ძეგვის სამების დიდი ეკლესია

ძეგვის სამების დიდი ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 6,5 მ), აგებულია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით. დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. აღმოსავლეთით ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით გამოყოფილი ღრმა საკურთხეველია. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი (ორ ვიწრო თაროს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყე) კაპიტელებია. მათი ქვედა ნაწილი წინიდან გლუვია, ხოლო აფსიდის გვერდებზე მათ პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია, ხოლო სამხრეთით - ორი. საკურთხეველში სწორკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეულია, შუაში არდაბაგი აქვს. ეკლესიის დარბაზის გრძივ კედლებზე აფსიდის მხრებთან თითო კვადრატული არაღრმა სახატე ნიშია. სახატე ნიშებს რელიეფური კიდეები და თაღოვანი მოჩარჩოება აქვთ. ჩრდილოეთ კედელზე თაღოვან არეში გამოსახულია რელიეფური თვალი, ხოლო სამხრეთ კედელზე რელიეფური ჯვარი. დასავლეთ და გრძივ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელსაც შუაში გრძივ კედლებში ჩამაგრებული შეკიდული საბჯენი თაღი აქვს. ერთი თაღი დასავლეთის კედელთანაა. დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა, რომელზეც ხის კიბით ადიოდნენ.

ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. სარკმლებს ლილვებიანი თაღოვანი საპირეები აქეს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარცხნივ შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია კათალიკოსი ნიკოლოზ ამილახვარი, რომლის თაოსნობითაცაა აგებული ძეგვის სამების ეკლესია. ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყისგან. დასავლეთ ფრონტონზე შემორჩენილია აგურით ნაგები გვიანდელი ხანის პატარა სამრეკლოს ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება