა დიმიტრის. იგი მზად იყო კაცის ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა, მაგრამ დიმიტრი კეთილშობილად მოიქცა 一 კატერინა ივანოვნას ფული მისცა და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. ამის შემდეგ ისინი საცოლედ და საქმროდ ითვლებოდნენ. მაგრამ დიმიტრი გრუშენკათი იყო გატაცებული, რომელთან ერთადაც სოფელ მოკროეში ის სამი ათასი რუბლიც დახარჯა, რომელიც კატერინა ივანოვნამ თავის დასთან მოსკოვში გასაგზავნად მიაბარა. დიმიტრი ამას თავის მთავარ სირცხვილად თვლიდა და როგორც პატიოსანი ადამიანი, აპირებდა პატრონისთვის მთელი თანხის დაბრუნებას. თუკი გრუშენკა მივიდოდა მამამისთან, დიმიტრის განზრახული ჰქონდა შევარდნილიყო სახლში და ხელი შეეშალა მათთვის; მეტიც... იგი მოკლავდა ავხორც მოხუცს, რომელიც საშინლად სძულდა. უფროსმა ძმამ სთხოვა უმცროსს, წასულიყო კატერინა ივანოვნასთან, გადაეცა მისი გულითადი მოკითხვა და ეცნობებინა, რომ დიმიტრი აღარასოდეს დაუბრუნდებოდა მას.

მამისეულ სახლში ალიოშა ფიოდორ პავლოვიჩს და შუათანა ძმას, ივანეეს შეხვდა. ისინი კონიაკს სვამდნენ და ლაქია სმერდიაკოვთან საუბრით იქცევდნენ თავს, რომელზეც, სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ეს უკანასკნელი ქუჩის ქალის, ლიზავეტას და ფიოდორ პავლოვიჩის შვილიაო. ცოტა ხნის შემდეგ სახლში დიმიტრი შევარდა. მოეჩვენა, რომ გრუშენკა მამამისს ესტუმრა. წონასწორობადაკარგულმა ფიოდორ პავლოვიჩი სცემა, თუმცა როდესაც დარწმუნდა, რომ შეცდა, გაიქცა. ალიოშა კი კატერინა ივანოვნასთან გაემართა. იქ კი, თავისდა მოულოდნელად, გრუშენკას გადაეყარა. კატერინა ივანოვნა მშვიდად და ალერსიანად ესაუბრუბოდა თავის მეტოქეს. ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ მასზე ცუდს არ ფიქრობდა. სტუმარიც დათაფლულად პასუხობდა, მაგრამ შეხვედრა მაინც სკანდალით დამთავრდა. გამომშვიდობებისას სტუმარმა ხელზე ამბორი დაუპირა მასპინძელს, თითქოსდა ღრმა პატივისცემის გამოსახატავად, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა. კატერინა ივანოვნამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და სტუმარს რისხვა დაატეხა.

ალიოშამ ის ღამე მონასტერში გაათია. დილით ისევ ამქვეყნიური საქმეების მოსაგვარებლად გაემართა. ჯერ მამასთან მივიდა. აქ მორიგი აღსარება მოისმინა. ამჯერად ფიოდორ პავლოვიჩმა გული გადაუშალა. თავის უფროს ვაჟიშვილებზე იყო ნაწყენი. იგი ალიოშას უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ფული თვითონ სჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს მამაკაცი იყო და უახლოესი ოცი წლის მანძილზე ფარ-ხმლის დაყრას არც ფიქრობდა. მას სურდა თავისი ცოდვიანი ცხოვრება ბოლომდე გაეტანა და არც გრუშენკას დათმობას აპირებდადიმიტრისთვის. საუბრისას ივანესაც გადასწვდა. მან ალიოშას ამცნო, რომ შუათანა ძმა დიმიტრის საცოლეს ეცილებოდა. ივანეს კატერინა ივანოვნა უყვარდა.

ალიოშას, მამისგან წამოსულს, გზად მოსწავლეები შეხვდნენ,. ისინი პატარა ბიჭს ქვებს ესროდნენ. ალიოშას შეეცოდა ბიჭუნა. მიუახლოვდა, მაგრამ პატარამ ჯერ ქვა ესროლა, შემდეგ თითზე მწარედ უკბინა. ეს ბიჭი შტაბსკაპიტან სნეგირიოვის შვილი აღმოჩნდა. ეს ის ადამიანი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინათ დიმიტრი კარამაზოვმა დუქნიდან წვერით გამოათრია და სცემა. მიზეზი კი შტაბს-კაპიტნის ფიოდორ პავლოვიჩთან და გრუშენკასთან ურთიერთობა იყო. სნეგერიოვს ხელთ მათი რაღაც თამასუქები ეპყრა.

ხოხლაკოვას სახლში ალიოშა ივანესა და კატერინა ივანოვნას გადაეყარა. მას ისევ მოუწია მონოლოგის მოსმენა. კატერინა ივანოვნა მგზნებარედ უმტკიცებდა, რომ დიმიტრის ერთგული იქნებოდა და გააბედნიერებდა მას. ქალს აინტერესებდა, რას ფიქრობდა ალიოშა ამაზე. უმცროსმა კარამაზოვმა გულახდილად უპასუხა, რომ კატერინას არ უყვარდა მისი უფროსი ძმა. ამ დროს ივანემ განაცხადა, რომ იგი დიდი ხნით აპირებდა მშობლიური ქალაქიდან წასვლას. მას არ სურდა, ამ ფარსის მოწმე გამხდარიყო. ის მიჩნევდა, რომ კატერინა დიმიტრი სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ მუდმივად ჰქონოდა საშუალება, საკუთარი ერთგულება ემტკიცებინა და ორგულობისთვის გაეკიცხა მომავალი ქმარი.

ამ საუბრის შემდეგ ალიოშა შტაბს-კაპიტან სნეგირიოვთან წავიდა. კატერინა ივანოვნამ მასთან ორასი რუბლი გაატანა, როგორც დიმიტრის გამო დაზარალებულთან. კაპიტანი დიდი ოჯახის პატრონი იყო და უკიდურესად უჭირდა. ალიოშასთან საუბარში იგი ჯერ თავს ისულელებდა, ბოლოს კი გრძნობებს აჰყვა და გულახდილი საუბარი წამოიწყო. სნეგირიოვმა აიღო ფული და წარმოიდგინა, ამ ორასი რუბლით რამდენიმე რამის განხორციელებას შეძლებდა.

შტაბს-კაპიტნისგან წამოსული ალიოშა ისევ ქალბატონ ხოხლაკოვასთან მიბრუნდა და მის ქალიშვილ ლიზას ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილი გაუგზავნა. ლიზა სიყვარულში გამოუტყდა ალიოშას და ცოლად შერთვას სთხოვდა. ქალს რაღაც უცნაური განცდები დაუფლებოდა. სურვილი ჰქონდა, დატანჯულიყო 一 ვინმეს ეთხოვა ცოლად და მერე მიეტოვებინა. ლიზამ ჯვარცმული ბავშვის წამების სცენა აღწერა. მისი წარმოსახვით, ეს თავად ჩაიდინა. ხოხლაკოვას ქალიშვილს ივანე კარამაზოვი „ეშმაკისეულს“ ეძახდა.

ალიოშა ტრაქტირში წავიდა. იქ მას შუათანა ძმა ეგულებოდა. აქ რომანის ერთ-ერთი საკვანძო სცენა ვითარდება. ეს არის ორი „რუსი ბიჭის“ შეხვედრა. როდესაც ისინი ერთად არიან, ყოველთვის მარადიულ თემებზე საუბრობენ. მათი განსჯის საგანი ღმერთი და უკვდავებაა.

ივანემ თავისი საიდუმლო გაამჟღავნა და უპასუხა ალიოშასთვის მეტად საინტერესო კითხვას: „ვისი ან რისი გწამს?“

ივანეს ყველა კარამაზოვისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის წყურვილი მძაფრად შეეგრძნო. იგი ცხოვრებით ტკბებოდა, ახარებდა უმნიშვნლო წვრილმანებიც კი, უყვარდა გაზაფხულზე ახლად გაშლილი, ნორჩი ფოთლები. მას გული ღმერთისთვის ჩაერაზა, მაგრამ ეთაყვანებოდა უზენაესის მიერ შექმნილ სამყაროს, რომელიც აღუწერელი ტანჯვით იყო აღსავსე. იგი უარს ამბობს ჰარმონიაზე, რომელიც, მისი აზრით, ბავშვის ცრემლებზე იყო აღმოცენებული. ივანემ ალიოშას უამბო ადამიანური სისასტიკისა და ტანჯვის შესახებ. მან საუბარში თავისი პოემა „დიდი ინკვიზიტორიც“ ახსენა. მასში მოქმედება მე-16 საუკუნეში, ესპანეთის ქალაქ სევილიაში ვითარდება. პოემაში ოთხმოცდაათი წლის კარდინალი ზეციდან მიწაზე ჩამოსულ ქრისტეს ატყვევებს და ამავე ღამეს ტუსაღს კაცობრიობაზე თავის შეხედულებას უზიარებს. იგი თვლის, რომ მაცხოვარმა ადამის მოდგმა გააიდეალა, თუმცა ადამიანები არ იმსახურებდნენ თავისუფლებას. კარდინალს მიაჩნდა, რომ კაცისთვის სატანჯველია არჩევნის გაკეთება კეთილსა და ბოროტს შორის. დიდ ინკვიზიტორს და მის თანამოაზრეებს განზრახული ჰქონდათ, გამოესწორებინათ ქრისტეს საქმეები 一 დაეთრგუნათ თავისუფლება, კაცობრიობა თვინიერ ნახირად გადაექციათ და ამით ადამიანური ბედნიერებისთვის მიეღწიათ. ისინი თავს უფლებას აძლევდნენ, ადამიანების ბედით ეთამაშათ. ინკვიზიტორი ქრისტეს პასუხს ელოდება, მაცხოვარმა კი არაფერი უპასუხა და მხოლოდ ეამბორა.  

ალიოშასთან გამომშვიდობების შემდეგ სახლისაკენ მიმავალ ივანეს სმერდიაკოვი შეხვდა. ლაქიამ მას სოფელ ჩერემაშნიაში გამგზავრება ურჩია. აქ მამამისი ჭალას ჰყიდდა. მან გადაკვრით უთხრა თანამოსაუბრეს, რომ შვილის არყოფნისას ფიოდორ პავლოვიჩს შეიძლება რაიმე მოსვლოდა. ივანე გაბრაზდა სმერდიაკოვის თავხედობის გამო, ტუმცა ლაქიას სიტყვები გულზე მწარედ მოხვდა. იგი ხვდებოდა, რომ მის გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. მართლაც, გაემგზავრა ქალაქიდან, მაგრამ გზაში აზრი შეიცვალა და სოფელ ჩერემაშნიას ნაცვლად მოსკოვისკენ აიღო გეზი.

ამ დროს ბერი ზოსიმე გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ყველა საოცრების მოლოდინში იყო, მაგრამ როდესაც გვამმა ხრწნა დაიწყო, მოლოდინი მთრთოლვარება ბრაზმა შეცვალა. ალიოშაც შეშფოთდა. ამ განწყობით წამოვიდა მონასტრიდან. მას თან სემინარისტი-ათეისტი რაკიტინი ახლდა. ეს ადამიანი ინტრიგანი და მოშურნე იყო. მან ალიოშა გრუშენკას სახლში მიიყვანა. დიასახლისი რაღაც ამბის მოლოდინში იყო და ღელავდა. ალიოშას გამოჩენამ გაახარა. თავიდან კეკლუცობა დაიწყო, მუხლებზე ჩამოუსკუპდა სტუმარს, მაგრამ როგორც კი ბერი ზოსიმეს გარდაცვალება შეიტყო, შეიცვალა. ალიოშას თბილმა საუბარმა ქალს გული მოულბო. მან თავისი სადარდელი გაუმჟღავნა უმცროს კარამაზოვს. იგი ცნობას ელოდა თავისი ყოფილი კავალერისგან, რომოდესმე შურს იძიებდა. ახლა კი მზად იყო ამ კაცის წინაშე თავი დაემცირებინა, ძაღლივით გაწოლილიყო მის ფეხებთან. და მართლაც, როგორც კი გრუშენკამ შეიტყო, რომ მისი „ყოფილი“ მოსკოვში იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ გაემგზავრა მასთან.

დამშვიდებული ალიოშა მონასტერში დაბრუნდა. იგი ზოსიმეს კუბოსთან ლოცულობდა. უსმენდა, როგორ კითხულობდა სახარებას ერთ-ერთი ბერი და ნახევრად მთვლემარეს თვალწინ წარმოუდგა, როგორ შეაქო ერთხელ მამა ზოსიმემ გრუშენკას გამო. ალიოშას გული სიხარულითა და სიამაყით აივსო. ფიქრებიდან რომ გამოირკვა, გარეთ გამოვიდა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცისა და მოოქროვილი გუმბათების დანახვამ აღაფრთოვანა და მიწაზე დაემხო. განერთხა და კოცნიდა მას. შეიგრძნო, მისი სული იმიერ სამყაროს როგორ ეზიარა. სურვილი გაუჩნდა, ყველასთვის ყველაფერი ეპატიებინა და თავადაც ეთხოვა პატიება. აქამდე განუცდელი სიმტკიცე ჩაუსახლდასულში და გარდასახა იგი.

ამ დროს გრუშენკას გამო მამისადმი ეჭვით შეპყრობილი დიმიტრი კარამაზოვი იმას ფიქრობდა, ფული სად ეშოვა. ადგილს ვერ პოულობდა. სურვილი ჰქონდა, თავისი გულისსწორი წაეყვანა სადმე და დაეწყოთ ახალი, პატიოსანი ცხოვრება. ფული კი კატერინა ივანოვნასთვის ვალის დასაბრუნებლად სჭირდებოდა. დიმიტრი გრუშენკას მდიდარ ვაჭარ კუზმა სამსონოვთან მივიდა. სამი ათასი რუბლის სანაცვლოდ სოფელ ჩერმაშნიას მამულები შესთავაზა, რომელიც ეკუთვნოდა თუ არა მას, საეჭვო იყო. კუზმა სამსონოვმა დამცინავად ურჩია, ვაჭარ გორსტკინთან მისულიყო, რომელიც ფიოდორ პავლოვიჩისგან ამ მიწების შესყიდვას აპირებდა. დიმიტრის რჩევა ჭკუაში გაუჯდა. იგი გორსტკინთან მივიდა. ვაჭარს ეძინა. დიმიტრიმ მთელი ღამე უთია და გამთენიისას მასაც ჩაეძინა. გამოღვიძებულს ვაჭარი ისევ უგონოდ მთვრალი დახვდა. სასოწარკვეთილი დიმიტრი ხოხლაკოვასთან წავიდა, რათა ფული ესესხა, მასპინძელი კი შეეცადა, მისთვის ოქროს საბადოებზე წასვლა ჩაეგონებინა.

დიმიტრი მიხვდა, რომ დრო ტყუილად დახარჯა. შესაძლებელი იყო გრუშენკაც დაეკარგა. ქალი თავისთან რომ ვერ აღმოაჩინა, ფიოდორ პავლოვიჩის სახლისაკენ გაეშურა. ცდილობდა, შეუმჩნევლად შესულიყო. დაინახა, მამა მარტო იჯდა და რაღაცას ელოდებოდა, მაგრამ დიმიტრის ეჭვი მაინც უღრღნიდა გულს. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, ისე, როგორც ეს სმერდიაკოვმა ასწავლა. ეს ნიშანი უნდა ყოფილიყო გრუშენკასათვის. როდესაც დარწმუნდა, რომ მისი საყვარელი ქალი იქ არ იყო, წასვლა გადაწყვიტა. ამ დროს სახლიდან გამოსულმა ფიოდორ პავლოვიჩის კამერდინერმა გრიგორიმ შეამჩნია, გამოეკიდა და მაშინ დაეწია, ღობეზე გადაძვრომას რომ აპირებდა. დიმიტრიმ გრიგორის სახლიდან განგებ წამოღებული ფილთაქვა ჩაარტყა. გრიგორი დაეცა. დიმიტრი ღობიდან ჩამოხტა. უნდოდა ენახა, კამერდინერი ცოცხალი იყო თუ არა. თავიდან ცვირსახოცით მოსწმინდა სისხლი. მერე ისევ გაიქცა. გრუშენკას სახლში დაბრუნდა და მოახლე ქალი აიძულა, სიმართლე ეთქვა. დიმიტრის შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ასრუბლიანების შეკვრა და მაშინვე მოხელე პერხოტინთან გაემართა, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ ათ რუბლად იარაღები დააგირავა. უნდოდა, უკან გამოესყიდა ისინი. იგი შეეცადა, თავი მოეწესრიგებინა, მაგრამ ტანსაცმელზე და ხელებზე შერჩენილმა სისხლმა და ასევე უცნაურმა საუბარმა ეჭვები აღუძრა პერხოტინს. მეზობელ დუქანში დიმიტრიმ შამპანური და საჭმელი შეუკვეთა და მოითხოვა მოკროეში მიეტანათ. შეკვეთად თვითონ აღარ ელოდა და გაემგზავრა.

დიმიტრიმ გრუშენკა ფუნდუკში აღმოაჩინა. აქვე იყვნენ სხვებიც: ორი პოლონელი, ერთი სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კალგანოვი და მემამულე მაქსიმოვი, რომელიც თავისი ხუმრობებით ართობდა ყველას. გრუშენკას ჯერ შეეშინდა დიმიტრის დანახვის, შემდეგ კი გაუხარდა. კარამაზოვი დაფრთხა. იქ მყოფებს ელაქუცებოდა, მაგრამ საუბარი არ გამოუვიდა. შემდეგ ბანქოს თამაში დაიწყეს. დიმიტრი აგებდათამაშის დროს, მან გრუშენკას ყოფილ კავალერს ფული შესთავაზა, იმ პირობით, რომ ქალს თავს დაანებებდა. უცებ აყალმაყალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ პოლონელებს ბანქოს ქაღალდები შეეცვალათ და თამაშის დროს იტყუებოდნენ. ისინი დაიჭირეს და ოთახში გამოკეტეს. ამის შემდეგ მონადიმეები ეშხში შევიდნენ, სიმღერა და ცეკვა არ წყდებოდა... შეზარხოშებული გრუშენკა უცებ მიხვდა, რომ მხოლოდ დიმიტრი უყვარდა და მისი ბედი სამარადჟამოდ ამ ადამიანს უკავშირდებოდა.

მოგვიანებით მოკროეში „ისპრავნიკი“(სამაზრო პოლიციის უფროსი), გამომძიებელი და პროკურორი ჩავიდნენ. მათ დიმიტრის მამის მკვლელობაში დასდეს ბრალი. კარამაზოვი გაოგნდა 一 მის სინდისზე მხოლოდ მსახურის, გრიგორის სისხლი იყო. როდესაც შეიტყო, რომ მსახური ცოცხალი გადარჩა, გახალისდა. აქვე აღსანიშნავია, რომ დიმიტრის კატერინა ივანოვნას ფული მთლიანად არ ჰქონდა დახარჯული. დარჩენილი თანხა ნაჭრის ტომსიკაში ჩაუდია და გულზე დაუკიდია. ეს იყო მისი „დიდი საიდუმლო“ და, ამავე დროს, სირცხვილიც, რადგან, ბუნებით რომანტიკოსმა, ერთგვარი წინდახედულობა და ანგარიშიანობაც კი გამოიჩინა. სწორედ ამის აღიარება გაუჭირდა ყველაზე მეტად. გამომძიებლისთვის მისი სულიერი ტანჯვის გაგება შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც შეეხებოდა ფიოდორ პავლოვიჩის მკვლელობას, მთელი რიგი ფაქტები დიმიტრის წინააღმდეგ მეტყველებდა.

სიზმარში მიტიამ(დიმიტრიმ) დასუსტებული და ღონემიხდილი ქალი ნახა. ნისლში იდგა და ხელში ატირებული ბავშვი ეჭირა. დიმიტრის სურდა, ტირილის მიზეზი გაეგო. აინტერესებდა, რატომ არ აჭმევდნენ პატარას, რატომ იყო მოშიშვლებული სტეპი და რატომ არ მღეროდნენ მხიარულ სიმღერებს.

ჯერ რომ არ განეცადა, ისეთი ძალით იჩინა თავი გრძნობებმა დიმიტრის სულში. მას სურვილი გაუჩნდა, რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა და ახალი მიზნისა თუ ნათელი ნიშანსვეტისკენ წასულიყო.

მალევე გაირკვა, რომ ფიოდორ პავლოვიჩი ლაქია სმერდიაკოვმა მოკლა. იგი ყველას თავს აჩვენებდა, თითქოს ეპილეფსიით იყო ავად. სწორედ იმ დროს, როცა მოხუცი გრიგორი უგონოდ ეგდო, იგი თავის ბატონთან მივიდა. მოტყუებით გააღებინა კარი, თავში რამდენჯერმე დაარტყა პრესპაპიე. შემდეგ ის ავადსახსენებელი სამი ათასი რუბლი აიღო, რომლის ადგილსამყოფელი, პატრონის გარდა, მხოლოდ მან იცოდა. ახლა კი იგი უკვე ნამდვილად ავად იყო. სმერდიაკოვმა გულახდილად მოუყვა ყველაფერი მის სანახავად მოსულ ივან კარამაზოვს; იმ ადამიანს, რომელიც, ლაქიას აზრით, ამ დანაშაულის სულისჩამდგემლი იყო. სწორედ ივანეს მიერ წამოჭრილმა იდეამ, რომ ყველაფერი ნებადართულია, სმერდიაკოვზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ივანეს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ დანაშაული მისი უსიტყვო თანხმობითა და პასიური ხელშეწყობით მოხდა. იმდენად ძლიერი იყო სინდისის ქენჯნა, რომ ივანემ ვეღარ გაუძლო და ჭკუაზე შეიშალა. მას რუსი ჯენტლმენის სახით კუბოკრულ პანტალონებში გამოწყობილი ეშმაკი გამოეცხადა, რომელიც დამცინავად იმეორებდა მის აზრებს. შუათანა კარამაზოვი კი ცდილობდა ეშმაკისგან გაეგო, არსებობდა თუ არა ღმერთი. უკანასკნელად რომ ნახა, ივანე სმერდიაკოვს დაჰპირდა, რომ სასამართლოზე ყველაფერს აღიარებდა. ლაქია დაიბნა. მისთვის ივანე სულ სხვა ადამიანი იყო; ის სხვებს არ ჰგავდა. სმერდიაკოვმა ვერ აიტანა, როდესაც დაინახა, როგორ ჭოჭმანობდა კარამაზოვი, გადასცა სახლიდან აღებული ფული და მოგვიანებით თავი ჩამოიხრჩო.

კატერინა ივანოვნა და ივანე ფიოდოროვიჩი დიმიტრის ამერიკაში გაქცევის გეგმას აწყობდნენ. კატერინას ჯერ ვერ გადაეწყვიტა, როგორ გამოვიდოდა სასამართლოზე 一 გამამართლებელ ჩვენებას მისცემდა თუ ისეთ სიტყვას იტყოდა, რომ დაღუპავდა თავის ყოფილ საქმროს. ქიშპი მასა და გრუშენკას შორის ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

დიმიტრიმ შეხვედრისას ალიოშას უთხრა, რომ ერჩივნა დასჯილიყო და ტანჯვით განწმენდილიყო. სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით დაიწყო. დასაწყისში მიცემულმა ჩვენებებმა ნათელი ვერ მოჰფინა საქმის ვითარებას, მაგრამ მოვლენები უფრო დიმიტრის სასარგებლოდ ვითარდებოდა. ივან ფიოდოროვიჩის გამოსვლამ ყველა შეძრა. მან დიდი ხნის მერყეობის შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ მკვლელი სმერდიაკოვი იყო, ამის საბუთად კი ლაქიისგან მიღებული ფული წარუდგინა დამსწრეთ. დიახ, სმერდიაკოვმა მოკლა, მე კი ვასწავლე, როგორ გაეკეთებინა ეს, 一 მიმართა ივანემ სასამართლოს. მისი საუბარი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ბოდვას. იგი ყველას ადანაშაულებდა. ბოლოს ძალით გაიყვანეს, მაგრამ ახლა კატერინა ივანოვნას დაეწყო ისტერიკა. მან სასამართლოს „მათემატიკური“ მნიშვნელობის საბუთი წარუდგინა. ეს იყო დიმიტრისგან მკვლელობამდე მიღებული წერილი, რომელშიც შვილი მამის მოკვლით იმუქრებოდა. ეს ჩვენება გადამწყვეტი გამოდგა. კატერინა ივანოვნამ გაწირა დიმიტრი, რათა გადაერჩინა ივანე. მის გამოსვლას პროკურორისა და ადვოკატის სიტყვები მოჰყვა. ორივე ჭკვიანურად და ღრმად მსჯელობდა საქმეზე. მათ რუსული კარამაზოვშჩინის სურათი დახატეს და შორსმჭვრეტელურად გააანალიზეს დანაშაულის სოციალური და ფსიქოლოგიური მიზეზები. ისინი არწმუნებდნენ მსმენელთ, რომ გარემოებებს, შექმნილ ატმოსფეროს, საზოგადოებას, რომელშიც დიმიტრი ტრიალებდა და სულმდაბალ მამას, რომელიც ნებისმიერ მჩაგვრელზე უარესია, განა შეეძლოთ, დანაშაულისაკენ არ ებიძგათ ადამიანისთვის?!ორივე გამომსვლელმა დაასკვნა, რომ დიმიტრი არაპირდაპირი, მაგრამ მაინც მკვლელი იყო. კარამაზოვი დამნაშავედ სცნეს და გაასამართლეს.

სასამართლოს შემდეგ დიმიტრი ნერვული აშლილობით დაავადდა. კატერინა ივანოვნამ ინახულა იგი და საუბარში გამოუტყდა, რომ მისდამი სიყვარული მოუშუშებელ იარად დარჩენოდა გულში და... მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე სხვა კაცი უყვარდა, ხოლო დიმიტრის 一 სხვა ქალი, მაინც ვერასოდეს დაივიწყებდა მას და საპასუხოდ იმავეს მოითხოვდა. გრუშენკა და კატერინა ივანოვნა კი ბოლომდე მტრებად დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ კატერინამ თავს ძალა დაატანა და პატიება სთხოვა საკუთარ მეტოქეს.

რომანი ილიუშა სნეგერიოვის, კაპიტან სნეგერიოვის შვილის დაკრძალვით მთავრდება. ალიოშა კარამაზოვი საფლავთან შეკრებილ ბიჭებს მოუწოდებს, იყვნენ სიკეთის მთესველები, პატიოსნები, არასოდეს დაივიწყონ ერთმანეთი, არ შეეშინდეთ ცხოვრების და, ახსოვდეთ, რომ იგი მშვენიერია, როდესაც კარგსა და მართალ საქმეებს აკეთებ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Frank 2003, pp. 390–441.
  2. 2.0 2.1 Frank 1997, pp. 567–705.
  3. 3.0 3.1 Kjetsaa 1989, pp. 337–414.
  4. Müller 1982, pp. 91–103.
  5. ჰერმან ჰესეს წიგნები
  6. Lantz, pp. 240–42
  7. Complete Works, vol. 17, p. 427
  8. Complete Works, vol. 17, p. 430
  9. Lantz, pp. 40–41
  10. Frank (2003), pp. 383–84
  11. Figes, Orlando. 2002. Natasha's Dance, A Cultural History of Russia. New York: Picador. p. 325.